რა პერიოდია საჭირო ბორჯომის ტყის აღსადგენად
ბორჯომის ხეობაში ძლიერმა ხანძარმა, რომლის კერების სრულად ლიკვიდირება ჯერ კიდევ ვერ მოხდა, ათობით ჰექტარი ტყე გაანადგურა, რომლის აღდგენის ინიციატივა რამდენიმე კომპანიამ უკვე გამოთქვა.
კონკრეტულად, რა ტიპის სამუშაოები ჩატარდება ნახანძრალ ტერიტორიაზე, ჯერჯერობით უცნობია. ეკოლოგ ნინო ჩხობაძის განმარტებით, ტყის აღდგენის რამდენიმე მეთოდი არსებობს, კერძოდ, სატყეო შეთესვა, ნერგის შეტანა ან ბუნებრივი განახლება, რომელიც მხოლოდ ტერიტორიის შემოღობვასა და ნებისმიერი ჩარევის შეზღუდვას გულისხმობს.
"როდის აღდგება დამწვარი ტყე, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა პრაქტიკაში, ნახანძრალზე მცენარეები თვითაღდგენას დაახლოებით, 3 წელიწადში ახდნენ. ეს იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორია შემოიღობება და პირუტყვის შეშვება არ მოხდება. ჯერ უნდა აღდგეს ბალახის საფარი, შემდეგ ბუჩქოვანი მცენარეები, რის შემდეგაც ბუნებრივი განახლების პროცესს ხე–მცენარეებიც დაიწყებენ," – განმარტავს ნინო ჩხობაძე.
გარდა ამისა, ხანძრის შედეგად ნადგურდება ჰუმუსის ფენა, რომელსაც აღდგენისთვის გარკვეული პერიოდი ესაჭიროება, რათა მასზე მცენარეები ისევ აღმოცენდეს. ნინო ჩხობაძის თქმით, რამდენად დაზიანდა ნიადაგი, ამას კვლევა დაადგენს.
"ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ უნდა შეფასდეს მიყენებული ზარალი, უნდა გაკეთდეს გეგმა. პირველი სამუშაოების დაწყება შემოდგომიდანვეა შესაძლებელი. აქ ძირითადად, წიწვოვანი მცენარეები იყო გავრცელებული, თუმცა ტყის აღდენა ფოთლოვანი მცენარეებით უნდა დაიწყოს, რათა ეკოსისტემები ბუნებრივად აღდგეს," – აღნიშნავს ეკოლოგი.
მისივე თქმით, მცენარეების აღდგენა დამწვარ ტყეში ადგილმდებარეობის მიხედვით უნდა მოხდეს, მაგალითად, ნეკერჩხლის ხეები ყველგან გავრცელებული არ იყო.
"მცირე რაოდენობით იყო გავრცელებული სოჭი, რომლის აღდგენასაც ასევე, დაახლოებით 3 წელი ესაჭიროება, აღმოცენება კი მან შეიძლება, დარგვის გარეშეც დაიწყოს. თუ ამ ტყისთვის არადამახასიათებელი სახეობების დარგვა დაიწყება, ამას ბორჯომის ტყის სახე აღარ ექნება, შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის სამუშაოების შემთხვევაში საჭიროა, ბუნებრივი სახეობების აღდგენა დაიწყოს," – აღნიშნავს ნინო ჩხობაძე.
ეკოლოგი აღნიშნავს, რომ მცენარეების აღდგენა სწორ მიდგომაზეა დამოკიდებული.
მარიამ მენაბდიშვილი
წყარო: http://allnews.ge
|