"დასტრესილი" კალმახი უგემურია"
"ჩვენს ბუნებრივ პირობებში ცისარტყელა კალმახი ქვირითს ვერ დაყრის, ამისთვის ტარდება თევზის "მოწველა"
ცისარტყელა კალმახი - ასე უწოდებენ თევზს, რომელიც მთელ მსოფლიოში ამერიკიდან გავრცელდა. საქართველოში ის XX საუკუნის შუა წლებში რუსეთიდან შემოიყვანეს. "გამრავლების პერიოდში მამრ კალმახს ზურგზე ლამაზი, ცისარტყელას შეფერილობის ზოლები უჩნდება, სწორედ ამიტომ დაერქვა ცისარტყელა კალმახი". ამ თევზის შესახებ იქთიოლოგი არჩილ ფარცვანია გვესაუბრება.
- რით განსხვავდება ცისარტყელა კალმახი სხვა თევზებისგან?
- ცისარტყელა კალმახი წითელკოპლებიან ან ნაკადულის კალმახთან შედარებით, სწრაფად იზრდება ადვილად
-0:03
ეგუება გარემო პირობებს, ადვილი მოსამრავლებელია. ამიტომ, სამეურნეო თვალსაზრისით, მეტად ხელსაყრელია. მისი საგემოვნო თვისებები ძირითადად წყალზეა დამოკიდებული. რაც უფრო მაღალი ხარისხისაა წყალი და დაცულია პირობები, მით გემრიელია კალმახი.
კვლევები ადასტურებს, რომ უფრო გემრიელია კალმახი, რომელიც სტრესულ გარემოში არ იზრდება. სტრესის დროს თევზი გამოყოფს ჰორმონებს, რომლებიც გემოს აუარესებს. სტრესს იწვევს თუნდაც, კვების რეჟიმის დარღვევა, მაღალი ტემპერატურა, ჟანგბადის ნაკლებობა...
- ქვეყნის რომელ კუთხეებში ღირს ცისარტყელა კალმახის მოშენება?
- ყველგან, სადაც შესაფერისი წყალია. მთავარია, წყლის ტემპერატურამ დიდი ხნით არ გადააჭარბოს 20 გრადუსს. ოპტიმალური ტემპერატურა 15,5 გრადუსია. 22 გრადუსის ზემოთ კალმახი აღარ ჭამს, 25 გრადუსი კი მისთვის უკვე კრიტიკულია. კალმახის მოსაშენებლად უკეთესია შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და აჭარა.
- ცივ წყალში თუ შეიძლება ცისარტყელა კალმახის მოშენება?
- წყალი ძალიან ცივიც არ უნდა იყოს. ინკუბაციის პერიოდში კალმახს 10-გრადუსიანი წყალი სჭირდება, ლიფსიტებისთვის საუკეთესო 12 გრადუსია, მერე კი ოპტიმალური ტემპერატურა - 14-17 გრადუსი. ძალიან ცივ წყალში ცისარტყელა კალმახი ნელა იზრდება, ეს კი მეურნეს ხელს არ აძლევს. თუ მოშენებას გადაწყვეტთ, არ იჩქაროთ, წყალი 2-3 წელიწადს უნდა აკონტროლოთ, რომ მისი ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში იცოდეთ. ეს საწარმოო პროცესის დაგეგმვას გაგიადვილებთ. თევზი შეიძლება ტბაშიც გაუშვათ, მაგრამ უმჯობესია, ჩასადგმელ გალიებში გაზარდოთ. სამეურნეო საქმიანობისთვის ტბებში კალმახის გაშვება მოსახერხებელი არ არის. ცისარტყელა კალმახს ჩასადგმელი გალიების წყალობით ზღვაშიც ზრდიან და ოკეანეშიც. მაგალითად, ნორვეგიასა და ჩილეში.
- ტემპერატურის გარდა, რას უნდა მიაქციოს ფერმერმა ყურადღება?
