თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცებსაქართველოს მთავრობის დადგენილება №423 2013 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე, მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი“. მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანება;
ბ)„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №7 ბრძანება. მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
თევზჭერის და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი
მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების საგანი
წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს თევზების, როგორც ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს.
მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი
1. თევზი – წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომელთაც არა აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა, აგრეთვე კიბოსნაირები და მოლუსკები.
2. სამრეწველო თევზჭერა – წარმოადგენს სარეწაო მიზნით შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმცირეს სამასი მეტრის დაშორებით თევზის მოპოვებას.
3. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა – არალიცენზირებადი თევზჭერა ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სასროლი ბადით, ხოლიხი ბადითა და ჩოგანბადით, ასევე, წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება, აკვალანგებისა და სასუნთქი მოწყობილობების გარეშე. (2.05.2014 N 325 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს)
4. სანაპირო თევზჭერა - არის თევზის მოპოვება შავ ზღვაში, ნაპირიდან არაუმეტეს ერთი საზღვაო მილის (1 852 მეტრი) დაშორებით. სანაპირო თევზჭერისას თევზის მოპოვება ნაპირიდან არაუმეტეს 300 მეტრის დაშორების მონაკვეთში შესაძლებელია ნებისმიერი, კანონმდებლობით ნებადართული სარეწი იარაღით, ხოლო 300 მეტრიდან ერთ საზღვაო მილამდე დაშორების მონაკვეთში - პარაშუტისებრი ბადით ან 300 მეტრამდე სიგრძის სახლართი ტიპის ბადით. სანაპირო თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ 8 მეტრამდე სიგრძის წყლის მცურავი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ან უამისოდ. (20.02.2014 N 185)
5. შიდა წყალსატევებში თევზჭერა - წარმოადგენს სარეწაო თევზის მოპოვებას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ და გამავალ მდინარეებში, ტბებში, წყალსაცავებში, სხვა ბუნებრივ და ხელოვნურ ზედაპირულ წყალსატევებში.
6. თანჭერილი – თევზჭერის ლიცენზიით გათვალისწინებულ თევზის სახეობებთან ერთად თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრილი არასარეწი ზომის და სხვა სახეობის თევზები (სხვა ჰიდრობიონტები).
7. ქისა ბადე – ბადისერბური წყალგამწურავი იარაღი, რომელის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღებს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება-შეგროვება წარმოებს თევზსარეწ სატრანსპორტო საშუალებაზე ქვემო კიდიდან ,,ქისისებური ფორმით.”
8. მოსასმელი ბადე – ბადისებური წყალგამწურავი სარეწი იარაღი, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობებიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება-შეგროვება წარმოებს ზემო და ქვემო კიდეებიდან თანაბრად.
9. თევზსარეწი ტრალები – გუდისებური ფორმის აქტიური თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება წყლის სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით გაქაჩვით (ბუქსირებით) გარკვეული მოცულობის წყალგაწურვას. თევზჭერის პრინციპითა და კონსტრუქციული თავისებურებების მიხედვით ტრალები შეიძლება იყოს:
ა) პელაგიური – რომელიც შეესაბამება შემდეგ მონაცემებს:
ა.ა) ტრალის ტომარა უნდა შედგებოდეს 4 ან მეტი პლასტისგან;
ა.ბ) ტრალს არ უნდა გააჩნდეს სკვერი, გრუნტროპი, ტრალის ტომრის ქვედა პლასტი და შემკრები არ უნდა იყოს აღჭურვილი საფარველით (ფართუკით);
ა.გ) ტრალის ქვედა კიდე შესაძლებელია იყოს აღჭურვილი დამატებითი კიდით ან საძირავებით (მაგალითად, ლითონის ჯაჭვით), თუმცა ასეთ შემთხვევაში დამატებითი კიდე უნდა იყოს წარმოდგენილი ლითონის (დიამეტრით არა უმეტეს 22 მმ-ისა) ან კომბინირებული (დიამეტრით არა უმეტეს 65 მმ-ისა) ბაგირით, რომელიც მჭიდროდ უნდა იყოს მიბმული ტრალის ქვედა კიდესთან და მისი სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს ქვედა კიდის აღჭურვილი (ტრალის ქსოვილით დატვირთული) ნაწილის სიგრძეს; საძირავების საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 60 კგ-ს;
ა.დ) ტრალის ტომარის წინა ნაწილის (შემკრების გამოკლებით) ნახევარზე მეტი (ტოპენანტზე სიგრძით) უნდა იყოს წარმოდგენილი თოკისა და ბაგირის ელემენტებით შედგენილი ქსოვილით, სადაც თვლის ზომა 79 სმ-ზე მეტია;
ბ) ფსკერული – რომელიც არაა პელაგიური.
