გასაიდუმლოებული მდინარეები, სადაც დიდი ზომის კალმახი ბინადრობს – ძვირად ღირებული ტურიზმის გადარჩენის გზები
გარდა იმისა, რომ ნიჭიერი მხატვარია და სუპერრეალისტურ სტილში ხატავს, ის ნადირობს, თევზაობს და ამ საქმის პროფესიონალიც გახლავთ.
მეგობრებთან ერთად ქართული კალმახის გენის გაუმჯობესებაზე ზრუნავს და ამით ტურიზმის სფეროს განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს.
დავით თელია „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ბევრ საინტერესო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ბრაკონიერებზე მეტად, ფრინველებს ზიანი სოფლის მეურნეობამ მოუტანა.
– ნადირობაზე გული ამიცრუვდა, რადგან ყველა მხრიდან შეგვბოჭეს, ნაკრძალში მონადირეებს არ უშვებენ მტაცებლების გამოსახშირად.
კომუნისტური რეჟიმის დროს, ტურაში გვაძლევდნენ 30 მანეთს, მგელში – 30 მანეთს, კვერნაში 20-ს.
მაშინ მონადირე პროფესია იყო, ნადირიც იყო, ცხოველებსა და ფრინველებს საკვებიც ჰქონდათ. ახლა კი გენმოდიფიცირებულ სიმინდს, პურს თესავენ და ფრინველიც თითქმის აღარ არის.
ერთხელ მწყერზე სანადიროდ წავედით, გორისკენ. მცოდნე კაცს ვკითხეთ, სად შეიძლებოდა, გვენადირა. მიგვასწავლა, ამა და ამ ადგილზე პურის ყანა ჯერ არ აუღიათ და იქ მიდით, მწყერი იქ იქნებაო. ყანა ისეთი იყო, თვალს ახარებდა, ბზინავდა, იმხელა თავთავი ჰქონდა, ათი თვალი მომცა და მაყურებინაო. მოშორებით კომბაინი მუშაობდა. ძაღლები შევიდნენ ყანაში, მაგრამ – არაფერი. კომბაინთან რომ მივედით, მძღოლმა გვითხრა, 10 ჰექტარი ავიღე და ერთი მწყერი არ ამოფრენილაო. რომ დავაკვირდი, ყანაში ბალახი არ იყო, მხოლოდ პური იყო ამოსული და მწყერს ბალახი თუ არა აქვს, იქ არ გაჩერდება. თან გენმოდიფიცირებულ ხორბალს არ ჭამენ. იხვი ჭამს სიმინდს, სიმინდის ყანაში შედის და ტაროდან რომ ფოჩები აქვს გადმოშვერილი, მაგას ჭამს. ახლა იხვიც გაწყდა უკვე. ბრაკონიერებმა იმდენად ვერ დააზიანეს ფრინველი, როგორც სოფლის მეურნეობამ. როცა საკვები აქვს ფრინველს, მაშინ მოდის. აქ საკვები ფაქტობრივარ აღარ აქვს. დასავლეთში ცარიელი მიწებისკენ გაიშვერენ ხელს, – აქ ის გვეთესა, აქ ეს გვეთესაო. ახლა კი ტრიალი მინდვრებია. ფრინველს საკვები აღარ აქვს.
თევზაობა ერთ-ერთი ძვირად ღირებული ტურისტული მიმართულებაა და საკმაოდ პოპულარულია მსოფლიოში. ბოლო პერიოდში საქართველოში კალმახი 10-15 სანტიმეტრამდე იზრდება და ეგაა მისი მაქსიმალური ზომა. მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ გავამრავლოთ კალმახი საქართველოში და 4 წლის წინ დავიწყეთ „გარემოს დაცვის“ დახმარებით. პროექტი მივიტანეთ და გვერდით დაგვიდგნენ. უცხოელებისგან ვისწავლეთ, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ჩვენ კალმახის ასეთ დეგრადაციას ვაბრალებდით ბრაკონიერებს, მაგრამ ამერიკელებმა გვითხრეს, ეს გენური დაავადებაა და აუცილებლად უნდა გაასხვანაიროთ გენი, კალმახი უნდა დაიჭიროთ, გაზარდოთ და რომელიც გაიზრდება, ის გაუშვით მდინარეშიო. კალმახს თავისი სტანდარტები აქვს. პატარა კალმახისთვის აქ ტურისტი არ ჩამოვა. რაც უფრო დიდია და დაანახებ, რომ საქართველოში ასეთი კალმახი არსებობს, გადაიხდის საკმაოდ სოლიდურ თანხას და ჩამოვა, ოღონდ საქართველოში დაიჭიროს თევზი.
