მთავარი » 2011»ოქტომბერი»18 » ტყეში გზააბნეულ 3 წლის ბავშვს ძაღლი საკუთარი სხეულით ათბობდა
20:04:12
ტყეში გზააბნეულ 3 წლის ბავშვს ძაღლი საკუთარი სხეულით ათბობდა
19:55 16.10.2011
რამდენიმე დღეა, პოლონური მედია ერთი ჩვეულებრივი ძაღლის მიერ ჩადენილ გმირობაზე წერს, რომელმაც თავისი სამი წლის პატრონი სიკვდილისგან იხსნა. ძაღლმა, რომელიც არც გარეგნობითაა გამორჩეული და არც ჯიშით (მის მსგავსთ სულაც „უჯიშოებს" უწოდებენ), არამარტო სოფელ კაროლინუვში, არამედ მთელ მსოფლიოში ყველა აალაპარაკა.
შემთხვევა პატარა პოლონურ სოფელთან მოხდა. უფროსების არყოფნის დროს პატარას გასეირნება მოუნდა და ბილიკს დაადგა. მას ძაღლიც აედევნა. ტყეში შესულ პატარას გზა აებნა. რამდენიმე საათის შემდეგ ბავშვს უკვე ეძებდნენ პოლიციელები, მეტყევეები, ადგილობრივი მამაკაცები და მეხანძრეებიც კი.
ყნოსვით ბავშვის კვალის მიგნება საუკეთესო მეძებარმა ძაღლებმა სცადეს, ტყის თავზე ვერტმფრენი ტრიალებდა, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო - ბავშვი არსად ჩანდა. მხოლოდ მეორე დღეს, საძიებო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ყურადღება მიაქცია ძაღლის წკავწკავს, რომელიც სუსტად, მაგრამ მაინც ისმოდა ტყის სიღრმიდან.
სწორედ იქ, სოფლიდან ოთხი კილომეტრის დაშორებით, მაშველებმა იპოვეს ძალაგამოცლილი ბავშვი, რომელსაც შიმშილისგან არანაკლებ არაქათგამოცლილი ძაღლი არ შორდებოდა და საკუთარი სხეულით ათბობდა.
ბიჭუნა საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მისი სხეული გადაციებული იყო. ექიმებმა ცალსახად დაასკვნეს, რომ შემოდგომის ცივი ღამე პატარა დავითისთვის უთუოდ ბოლო აღმოჩნდებოდა, რომ არა მისი ოთხფეხა მეგობარი. ამჟამად ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძაღლის ერთგულების შესახებ კი ჟურნალისტების მეშვეობით მთელმა ქვეყანამ შეიტყო. ახლა მიშეკი ეროვნული გმირის სადარ პატივშია: ქვეყნის სხავადასხვა ნაწილიდან მისი მისამართით ყოველდღე იგზავნება სასუსნავი და ძაღლებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გემრიელი საკვები.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!