მთავარი » 2019»აპრილი»14 » მონადირეთა, მეთევზეთა და ბაზიერთა საკოორდინაციო საბჭო
10:18:37
მონადირეთა, მეთევზეთა და ბაზიერთა საკოორდინაციო საბჭო
საკანონმდებლო რეგულაციების პროცესში ჩართულობის მიზნით მონადირეთა, მეთევზეთა და ბაზიერთა საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. ამ ეტაპზე საბჭო 54 სუბიექტს აერთიანებს. მათ შორის არის ყველა სამონადირეო კლუბი, სამონადირეო მეურნეობების უმრავლესობა, სანადირო და სათევზაო მაღაზიები, ზუსტი სროლის ფედერაცია, მშვილდოსნები და არბალეტის მსროლელები, ასევე პნევმატური იარაღით მსროლელები. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ომის ვეტერანთა და ფერმერთა გაერთიანებებიც. ახლო მომავალში საბჭო გაფართოებული ყრილობის გამართვას და ახალი წევრების დამატებას გეგმავს. მასშტაბური გაერთიანების ინიციატორები საბჭოს შექმნის აუცილებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, გარემოს დაცვის სამინისტროსთან და საკანონმდებლო ორგანოსთან ეფექტური კოორდინაციის აუცილებლობით ხსნიან. საბჭოს წევრი, გიორგი კვერნაძე „პრაიმტამთან“ ისეთ შემთხვევებზე საუბრობს, რომდესაც მიღებული კანონები გაუმართავი იყო, შემდეგ კი მონადირეების, მეთევზეების და სხვათა პროტესტის ფონზე შესაცვლელი ხდება. „ჩვენ არაერთი აქცია გვინახავს თბილისში თუ რეგიონებში ფაქტია, რომ საჭიროა კომპეტენტური განხილვა და კანონშემოქმედებით პროცესში ჩართულობა. მისასალმებელია, რომ სამთავრობო უწყებების მხრიდან ჩვენს გაერთიანებას დადებითი გამოხმაურება მოყვა. იმედი გვაქვს რიგი პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ“, - აცხადებს გიორგი კვერნაძე. რეგულაციების ჩამონათვალი, რომლის შეცვლის აუცილებლობას ამ ეტაპზე განიხილავენ საკმაოდ გრძელია. არის მოთხოვნა, რომ მტაცებლის თავდასხმების პრევენციის მიზნით დაწესდეს კვოტები, რათა მონადირეებს სწრაფად შეეძლოთ რეაგირება და ბიუროკრატიული პროცედურები ერთ თვეზე მეტ ხანს აღარ გაიწელოს. შს სამინისტრომ შეაჩეროს საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა, რომელიც სანადირო იარაღის კალიბრისა და ლულის სიგრძის შეზღუდვას გულისხმობს. გაიზარდოს გადამფრენ ფრინველზე ნადიროების ვადები. აჭარაში განისაზღვროს სანადირო ტერიტორიების ზონები. გურიაში, კოლხეთის პარკის ტერიტორიაზე გადაიხედოს სხვადასხვა ზონებში ნადირობასთან დაკავშირებით დაწესებული მკაცრი რეგულაციები. მიღებული იქნას კანონი, რომელიც მშვილდის, არბალეტის და პნევმატური იარაღის მოხმარების წესებს დაარეგულირებს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!