სამაშველო სამსახურის მოსვლამდე ძაღლი შეი უგონო მდგომარეობაში მყოფ პატრონზე იყო გადაფარებული და ხანძრისგან იცავდა. მან ამ საქციელით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
"23 ოქტომბრის გამთენიისას ფილადელფიაში მდებარე (აშშ) ერთ-ერთ სახლს ხანძარი გაუჩნდა. მეზობლებმა მაშველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ძაღლის შეუჩერებელი ყეფა მოესმათ",-წერს "Red Paw Emergency Relief Team"-ი.
"გამთენიისას ადგილობრივი სახანძრო სამსახურიდან ზარი მივიღეთ. მათ შეგვატყობინეს, რომ ძაღლი ცეცხლმოკიდებულ სახლში იყო ჩაკეტილი, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივედით, მეზობლებმა გვითხრეს, რომ ისინი შეის შეუჩერებელმა ყეფამ გააღვიძა. სწორედ მას შემდეგ შეიტყვეს ხანძრის შესახებ."
"როდესაც ცეცხლმოკიდებულ სახლში შევედით, დავინახეთ ძაღლი, რომელიც ადამიანზე იყო გადაფარებული, ის პატრონს ცეცხლისა და კვამლისგან იცავდა", - ამბობს სამაშველო სამსახურის უფროსი.
მომდევნო დღეს ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ძაღლის ფოტო ვეტერინარული ცენტრიდან, სადაც მასზე ექიმები ზრუნავენ და ის უკვე კარგად გრძნობს თავს. საბედნიეროდ, შეის პატრონი გადარჩა. მას კლინიკაში მკურნალობის კურსი უტარდება და მალე დაბრუნდება სახლში.
ყოველივე კი ერთგული ძაღლის დამსახურებაა. მან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად პატრონის სიცოცხლე გმირულად დაიცვა.