9 ივნისიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო იწყებს თბილისში ბინადარი უსახლკარო/უპატრონო ძაღლების პასპორტიზაციის (რაოდენობის დადგენის) ღონისძიებების მომდევნო, პრაქტიკულ ეტაპს. დღეისთვის დასრულებულია პრაქტიკული ღონისძიებების მოსამზადებელი ეტაპი - განხორციელდა სააგენტოში არსებული სხვადასხვა მონაცემის (გამოძახებათა რაოდენობა, რეაგირების ფაქტების რაოდენობა, საყურადღებო მისამართები და სხვა) ანალიზი. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურისგან და გამგეობისგან მიღებულია წინასწარი მონაცემები ძაღლების რაოდენობის შესახებ და პასპორტიზაციის კონკრეტული ღონისძიებების ადგილები, მეთოდიკა და განრიგი უკვე დაიგეგმა. ძაღლების პასპორტიზაციის ღონისძიებები ჩატარდება ყოველ დღე, ორ ეტაპად - 06:00 – 09:00 და 18:00 – 21:00 საათებში. ღონისძიებას ახორციელებენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები. პროექტის ტექნიკური ხელმძღვანელია პროფესორი იასონ ბადრიძე, ხოლო პასპორტიზაციის საერთო პროცესს, კონტროლს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭო გაუწევს. ძაღლების პასპორტიზაციის პრაქტიკული ეტაპი დაიწყება გლდანის რაიონიდან. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ძაღლების პასპორტიზაციის პრაქტიკულ ღონისძიებებში, რისთვისაც აუცილებელია მსურველი წინასწარ დაუკავშირდეს პროექტის კოორდინატორს (ნიკა არაგველი - 577 958599), შეავსოს შესაბამისი განაცხადი, გაეცნოს ღონისძიებების მეთოდიკასა და გეგმას.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!