17-06-2015
"მერს, ნარმანიას დავურეკე, თუ გჭირდებით, მიხმეთ-მეთქი, მაგრამ არავის გავხსენებივარ. არადა, ეს საქმე იმ ხალხმა უნდა გააკეთოს, ვისაც ბუნებასთან აქვს საქმე და ნადირის ესმის. სნაიპერის და სპეცრაზმელის საქმე არ არის ვეფხვებზე და ლომებზე ნადირობა."თბილისში, "ლაგუნა ვერეს" საცურაო აუზთან დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ კიდევ ერთი ვეფხვი იძებნება. სავარაუდოდ, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეებს აფარებს თავს ახალგაზრდა, წლის და სამი თვის უსურიული და ალბინოსი ვეფხვის მეტისი. არსებობს მოსაზრება, რომ პირველად იგი ბაგებში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან შენიშნეს. მტაცებელი ტროტუარზე იჯდა და ხალხს არ ერიდებოდა. თუმცა, 112-ზე გამოძახებული ჯგუფის მოსვლამდე გაიქცა და კვალს ვერ მიაგნეს. დღეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ვეფხვი ფალიაშვილის ქუჩაზე შენიშნეს, რის შემდეგაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამართალდამცველთა და სპეცრაზმელთა ჯგუფი მობილიზდა. თუმცა, ამაოდ, ვეფხვი კვლავ გაუჩინარდა.
"კვირის პალიტრა" შეეცადა პროფესიონალი მონადირის დახმარებით გაერკვია რამდენად სწორად იძებნება მტაცებელი თბილისის ტერიტორიაზე და მისი დაჭერის რა შანსი გვაქვს.
თემურ ტყემალაძე, ნადირობის და თევზაობის ფედერაციის პრეზიდენტი:
- ზოგადად, მტაცებლების დასაჭერი თეორიულად ჩამოყალიბებული მეთოდიკა არ არსებობს. მათი სავარაუდო ადგილსამყოფელი ტერიტორია უნდა შეისწავლო, ურთულესი რამეა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. სამწუხაროდ, ახლა თბილისში არის პანიკა და ქაოსი. მიდის სხვადასხვა უწყებებს შორის გადაბრალების მცდელობა.იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას სურს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე გამოიყვანოს დამნაშავე. არადა, მე რომ პასუხისმგებელი პირი ვიყო, ზურას საერთოდ აზრს არ ვკითხავდი, გამომდინარე იმ საშინელი მდგომარეობიდან, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გადაუტანია. კაცმა ამხელა შოკი მიიღო, მეუღლესთან ერთად სიკვდილს ძლივს გადაურჩა, ხუთი საათის განმავლობაში ელოდებოდა მაშველს და არ იცოდა გადარჩებოდა თუ - არა, დაეღუპა სამი თანამშრომელი და თავზე დაექცა ყველაფერი, რაც აქამდე უკეთებია.
- კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ მან ზურაბ გურიელიძეზე დაყრდნობით დაარწმუნა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომ მტაცებლებისგან თავდასხმის საფრთხე არ იყო. არ უნდა დაყრდნობოდნენ გურიელიძეს?
- არავითარ შემთხვევაში. ზურაბს რაც არ უნდა ეთქვა, კრიზისების მართვის ცენტრს და მის ხელმძღვანელს დეტალურად უნდა გადაემოწმებინათ ყველაფერი. გურიელიძეს აქვს ჩაბარებული საგანგებო, კრიზისული სიტუაციების მართვა? ეს ჩაიბარა კონკრეტულმა ჯგუფმა, ხელმძღვანელობს კონკრეტული პირი, არა? ე.ი. მათი საქმეა მაქსიმალური კონტროლი და არა გირიელიძის, რომელიც არის ადმინისტრატორი, ევალება ცხოველების მოვლა პატრონობა და ახლა, მე თუ მკთხავთ, ეგეც არ მოეკითხება გადატანილიდან გამომდინარე. კრიზისების მართვის ცენტრი გამუდმებით თვითნ უნდა ამოწმებდეს ინფორმაციებს.
- გურიელიძე არ უნდა ამოწმებდეს ინფორმაციებს?
- გურიელიძე კი არა, ზოოპარკის ადმინისტრაცია უნდა ამოწმებდეს, მაგრამ მისი კომპეტენციის ფარგლებში. მათ რაც არ უნდა თქვან, უნდა გატარდეს მიკროსკოპში. ხომ შედით ინფორმაციები, რომ ლომი თუ ვეფხვი ნახეს სადღაც, იქ უნდა ტარდებოდეს ზედმიწევნით კვლევა. გურიელიძეს რომ დაურეკავ და რამეს კითხავ, ამ დროს რას მიიღებ შედეგად? ვინმეს ჰგონია, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, შეიძლება ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია? ვეტერინარმა ხომ სთქვა, რომ ეძებდნენ დაკარგულ ცხოველებს? რატომ ეს არ გაითვალისწინა კრიზისების მართვის ცენტრმა?
- რა უნდა გააკეთონ ვეფხვის მოსაძებნად?
