350-ზე მეტი მეცნიერი და ბუნების დამცველი მსოფლიოს 40 ქვეყნიდან ხელს აწერს ღია წერილს და საზოგადოებას ვეშაპებისა და დელფინების დაცვისკენ მოუწოდებს, რადგან ზღვის ამ ძუძუმწოვრებს კლიმატის ცვლილებები და ადამიანის საქმიანობით მიყენებული ზიანი გადაშენებით ემუქრება – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
მეცნიერების თქმით, ვეშაპები და დელფინები შესაძლოა უახლოეს ათწლეულებში გადაშენდნენ. მიზეზი ზღვებისა და ოკეანეების დაბინძურებაა, რაც ადამიანების საქმიანობითაა გამოწვეული.
ლოზუნგი – „გადაარჩინე ვეშაპები“ პოპულარული იყო გასული საუკუნის 70-80-იან წლებში და ვეშაპების მოკვლის წინააღმდეგ იყო მიმართული. იქედან მოყოლებული ვეშაპების პოპულაცია გაიზარდა, თუმცა ახლა ჩნდება ახალი გარემოებები: ოკეანეების დაბინძურება – განსაკუთრებით პლასტმასით, ვეშაპების საცხოვრებელი გარემოს გაქრობა, კლიმატის ცვლილება და ასევე, სავაჭრო გემებთან ვეშაპების შეჯახება.
არანაკლები საფრთხეა თევზჭერა, ბადეებში ყოველწლიურად 300 ათასამდე ზღვის ძუძუმწოვარი ხვდება. ბადეში გახვეული ვეშაპები და დელფინები ვერ ახერხებენ წყლის ზედაპირზე ასვლას ჟანგბადის მისაღებად და ტანჯვით იღუპებიან. ზოგიერთი მათგანი ახერხებს ბადისგან თავის დაღწევას, თუმცა მძიმე ჭრილობებითა და სხეულის დაზიანებით.
განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ჩრდილოეთის ვეშაპი – Eubalaena glacialis, ამ სახეობის მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარია გადარჩენილი.
ღია წერილის ავტორები აცხადებენ, რომ ამ ცხოველების პოპულაციის მკვეთრი შემცირების შეჩერება შესაძლებელი იქნებოდა, პოლიტიკოსებს რომ მათ გადასარჩენად შემუშავებული ღონისძიებების გატარებისთვის დაეჭირათ მხარი.
__________________
მომზადებულია BBC-ზე დაყრდნობით.
წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge/
|