გავაკეთეთ აუზები, პირველ წელს 5 ათასი ცალი ქვირითი დავაყრევინეთ, სათითაოდ ვითვლიდით და 5 ათასი ლიფსიტა გამოიჩეკა. ამ 5 ათასიდან 172 გაიზარდა დიდი. დანარჩენები დარჩნენ პატარები. რომლებიც გაიზარდნენ, გადავსვით სხვა აუზში, შემდეგ შაორის ტბასა და რამდენიმე მდინარეზე გავუშვით, ოღონდ ეს მდინარეები გასაიდუმლოებულია. ისინი თავის გენს გაავრცელებენ და დიდი ზომის კალმახები მომრავლდებიან. როგორც ზემოთ აღვნიშნე, თევზაობა ძვირად ღირებული ტურიზმია და საკმაოდ მრავლადაა ხალხი, ვინც თევზაობითაა გატაცებული და კონკრეტული სახეობის თევზზე ნადირობს. ტურისტები ჩამოდიან და იხდიან დიდ თანხებს, რომ თევზი დაიჭირონ, მაგრამ არა იმისთვის, რომ შეჭამონ. თევზს დაიჭერს და გაუშვებს. ეგაა მაგის მუღამი. ეს სპორტული თევზაობაა. შემდეგ ნადავლის ფოტოს ავრცელებს შესაბამისი ინტერესების მქონე ჯგუფებში და ასე ვთქვათ, ქულებს იწერს. თუ ვინმემ ნახა, რომ არასწორად ამოიყვანა თევზი ან სურათი არასწორად გადაიღო, არ უთვლიან. იმისათვის,რომ თევზს არაფერი ავნოს, აუცილებლად სპეციალური ხელთათმანი უნდა ეცვას. წყლიდან უნდა ამოიყვანოს მხოლოდ 5 სანტიმეტრით. ეს მანძილი იზომება და თუ წყალს უფრო მეტად მოაშორებს, ითვლება, რომ თევზი მოკლა. ანკესით იჭერენ, ოღონდ მხოლოდ ხელოვნური სატყუარებით, რადგან თევზი ხელოვნურ სატყუარას რომ გადაყლაპავს, ამას ხვდება და უკან აგდებს. ამიტომ დასაზიანებელ ადგილამდე არ ჩადის ანკესი. ბუნებრივ საკვებს ბოლომდე ყლაპავს და იმის ამოღება უკვე შეუძლებელია. ნემსკავი ეკიდება ტუჩთან, რომელიც ძალიან მალე უხორცდება და თევზი არ ზიანდება. ნორვეგიაში ჩვენ შესახებ სტატიაც დაწერეს, სარეკლამო ფილმიც გადაიღეს და გაავრცელეს, რომ საქართველოში არის უნიკალური მდინარეები, სადაც დიდი კალმახის დაჭერაა შესაძლებელი. ეს კი ტურისტებს იზიდავს. ისეთი ფანატიკოსებიც არიან, ერთი კალმახის დასაჭერად რომ ჩამოვლენ. ასეთი ადამიანები მთელი წელი აგროვებენ ფულს, რომ აქ ჩამოვიდნენ და თევზთან სურათი გადაიღონ. ინგლისსა და შოტლანდიაში, სეზონზე 11 000 ფუნტი ღირს, ერთი დღე რომ ითევზაოს. ჩადიან მილიონერები და იჭერენ ორაგულს. თუ ჩვენც გვეყოლება შესაბამისი თევზი, რომელიც ასეთი ადამიანების ინტერესს გამოიწვევს, აქაც ჩამოვლენ და ეს ჩვენს ქვეყანასა ტურიზმის განვითარებას წაადგება.
https://primetime.ge/gasaidumloebuli-mdinareebi-sadats-didi-zomis-kalmakhi-binadrobs-dzviradghirebuli-turizmis-gadarchenis-gzebi/
წყარო: https://primetime.ge/
|