- უნდა შეიკრიბოს მონადირეების ხუთი ჯგუფი, ძაღლებით, შეიძლება აღმოსავლური ნაგაზებიც, პოლიციის მიერ გაწვრთნილი, მეძებარი ძაღლებიც. ეს ჯგუფები განაწილდება სავარაუდო ტერიტორიაზე და ძაღლი მყისიერად მოგცემს ნიშანს. ძაღლების გარეშე არცერთ სარდაფში და საწყობში არ უნდა შესულიყვნენ. ასე იქნება ტყის დათვალიერების შემთხვევაშიც, ძაღლი მყისიერად მიხვდება სად არის საფრთხე მტაცებლის სახით. ვიმეორებ, კრიზისების მართვის ცენტრმა უნდა შეკრას მონადირეთა ხუთი ჯგუფი, ძაღლების თანხლებით, მათთან ერთად უნდა იყვნენ სპეცრაზმლები, რომლებიც მონადირეებს დაიცავენ მტაცებლისგან აგრესიის შემთხვევაში. ჯგუფს უნდა ჰქონდეს როგორც ტრანკვილიზატორიანი სასროლი იარაღი, ასევე რენინგტონები, პომპიანი თოფები, ნახერად ავტომატი, რომელიც საფანტს ისვრის. ახლო მანძილზე დიდი სიმძიმე აქვს და იმ წამსვე აჩერებს ნადირს. აფრიკაში და ყველგან თავდაცვის მიზნით ხმარობენ ამ იარაღს. კალაშნიკოვი და სხვა მსგავსი ტიპის იარაღი არ შეიძლება, რადგან ჯერ ძნელი მოსარტყამია, მერე კიდევ შესაძლოა ასხლტეს ტყვია. ამიტომაც ასეთ შემთხვევაში მხოლოდ გლუვლულიანი სპეციალური თოფები გამოიყენება, რომელთაც მოკლე მანძილზე აქვს დიდი ეფექტი.
ზოგადად, თეთრი ლომი და ვეფხვიც ბევრად უწყინარი არიან, ვიდრე სხვა კატისებრები, ამიტომაც იყო ის მიკუჭული სადღაც. მაგრამ როგორც კი დაინახა ლანდი მის თავშესაფარში, შეშინებულმა, დამშეულმა და მწყურვალმა გადაწყვიტა ამ ლანდისგან თავის დაცვა და იმოტომაც დაესხა თავს. უნდა აღინიშნოს განსაკუთრებით, რომ საწყობში ხალხის ასე შეშვება, იყო დანაშაული. ვიდრე არ ჩატარდებოდა სრული მოკვლევა, ძაღლების თანხლებით, იქ კაციშვილს არ უნდა შეედგა ფეხი. ზოოპარკიდან ორ ნაბიჯზეა ის შენობა, ამიტომაც პირველ რიგში ასეთი ახლომდებარე ნაგებობები და ტეიროტრიები უნდა გაჩხრეკილიყო. ეს გააკეთა ვინმემ?
- ბოლოს ფალიაშვილზე ნახეს ვეფხვი, თუმცა, სპეცრაზმმა იქ ვერ მიუსწრო, რა უნდა ქნან?
- სისულელეა ასეთი ფორმით დევნა. რა, დაელოდება ვეფხვი? შესაძლოა იქვეა, მაგრამ ისეა გაკრული სადღაც, რომ ვერ შენიშნავ. აი, ძაღლი კი მყისვე აიღებს სუნს და მიაგნებს.
- მოქალაქეები რომ პირისპირ გადაეყარონ, რა უნდა ქნან თავდასაცავად?
- არ უნდა გაიქცე. უნდა დაიყვირო და იქით შეუტიო, როგორც არ უნდა გეშინოდეს, თვალი არ უნდა მოაშორო, უკან შებრუნდები თუ არა, მაშინვე თავს დაგესხმება. თუ დააპანიკებ, მოიშორებ.
- ალბათობა არ არის, რომ შეტევის დროს დაგესხას თავს?
- მინიმალური ალბათობაა. ყველაზე ცუდი მდგომარეობაა, როდესაც მას უკან გასაქცევი არ აქვს. მაშინ განსაკუთრებული სიფრთხილე და სიმშვიდე გმართებს. ოღონდ ხმაურიანი სიმშვიდე, უნდა გრძნობდეს, რომ მისი არ გეშინიათ და მზად ხართ შეუტიოთ, ოღონდ არ უნდა გაინძრეთ. ასეთ დროს პანიკა მომაკვდინებლად მოქმედებს მხეცებზე, შესაძლოა გულიც კი გაუსკდეს პატარა ფინიის გამუდმებულ ყეფაზეც კი.
- თქვენ არ შესთავაზეთ ხელისუფლებას დახმარება?
- ვისაც ვინცობ, იმას შევთავაზე. მერს ნარმანიას დავურეკე, თუ გჭირდებით, მიხმეთ-მეთქი, მაგრამ არავის გავხსენებივარ. არადა, ეს საქმე იმ ხალხმა უნდა გააკეთოს, ვისაც ბუნებასთან აქვს საქმე და ნადირის ესმის. სნაიპერის და სპეცრაზმელის საქმე არ არის ვეფხვებზე და ლომებზე ნადირობა.
ეკა ლომიძე (სპეციალურად საიტისთვის)