თბილისის ზოოპარკი ახალი ბინადრების შესახებ იუწყება. ზოოპარკის ეგზოტერიუმში 13 მახრჩობელა დაიბადა. პატარა გველუკების შესახებ ინფორმაცია ფეისბუკში ვრცელდება:
"აბა ვნახოთ ახლა, რა გამოხმაურება მოჰყვება ჩვენს მორიგ სიახლეს. „ფუი გაწყდით ყველანი“ კომენტარი უფრო მეტი იქნება, თუ „უი თქვენ გენაცვლათ ციცქნებო“ smile emoticon
მაშ ასე, მიეგებეთ ჩვენს ახალშობილებს! ეგზოტარიუმში 13 ჩვეულებრივი მახრჩობელა შეგვეძინა. ახალშობილების კვალობაზე ძალიან მშვიდები არიან. არც ვინმეს დახრჩობაზე ფიქრობენ, არც ტირილით იკლებენ იქაურობას და არც ჭამას ითხოვენ ყოველ 3 საათში ერთხელ. პატარები დედისგან განცალკევებით იმყოფებიან. ქვეწარმავლებს დედობრივი ინსტინქტი არ გააჩნიათ, შესაბამისად დედა გველები შთამომავლობის მოვლით და გამოკვებით თავს არ იკლავენ. არც ძუძუკებზე ჰყავთ გრძელ-გრძელი შვილები ჩამოკონწიალებული (ძუძუკები არც აქვთ საერთოდ) და არც პირით ეზიდებიან საჭმელს. გაჩენისთანავე ტოვებენ მათ და წიწილები პირველი დღიდანვე თვითონ ზრუნავენ საკუთარ თავზე. 2-3 კვირა, სანამ კანს არ გამოიცვლიან, პატარა გველუკები არაფერს ჭამენ. ხოდა წვანან ასე. ლამაზები და მოხატულები. ხან გაიკვანძებიან, ხან გაიშლებიან, ხან გაიკვანძებიან, ხან გაიშლებიან... თან იმას არკვევენ, რომელი კუდი რომელ თავს ეკუთვნის და რომელ თავს რომელი კუდი აქვს გამობმული... მეტი რა საქმე აქვთ...
რამდენი გაბედავდით ამ ფუთფუთა, მოძრავ ყუთში ხელის ჩაყოფას?"
წყარო: http://newpost.ge/
|