10. პლასტი – ტრალის ტომრის (შემკრების გამოკლებით) ნაწილი. პლასტების სიგანე თანაბარია ან განსხვავდება ერთმანეთისგან მაქსიმუმ 20%-ით. პლასტები ერთმანეთთან დაკავშირებულია ერთგვარი ნაკერებით.
11. ტოპენანტი – პლასტების შეერთების (ნაკერების) ადგილზე გამავალი გვარლი ან ბაგირი.
12. სკვერი – ტრალის ტომრის ზედა პლასტის (პლასტების) წინაფრა, რის გამოც ზედა პლასტი (პლასტები) ფრთების გამოკლებით უფრო გრძელია, ვიდრე ქვედა.
13. საფარველი (ფართუკი) – ტრალი შემკრების ქვედა ნაწილის მე-3 ან უფრო მეტი ფენა.
14. გრუნტროპი – ტრალის ქვედა კიდეზე სპეციალური სამაგრებით (ჯაჭვებით, გვარლით და სხვა) 0.2 მეტრზე მეტი დაშორებით ჩამოკიდებული ლითონის გვარლი, რომელზეც შესაძლოა დახვეული იყოს ლითონის მავთული ან ბაგირი, გრუნტროპი ასევე შესაძლებელია აღჭურვილი იყოს ლითონის ან რეზინის კოჭებით, ბურთულებით და სხვა საგნებით.
15. კონუსური ბადეები – აქტიური ბადისებური ან სხვა მასალისაგან დამზადებული თევზსარეწი იარაღები, რომელთაც აქვთ კონუსისებური ფორმა და გამოიყენება თევზსაჭერად სარეწაო გემიდან ვერტიკალური წყალგაწურვის პრინციპით.
16. სახლართი ტიპის ბადეები – ბადისებური თევზსარეწი იარაღები, რომელთა მეკშვეობით ჭერა ემყარება, თევზის ან სხვა წყლის ჰიდრობიონიტების აგებულებისა და ბიოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლართვის და შებოჭვის პრინციპებს.
17. თევზმახეები – ბადისებური ან სხვა მასალისაგან კონსტრუირებული სტაციონარული თევზსაჭერი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება, იარაღის კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე, თევზების მასში მოხვედრასა და დაგროვებას; აღჭურვილია „ძაბრისებური”, „კონუსისებური” ან სხვა ტიპის შესასვლელებითა და თევზის სამიგრაციო გზების გადამკეტი და მიმმართველი ბადისებური კედლებით.
18. ჩასადგმელი იარუსები – სტაციონარული ტიპის სხვადასხვა ზომის ნემსკავებით აღჭურვილი თევზსარეწი იარაღები.
19. პარაშუტისებრი (გუმბათის ტიპის) ბადეები – აქტიური მოქმედების თევსაჭერი იარაღები, რომლებითაც თევზჭერა ემყარება წყლის სივრცეში ვერტიკალური დაფარვის წყალგაწურვის პრინციპებს.
20. ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე) – სტაციონარული თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება გარკვეული მოცულობის ვერტიკალურ წყალგაწურვას ზემო მიმართულებით (სპეციალური ბადის ამწევი მექანიზმით).
21. ნემსკავები – რკინის ან სხვა მასალისაგან დამზადებული, მომრგვალებული ფორმის წამახვილებული დაბოლოებებით, თევზსაჭერი იარაღის კონსტრუქციული ელემენტი.
22. ანკესი – სხვადასხვა სახის პოლიმერული ან ბოჭკოვანი მასალისაგან დამზადებულ გრძივ ძაფზე, დამონტაჟებული ნემსკავებით აღჭურვილი თევზსაჭერი მოწყობილობა (სამანიპულაციო ჯოხით ან მის გარეშე).
23. ამოღებულია (2.05.2014 N 325 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს)
24. ხოლიხი – მცირე ზომის თევზმახე, რომლის ჭერის პრინციპი ემყარება „ჩიხის პრინციპს.
