2015 წელს თბილისში ქუჩის ძაღლებს დათვლიან , - ამის შესახებ თბილისის მერიის სსიპ-ის "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს" ხელმძღვანელმა თემურ ფხალაძემ განაცხადა. მისი თქმით, თბილისში ქუჩის ძაღლები 2007 წლის შემდეგ აღარ დაუთვლიათ.
რაც შეეხება იმას, მომრავლდნენ თუ არა ე.წ. მაწანწალა ძაღლები, ფხალაძის ვარაუდით, ძაღლთა რაოდენობა პირიქით, შემცირდა.
"მოქალაქეები "112"-ზე რეკავენ და გვეუბნებიან ძაღლების შესახებ. შემდეგ, ჩვენი ბრიგადები გადიან. ძაღლი თუ ექვემდებარება გადაყვანას, გადაგვყავს მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარში, ვუკეთებთ კასტრაციას ან სტერილიზაციას, ასევე ვაქცინაციას, ყურზე ვუკეთებთ ამ ყველაფრის დამადასტურებელ ნიშანს და უსაფრთხო მდგომარეობაში ვაბრუნებთ უკან ან მოქალაქეებთან, ვინც მასზე ზრუნვას განახორციელებს. ცხოველი კასტრაციის ან სტერილიზაციის შემდეგ ვეღარ გამრავლდება და თავის ადგილსაც იცავს, რომ სხვა ცხოველი აღარ მივიდეს. ჩვენი ბრიგადები ვარაუდობენ, რომ მიუსაფარი ძაღლების რაოდენობამ იკლო", - აღნიშნა ფხალაძემ.
მისივე თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 2012 წელს შეიქმნა; ამავე წელს 2581 გამოძახება დაფიქსირდა, 2013 წელს – 7288; 2014 წელს - 10 872.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, ეკა ქავთარაძის განცხადებით, აცრილი ბენეფიციარებიდან მაწანწალა ძაღლებისგან 28.4% არის დაკბენილი ან დაკაწრული.
"საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გამოყენებული ანტირაბიული ვაქცინით მსოფლიოში ლიდერია. ჩვენი სტატისტიკით, ძირითადი წილი ვაქცინირებული ბენეფიციარების მოდის უშუალოდ სახლის ძაღლების ან კატების დაკბენით, დაკაწვრით, დადორბლით და არა - მაწანწალა ძაღლებზე. საქართველოში 14 000 ადამიანი საშუალოდ თვიურად იტარებს ვაქცინაციას, მათგან 1 800 არის მძიმე დაკბენა. ვაქცინაციის რაოდენობა მზარდია, თუმცა ეს ცნობიერების მომატებასაც უკავშირდება, თუ რა საფრთხე შეიძლება დადგეს ვაქცინაციის გარეშე. ტენდენცია არ არის, რომ მაწანწალა ძაღლების პროცენტული წილი იმატებს. აცრილი ბენეფიციარებიდან მაწანწალა ძაღლებისგან 28.4% არის დაკბენილი ან დაკაწრული; პატრონიან ძაღლზე მოდის 59.6 %, პატრონიან კატაზე - 1.5%, მგელზე – 3%, მოხეტიალ კატაზე - 1.5%", - განაცხადა ქავთარაძემ.