- ვინც კალმახის მოშენებას გადაწყვეტს, უნდა დარწმუნდეს, რომ წყლის ხარისხი მისაღებია და მოცულობაც საკმარისია. ივლის-*აგვისტოში, როცა თევზის რაოდენობა მაქსიმუმს მიაღწევს, წყალი სამყოფად უნდა ჰქონდეს, სხვაგვარად მის მოშენებას აზრი არ აქვს... აუზი შეიძლება მიწისა იყოს, ან ბეტონისგან დამზადდეს, აქ სანიტარიული პირობები უფრო ადვილი დასაცავია.
- როგორ მრავლდება?
- თუ სრული ციკლი გვინდა, მეურნეობაში სადედე ჯოგი მუდმივად უნდა გვყავდეს, საიდანაც ქვირითს ვიღებთ. ჯერ ხდება ქვირითის ხელოვნურად მიღება და განაყოფიერება, შემდეგ - ინკუბაცია. იჩეკება ლიფსიტები, რომლებსაც ვზრდით და წყალში გადაგვყავს.
მსოფლიოში უფრო მიღებულია დიფერენცირების პრინციპი: არსებობს ინკუბატორები, სადაც მუშაობენ, რათა ლიფსიტები გამოჩეკონ, გაზარდონ და მიჰყიდონ სხვა მეურნეობას, რომელიც მარტო სასაქონლო ანუ სუფრის თევზს გაზრდის. ფერმერი ყიდულობს ლიფსიტებს ან უკვე განაყოფიერებულ ქვირითს. დაახლოებით ისე, როგორც ფრინველის ფერმა ყიდულობს განაყოფიერებულ კვერცხს, რომ წიწილები გამოჩეკოს და გაზარდოს. თუ მეურნეობაში ინკუბატორი გაქვთ, განაყოფიერებული ქვირითი უნდა შეიძინოთ, თუ არადა - ლიფსიტები გასაზრდელად.
კალმახს სპეციალურ გრანულირებულ საკვებს აძლევენ. ახალგამოჩეკილ ლიფსიტებს საკვები დღეში 24-ჯერ უნდა ჩაუყაროთ, გაზრდილები კი დღეში ორჯერ გამოკვებოთ. სწორედ ამ რეჟიმის დარღვევა იწვევს თევზებში სტრესს.
- ქვირითი როგორ მოიპოვება?
- ჩვენს ბუნებრივ პირობებში ცისარტყელა კალმახი ქვირითს ვერ დაყრის. ამისთვის ტარდება საგანგებო პროცედურა, თევზის "მოწველა", რაც საწარმოო პროცესის ნაწილია.
საინტერესო ლიტერატურაა ინტერნეტში ცისარტყელა კალმახის მოშენება-გამოზრდაზე ინგლისურ და რუსულ ენებზე. ქართულ ენაზე მწირია. ყველა ქვეყანაში კალმახის მთავარი მწარმოებლები საოჯახო ფერმები არიან, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობენ დიდი ფერმები, რომლებიც ათასობით ტონა კალმახს აწარმოებენ.
- ჩვენთან რა მდგომარეობაა ამ მხრივ?
- როცა ფერმერს მხოლოდ ოთხი ან ხუთი აუზი აქვს, ამას მეურნეობას ვერ დავარქმევდი. ჩვენთან ყველაზე დიდი პრობლემა ცოდნის ნაკლებობაა: ზოგიერთი ფერმერი საფუძვლიანად არ გაეცნო წარმოების ტექნოლოგიას და ისე შეეჭიდა ამ სერიოზულ საქმეს. ბოლოს, ბევრი მათგანი ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან სესხი ჰქონდა აღებული, წარმოება მომგებიანი არ იყო და გვარიანად დაზარალდა. კალმახის მოშენება ისეთი ბიზნესი არ არის, რომ გზადაგზა ექსპერიმენტები ჩაატარო. ჯობია ჯერ საფუძვლიანად შეისწავლო და თევზის მოშენება მერე დაიწყო.
კალმახის წარმოება მსოფლიოში ლამის მათემატიკურ სიზუსტემდეა მიყვანილი. არსებობს ყველა პროცესის მოდელი და ამას ცოდნა სჭირდება. ცისარტყელა კალმახს ყველგან აწარმოებენ, რადგან მისი მოშენება ეკონომიკურად ხელსაყრელია.
ხათუნა ჩიგოგიძე
წყარო: http://kvirispalitra.ge
|