25. ამოღებულია (2.05.2014 N 325 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს)
26. სასროლი ბადე - სასროლი ბაგირით აღჭურვილი ხელით საჭერი ბადე;
27. ჩოგანბადე - სათანადო ჩარჩოთი აღჭურვილი ხელით საჭერი ბადე;
28. სამინისტრო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
29. დეპარტამენტი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
მუხლი 3. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების სფერო
1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შავი ზღვის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, კონტინენტურ შელფზე და საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევზე (ტერიტორიული წყლები, მდინარეები, ტბები, ბუნებრივი ტბორები და წყალსაცავები), რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნენ თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების რეწვისათვის, ან/და აქვთ მნიშვნელობა სარეწაო თევზის მარაგის აღდგენისათვის.
2. იმ წყალსატევებზე და წყალსატევების უბნებზე, რომლებიც სპეციალური წყალთსარგებლობის ობიექტია, თევზჭერა წარმოებს ამ ობიექტის მფლობელის ნებართვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სამრეწველო და შიდა წყალსატევებში თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ხოლო სანაპირო თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. (20.02.2014 N 185)
მუხლი 4. თევზჭერის აკრძალვის ვადები, ადგილები
1. თევზჭერის ვადები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. აკრძალულია თევზჭერა:
ა) ელექტროსადგურების, სათევზმეურნეო, სამელიორაციო, მაგისტრალური სისტემის მიმყვან და გასავალ არხებში;
ბ) კაშხლებთან და რაბებთან არა უხლოეს 500 მეტრისა და ხიდებთან არა უახლოეს 50 მეტრისა;
გ) კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ (თევზსავალ) არხებში;
3. აკრძალულია თევზჭერა, გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისა:
ა) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეებში, კერძოდ: ფსოუ, ხაშუფსა, ბზიფი, მჭიშთა (შავწყალა), ხიფსთა (თეთრწყალა), ააფსთა (ბაკლანოვკა), გუმისთა, კელასური, კოდორი, მოქვი, ღალიძგა, ოქუმი, ერისწყალი, ენგური (ენგურის ჰიდროელექტრო სადგურამდე), ხობი, რიონი(რიონის ჰიდროელექტრო სადგურამდე), სუფსა, ნატანები, კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჭოროხი, აჭარისწყალი და მათ შენაკადებსა და განშტოებებში;
ბ) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეთა შესართავებში და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე;
გ) მტკვარი ყველა შენაკადით – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;
დ) ალაზანი თავისი შენაკადებით და იორი – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;
ე) ზღვის ხუთმილიან სანაპირო ზონაში ქალაქ ფოთიდან ქალაქ ოჩამჩირემდე 60-მეტრიანი იზობათის ფარგლებში, ხოლო ფოთი ანაკლიის უბანზე – 120-მეტრიანი იზობათის ფარგლებში;
ვ) რიწის ტბაში;
ზ) შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტალურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში 1 მაისდან 1 ივლისამდე. ამ პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მოლუსკების აკვალანგებით ან სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობებით შეგროვება და მომსასმელი ბადით კეფალ-პილენგასის ჭერა;
თ) ფარავანი – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; ველური კობრი – 15 მაისიდან 1 აგვისტომდე;
ი) სანტას ტბაზე–15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;
კ) ტაბაწყურის ტბაზე – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;
ლ) ხრამის (წალკის) წყალსაცავში – სქელშუბლაზე, კობრზე, პელიადზე, ევროპულ რიაპუშკაზე და ლადოგურ სიგზე - 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე, ხოლო მტკვრის წვერაზე, მურწაზე, ხრამულზე, კავკასიურ ქაშაპზე, მტკვრის ნაფოტაზე და ჭანარზე - 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე. 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე კარჩხანას, სქელშუბლას, კობრის, პელიადის, ევროპული რიაპუშკის და ლადოგური სიგის მოპოვება განხორციელდეს მხოლოდ მოსასმელი ბადეებისა და თევზმახეების გამოყენებით, ხოლო აღნიშნულ ბადე იარაღებში თევზის სხვა სახეობის მოხვედრის შემთხვევაში სავალდებულოა მათი ცოცხალ მდგომარეობაში გარემოში დაბრუნება.
მ) თბილისის წყალსაცავი – 15 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;
ნ) საქართველოს მთავრობის სპეციალურ განკარგულებამდე, ახლად ან ხელახლად შექმნილ წყალსატევებზე;
ო) შიდა წყალსატევების გამოსაზამთრებელ ღრმულებში.
