ძაღლთა თავშესაფრის მფლობელი და ცხოველთა უფლებადამცველი აცხადებს, რომ თბილისის მერიის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა, ბაშვების თვალწინ, იარაღით 30-მდე ძაღლი მოკლეს.
თამაზ ელიზბარაშვილი:
“ვანდალური ფაქტი მოხდა ნუცუბიძეზე, სადაც სულ ცოტა ხნის, წინ 30 ძაღლი თბილისის მერიის მონიტორინგის თანამშრომლებმა იარაღით დახოცეს. მათი წკავწკავი და საცოდაობა მთელ ნუცუბიძეს ესმოდა. ახალ ჯიპებს მოასხდნენ და მანქანებიდან გადმოსვლაც ვერ გაბედეს, პირდაპირ იქიდან დახოცეს ძაღლები. ბავშვების თვალწინ, რა უნდა გაიზარდონ ეს ბავშვები, ასეთ ვანდალიზმს რომ შეესწრნენ. მთელი ნუცუბიძე ფეხზე იდგა, ქალი ეხვეწებოდა ერთი, მე მყავს შეკედლებული, ნუ დახოცავთო, მაგრამ ჩაყარეს ძაღლები მანქანაში და წაიღეს. 30 მარტს, თბილისის საკრებულო დაჩქარებული წესით განიხილავს ქუჩის მაწანწალა ძაღლების ცეცხლასროლი იარაღით მოკვლის დაკანონებას. მთელ მსოფლიოს ფეხზე დავაყენებ და არ დავუშვებ, ორშაბათს საკრებულომ ეს დააკანონოს”.
თბილისის მერიის წარმომადგენელმა პირდაპირ მითხრა, რომ ნუცუბიძის ქუჩიდან გადაყვანილი ძაღლებს ევთანაზიის წესით დახოცავენ – ამის შესახებ კერძო თავშესაფრის დირექტორი, თამაზ ელიზბარაშვილი საუბრობს. ელიზბარაშვილის მტკიცებით, ნუცუბიძის ქუჩაზე 30–მდე ძაღლს მერიის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლი მანქანებიდან გაუხსნეს, ძირს დაყრილი ძაღლები ჩაყარეს და მერიის თავშესაფარში მოსაკლავად გადაიყვანეს.
“მე დამიკავშირდა თვითმხილველი ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ ეს ვანდალიზმი დღისით–მზისით პირდაპირ ბავშვების თანდასწრებით ჩაიდინეს. მერიამ ძაღლების მიმართ პრაქტიკულად ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა. ამის შემდეგ მე დავუკავშირდი მერიის წარმომადგენელს, პაატა კახნიაშვილს და შევთავაზე, რომ თუ ძაღლები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, ჩემს თავშესაფარში გადამოვიყვანდი. თავიდან დამთანხმდა, თუმცა 3 წუთში დამირეკა და მითხრა, რომ ძაღლების გადმოყვანა შეუძლებელი იქნებოდა, რადგან უნდა დავაძინოთო, ანუ ევთანაზიის წესით დავხოცოთო”, – აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი.
მერია კი ძაღლების დახოცვას კატეგორიულად უარყოფს. როგორც მერიაში განმარტავენ, ნუცუბიძის ქუჩაზე ძაღლები გამოკვლების ჩატარების მიზნით დააძინეს და ყველა ძაღლი ამჟამად, მერიის თავშესაფარში იმყოფება.