პ) პალიასტომის ტბაში:
პ.ა) კეფალი (ლობანი) – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;
პ.ბ) კეფალი-პილენგასი – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;
პ.გ) ოქროსფერი კეფალი – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;
პ.დ) ქარიყლაპია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე და 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ვ) შემაია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ზ) მცირე ვიმბა – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.თ) კარჩხანა – 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ი) კობრი – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.კ) ლოქო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე და 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე;
პ.ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.მ) მრგვალი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ნ) შავი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
ჟ) შაორის წყალსაცავში - 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
რ) ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში (ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა, რომლებზედაც სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის მიერ, მიიღება ცალკე გადაწყვეტილება) – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ზუთხისებრთა ჭერა ხორციელდება დადგენილი კვოტის ფარგლებში თევზჭერის ლიცენზიის საფუძველზე, რომელიც ლიცენზიის მფლობელს უდგენს ამ სახეობის ტყვეობაში გამრავლებისა და ტყვეობაში გამრავლებული თევზის სახეობის ნამატის ლიცენზიით დადგენილი ოდენობით ბუნებრივ გარემოში დაბრუნების ვალდებულებას.
5. ყველა სხვა შემთხვევაში კონკრეტული აკრძალვის ვადებს, სამინისტროს წარდგინებით, ადგენს საქართველოს მთავრობა.
6. თევზჭერის აკრძალვის ვადა ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებთან და სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით, შეიძლება გადატანილ იქნეს არა უმეტეს 15-დღიანი განსხვავებით, სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
მუხლი 5. ჭერააკრძალული თევზის სახეობები
1. აკრძალულია ჭერა (მათ შორის თანჭერილშიც და სპორტულ-სამოყვარულოშიც), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობების:
ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში;
ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში;
გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში;
დ) კალმახის (მდინარის და ტბის) – მთელი წლის განმავლობაში;
ე) ქამბალა-კალკანის – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;
ვ) მდინარის კიბოების – მთელი წლის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახეობები (ქამბალა-კალკანის შემთხვევაში მითითებულ ვადებში) თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან საბინადრო გარემოში გაშვებას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თევზის სახეობის ჭერა ხორციელდება დადგენილი კვოტის ფარგლებში თევზჭერის ლიცენზიის საფუძველზე, რომელიც ლიცენზიის მფლობელს უდგენს ამ სახეობის ტყვეობაში გამრავლებისა და ტყვეობაში გამრავლებული თევზის სახეობის ნამატის ლიცენზიით დადგენილი ოდენობით ბუნებრივ გარემოში დაბრუნების ვალდებულებას.
მუხლი 6. თევზჭერისათვის აკრძალული საშუალებები და ხერხები
აკრძალულია თევზჭერა:
ა) ნებისმიერი სახის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებით;
ბ) ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით;
გ) ცეცხლსასროლი იარაღებით;
დ) შიდა წყალსატევებში დევნისა და ფრთხობის ხერხებით; (20.02.2014 N 185)
ე) შიდა წყალსატევებში სახლართი ბადეების გამოყენებით მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით;
ვ) წყალსატევების ხერგვითა და შრეტით:
ზ) მცურავი ბადეებით ქვედა სართავის გარეშე ფსკერის მცოცავი ბირთვით.
მუხლი 7. თევზჭერასთან და თევზის მარაგის დაცვასთან დაკავშირებული სხვა აკრძალვები
1. აკრძალულია:
ა) ჩასადგმელი ბადეების დაგება ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირიდან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მოშორებით 1 ივლისიდან – 15 ოქტომბრამდე;
ბ) სარეწი იარაღით მდინარის ან მისი ტოტის 2/3-ზე მეტის დაკავება, აგრეთვე ბადის ჩამკეტი მოსმა მდინარის მოპირდაპირე ნაპირებიდან;
გ) ყოველგვარი სარეწი იარაღის სამუშაო მდგომარეობაში ქონა თევჭერისათვის აკრძალულ ვადებში და ადგილებში მცურავ საშუალებებზე;
დ) ჩასადგმელი სარეწი ბადეების ჭადრაკულ რიგზე დაყენება;
ე) ტრალის პელაგიური ვარიანტის ჭერილში ტიპური ფსკერული თევზების და სხვა ჰიდრობიონტების, კერძოდ: სკაროსების, ზუთხისნაირების, ქამბალასნაირების, ღორჯოსებრთა, ნემსთევზასებრთა, ზღვის მამლისებრთა, თაგვთევზასებრთა, ზღვის ფინიასებრთა, გველთევზასებრთა, სკორპენას (ზღვის ჩიქვი), ზღვის ურჩხულის, ზღვის ძროხის (ვარსკვლავთმრიცხველის), ხონთქარას (ბარაბულის), ოფიდიონის, ცხენთევზას, ზღვის ღლაბუტას, კიბოსნაირებისა და მოლუსკების საერთო წილი აღემატებოდეს 5%-ს (დათვლით).
ვ) ქისა ბადეების გამოყენება, რომელთა სიმაღლე (სიღრმე) აღემატება 300 მეტრს;
ზ) თევზის რეწვა პალიასტომის ტბაზე მოსასმელი ბადის გამოყენებით, რომლის სიგრძე 200 მეტრზე მეტია, სიმაღლე 1,5 მ-ზე მეტი, თვალის ზომა არანაკლებ 22 მმ;
თ) მოსაყრელი ბადით კეფალის (ლობანი, პილენგასი, ოქროსფერი კეფალი) რეწვა პალიასტომის ტბაზე 350 მეტრზე მეტია და თვალის ზომა არანაკლებ 22 მმ;
2. შიდა წყალსატევებში ერთ სტაციონარში (ჩადგმაში) ბადის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 200 მეტრს, ხოლო სტაციონარებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 500 მეტრზე ნაკლები.
3. ერთ სტაციონარში (ჩადგმაში) იარუსის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 200 მეტრს, იარუსში ნემსკავების რაოდენობა 100-ს, ხოლო სტაციონარებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 1000 მეტრზე ნაკლები.
4. აკრძალულია სარეწი გემებიდან ჭარბად მოპოვებული ან წუნდებული თევზის ზღვაში ჩაყრა.
5. აკრძალულია თევზჭერა ყოველგვარი კონსტრუქციის დრაგის, მათ შორის, ხიჟნიაკის კონსტრუქციის და ტრალის ფსკერული ვარიანტის გამოყენებით შემდეგი გრადუსული კოორდინატებით განსაზღვრული ზონების ფარგლებს გარეთ:
ა) I ზონა
№
E
N
1
410 39’4.036’’
420 9’34.786’’
2
410 23’7.019’’
420 9’54.904’’
3
410 46’16.685’’
410 53’20. 824’’
4
410 30’16.091’’
410 54’6.796’’
ბ) II ზონა
№
E
N
1
410 44’ 20.891’’
410 45’3.29’’
2
410 29’ 43.802’’
410 50’1.536’’
3
410 43’ 6.351’’
410 42’23.3’’
4
41029’8.565’’
410 48’15.839’’
გ) III ზონა
№
E
N
1
410 38’16.216’’
410 39’29.02’’
2
410 25’46.507’’
410 46’52.828’’
3
410 34’39.683’’
410 36’33.357’’
4
410 21’19.017’’
410 43’10.31’’
მუხლი 8. ბადის თვლის ზომები თევზსაჭერ იარაღებში
1. ბადის თვლის ზომად მიიჩნევა ბადის თვლის ერთი გვერდის სიგრძე ანუ მანძილი მილიმეტრებში კვანძის შუა წერტილიდან – მეზობელი კვანძის შუა წერტილამდე. ბადის თვლის ზომას განსაზღვრავს მისი გაჭიმვის სიგრძე და 11 კვანძს შორის დადგენილი მანძილის 10-ზე გაყოფით, როცა თვლის ზომა 30 მმ-ზე ნაკლებია; 6 კვანძს შორის მანძილის 5-ზე გაყოფით, როცა თვლის ზომა 30 მმ-ზე მეტია.
2. თვლის ზომები თევზსაჭერ იარაღებში განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 9. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე
1. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალურ სიგრძედ მიიჩნევა უკუდისფარფლოდ, ანუ მანძილი მილიმეტრებში დინგის წვეროდან (დახურული პირის დროს) კუდის ფარფლამდე, ხოლო ქაფშიისათვის მინიმალურ სიგრძედ მიიჩნევა მანძილი მილიმეტრებში დინგის წვეროდან (დახურული პირის დროს) კუდის ფარფლის ჩათვლით. დამუშავებული, დამარილებული, გამხმარი, შებოლილი და გამოყვანილი თევზის გაზომვისას სიგრძე 4 %-ით იზრდება.
2. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 10. ჭერისათვის დასაშვები მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალური დასაშვები თანჭერილი
1. თევზჭერისათვის დასაშვები მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალური დასაშვები თანჭერილის გათვალისწინება წარმოებს როგორც სამრეწველო, ასევე სანაპირო და შიდა წყალსატევებში თევზჭერისას.
2. თევზმომპოვებელი ვალდებულია იმგვარად აწარმოოს თევზჭერა, რომ ჭერისათვის დაშვებული მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილი არ აღემატებოდეს 20%-ს (დათვლით). ხოლო ქაფშიის მოპოვების შემთხვევაში მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილი არ უნდა აღემტებოდეს 40%-ს (დათვლით). ჭერისათვის დაშვებული მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილის გადამეტება ითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.
მუხლი 11. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილი
1. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილის გათვალისწინება წარმოებს მხოლოდ სარეწაო თევზჭერისას.
2. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილი შეადგენს ქისა ბადისათვის და კონუსური ბადისათვის – 2%, ტრალის პელაგიური ვარიანტისათვის – 6%. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილის (შესაბასისად 2% ან 6%) გადამეტება ჩაითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.
მუხლი 12. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების წესი
1. აუცილებელია წყალსატევში ყოველი სტაციონარული თევზსაჭერი იარაღის ჩადება ტივტივანიშნულებით, რომლებიც, როგორც მინიმუმ, უნდა აფიქსირებდნენ ბადე-იარაღის განაპირა წერტილებს. ყოველი ასეთი ტივტივანიშნული უნდა შედგებოდეს ტივტივასა და მასზე დამაგრებული მცირე ზომის ალმისაგან, რომელზედაც გარკვევით უნდა იყოს წარწერილი ლიცენზიის/ნებართვის სერია და ნომერი. სანაპირო თევზჭერის შემთხვევაში ტივტივანიშნული აღჭურვილი უნდა იყოს სინათლის ამრეკლავი საშუალებებით, ხოლო ალამზე წარწერილი უნდა იყოს მისი მესაკუთრის პირადი ნომერი. (20.02.2014 N 185)
2. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების წესის დარღვევა ითვლება თევზჭერის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.
მუხლი 13. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა
1. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა, მხოლოდ, ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სასროლი ბადით, ჩოგანბადითა და ხოლიხი ბადით, ასევე, წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება, აკვალანგებისა და სასუნთქი მოწყობილობების გარეშე. (2.05.2014 N 325 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს)
3. აკრძალულია:
ა) ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესის გამოყენება, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუარათი 12-ზე მეტია და სატყუარათი – 6-ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წყლებში თვითსატყუარათი 6-ზე მეტი და სატყუარათი – 3-ზე მეტი (ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში, შესაბამისად, ორად და სამად ჩაითვლება); (2.05.2014 N 325 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს)
ბ) საქართველოს საზუთხე და საორაგულე მდინარეებში, მათ შესართავებსა და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე N8-ზე (ნემსკავის სიგანე, მანძილი წვერსა და ღეროს შორის არ უნდა აღემატებოდეს 8 მმ-ს) მსხვილი ნემსკავების გამოყენება, ასევე აქ ორეული და სამეული ნემსკავების გამოყენება;
გ) ჩოგანბადის და ხოლიხი ბადის გამოყენება, რომელთა დიამეტრი სფერული ფორმის შემთხვევაში, ხოლო სიგრძე ან სიგანე სხვა ფორმის შემთხვევაში – 1,2 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა – 20 მმ-ზე ნაკლები. ასევე, სასროლი ბადის გამოყენება, რომლის დიამეტრი 4,5 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა – 20 მმ-ზე ნაკლები; (2.05.2014 N 325 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს)
დ) ერთი მოყვარული მეთევზის მიერ ერთზე მეტი სამოყვარულო-სპორტული ბადის გამოყენება;
ე) წყალსატევებში მუშა მდგომარეობაში მყოფი სამოყვარულო-სპორტული თევზსაჭერი საშუალებების უმეთვალყუროდ დატოვება;
ვ) ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე.
მუხლი 14. თევზდაცვის მოთხოვნები წყალამღებ ნაგებობებზე
წყალამღები ნაგებობები, წყალაღებით არანაკლებ 5000 კუბ.მ. დღე-ღამეში აუცილებელი აღჭურვილი იყოს თევზამრიდი ნაგებობა-მოწყობილობებით.
მუხლი 15. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნები
1. ამოღებულია (20.02.2014 N 185)
2. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილ თევზჭერის პერიოდში, ყოველი თვის 5 რიცხვამდე მიაწოდოს ინფორმაცია დეპარტამენტსა და ლიცენზიის გამცემს, განვლილი ერთი თვის მანძილზე მოპოვებული რესურსის შესახებ.
3. თევზჭერის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ხელი შეუწყოს შემოწმების პროცესში დეპარტამენტს კანონიერი ქმედებების განხორციელებას, მათ შორის, ჭერილის შემოწმების მიზნით მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ ამოიღოს წყალსატევიდან ის ბადე-იარაღები, რომლითაც ახორციელებს თევზჭერას.
4. თევზჭერის ლიცენზიანტი თევზჭერის განხორციელებამდე ვალდებულია დეპარტამენტში წარადგინოს განაცხადი და ინფორმაცია თავისი ლიცენზიის ფარგლებში როგორც თევზჭერის განმახორციელებელი, ასევე გადამზიდი (სატრანსპორტო) მცურავი საშუალებების შესახებ (კერძოდ, ლიცენზიატსა და გემის მესაკუთრეს შორის დადებული ყველა ხელშეკრულების არსებობისა და ცვლილებების თაობაზე).
5. ლიცენზირებადი თევზჭერის განხორციელებისას თითოეული თევზმჭერი სატრანსპორტო საშუალების მიხედვით სავალდებულოა ამ ტექნიკური რეგლამენტით დამტკიცებული დანართით 3-ით გათვალისწინებული შესაბამისი სარეწაო ჟურნალის თევზჭერის განმახორციელებელი პირის მიერ წარმოება, ამ მუხლით დადგენილი ფორმითა და წესებით.
6. სარეწაო ჟურნალი წარმოადგენს თევზრეწვის მიმდინარეობის, ჭერილის შემადგენლობის და რაოდენობის ამსახველ დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და დამოწმებული თევზჭერის განხორციელების ადგილმდებარეობის მიხედვით, დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიის შესაბამისად დეპარტამენტის ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ.
7. სარეწაო ჟურნალის ფორმა განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 3-ის შესაბამისად.
8. სარეწაო ჟურნალი უნდა შეივსოს შემდეგი წესით:
ა) ჟურნალში ყველა სვეტის შევსება სავალდებულოა;
ბ) პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დაწყებისთანავე;
გ) მე-5, მე-6 და მე-9 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დამთავრებისთანავე (მე-9 სვეტი ივსება არსებობის შემთხვევაში);
დ) 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის თევზმჭერი საშუალებით სამრეწველო თევზჭერისას მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის გადატვირთვამდე ან ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე;
ე) 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის თევზმჭერი მცურავი საშუალებით სამრეწველო თევზჭერისას მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე, სხვა (გარდა გასხვისების) შემთხვევაში თევზჭერის ცდის დამთავრებიდან დაჭერილი თევზის წონის დადგენისთანავე, მაგრამ თევზჭერის ცდის დამთავრებიდან არა უმეტეს 48 საათისა;
ვ) მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება შიდა წყალსატევებში თევზჭერისას წარმოებს მოპოვებული რესურსის ხმელეთზე გადმოტვირთვა-ამოყვანისთანავე;
ზ) ქისა ბადით სამრეწველო თევზჭერისას, მცურავი საშუალების საერთო ტევადობის მიუხედავად, მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე, სხვა (გარდა გასხვისების) შემთხვევაში თევზჭერის ცდის დამთავრებიდან დაჭერილი თევზის წონის დადგენისთანავე, მაგრამ თევზჭერის ცდის დამთავრებიდან არა უმეტეს 48 საათისა.
9. ყველა ჩანაწერი სარეწაო ჟურნალში წარმოებს ბურთულიანი კალმით, ჩანაწერები კეთდება მკაფიოდ, დაუშვებელია ფანქრით ან სხვა ისეთი საწერი საშუალებებით შევსება, რომელთა წაშლაც ადვილია, ასევე აკრძალულია შეტანილ მონაცემთა წაშლა ან შესწორება. თუ ჟურნალის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შესაბამის მონაცემების გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია” და ჟურნალის მომდევნო გვერდზე – ჩანაწერი აღნიშნული შეცდომის შესახებ.
10. სარეწაო ჟურნალში მონაცემთა შეტანა წარმოებს საქართველოს დროით, სახელმწიფო ენაზე.
11. სარეწაო ჟურნალის პირველ გვერდზე მიეთითება მონაცემები მოსარგებლისა და მცურავი საშუალების შესახებ, აგრეთვე ლიცენზიის სერია და ნომერი.
12. სარეწაო ჟურნალის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში თევზჭერაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დეპარტამენტს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, სადაც განხორციელდა მისი დამოწმება.
13. სარეწაო ჟურნალის დაკარგვა თევზჭერაზე უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.
14. ახალი სარეწაო ჟურნალის აღების შემთხვევაში ძველი სარეწაო ჟურნალი, ასევე დადგენილი წესით თევზმჭერი საშუალების შეცვლისას ან ლიცენზიის ვადის გასვლისას სარეწაო ჟურნალი წარედგინება დეპარტამენტს ან მის ტერიტორიული ორგანოს, სადაც განხორციელდა მისი დამოწმება.
მუხლი 16. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა
1. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. ამ ტექნიკური რეგლამენტით თევზჭერისათვის დადგენილი შეზღუდვები და აკრძალვები, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის „ა”, „ბ”, ,,გ” და „ვ” ქვეპუნქტებით დადგენილი აკრძალვებისა, არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე.
მუხლი 17. პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევისათვის
ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
მუხლი 18. ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დანართი 1
თევზსაჭერი იარაღები
თვლის მინიმალური ზომები მმ-ში
თვლის მაქსიმალური ზომები მმ-ში
მოსასმელი ბადე ქაფშიის დასაჭერად
6,5
–
მოსასმელი ბადე სხვა თევზის დასაჭერად
12
–
თევზმახეები
12
–
ქისა ბადე
6,5
–
ტრალი
6,5
–
კონუსური ბადე
12
–
პარაშუტისებრი ბადე
12
–
მოსაყრელი ბადე (ჭილოფით, ე.წ. ლასპორი)
20
–
ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე)
20
–
სახლართი ბადე
18
–
სხვა თევზსარეწი იარაღები
12
–
დანართი 2
ჭერისათვის დაშვებული თევზის სახეობების მინიმალური სიგრძე
N
თევზის სახეობა
ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური
სიგრძე (მმ-ში)
1
ქაფშია
70
2
ქარსალა
60
3
მერლანგი
120
4
კეფალისებრნი
200
5
კატრანი (ქიცვიანი ზვიგენი)
850
6
სტავრიდა
100
7
ხონთქარა (ბარაბული)
85
8
ღიპა ქაშაყი
110
9
შავი ზღვის ქაშაყი
170
10
სარღანი
320
11
ლუფარი
220
12
პელამიდა
250
13
სკუმბრია
150
14
ღორჯოსებრნი
110
15
ქამბალა-კალკანი
350
16
მიდია
50 (იგულისხმება ნიჟარის მაქსიმალური სიგრძე)
17
გარნელი(კრევეტი)
35 (თვალის შუა წერტილიდან კუდის ფირფიტის ბოლომდე)
18
ღლავი (ლოქო)
500
19
ფარგა
380
20
წერი (ქარიყლაპია)
320
21
სიგისებრნი
180
22
ჭერეხი
400
23
კობრი
320
24
კაპარჭინა
260
25
ჭანარი
320
26
შამაია
250
27
ხრამული ტბის
250
28
ხრამული მდინარის
220
29
ვიმბა
120
30
სხვა თევზები
200
დანართი 3 სარეწაო ჟურნალი
თევზ-
ჭერის
(ცდის)
რიგითი
ნომერი
თევზსა-
ჭერი ბადე
იარაღის და
სახელება
თევზ
ჭერის
ყოველი
ცდის
ადგილი (აკვატორია სახმელეთო ორიენტი
რებით ან გეოგ
რაფიული კოორდი-ნატებით)
თევზ
ჭერის ყოველი ცდის დაწყების დრო (წუთი, საათი, დღე,თვე, წელი)
თევზ
ჭერის ყოველი
ცდის დამთავ
რების დრო (წუთი, საათი, დღე,თვე, წელი)
ჭერილისა და თანჭე
რილის ვიზუა
ლური შეფასება (რაოდ. სახეობე-
ბის მიხედ-
ვით კგ-ში)
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!