საქართველოს ბაზიერთა პირველი ფესტივალი „ფოთი-2015“
ფოთის "კოლხეთის" ცენტრალურ სტადიონზე 2015 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს ბაზიერთა პირველი ფესტივალი „ფოთი-2015“ ჩატარდა, რომელშიც სამოცამდე ფოთელი, ოზურგეთელი, ჩოხატაურელი, ბათუმელი, ხელვაჩაურელი, მახინჯაურელი, თბილისელი და ბანძელი ბაზიერი მონაწილეობდა.
ღონისძიება შთამბეჭდავი გახადა მიმინოებით, შავარდნებითა და ქორებით ნადირობის იმიტირებულმა სანახაობამ.
ფესტივალის ორგანიზატორი იყო საქართველოს ბაზიერთა კლუბი და მონადირეების საიტი www.bazieri.ge.
ფესტივალის ორგანიზატორები და სულისჩამდგმელები იყვნენ: სოსო ჯღამაძე, დავით ჯღამაძე, ლევან დობორჯგინიძე, ლევან დუდუჩავა, ლუკა სართანია, გიორგი გაბუნია.
ფესტივალის წარმატებით ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანეს: ბექა ელიაშვილმა, ბესო მიქაიამ, გია გიგილაშვილმა, თემურ დობორჯგინიძემ, ბექა დობორჯგინიძემ, ბექა ბოჭორიშვილმა,მამუკა ცნობილაძემ, ბაქარი ხარებავამ, გიორგი სარიშვილმა, დავით ცარიელაშვილმა და ...
ფესტივალის გენერალური სპონსორი იყო პროექტი ERTAD.GE და VIVUS.GE. მათი ფინანსური მხარდაჭერა 2500 ლარი, რომელიც ფესტივალის ჩატარების საძირკველი იყო, ქართველი ბაზიერობის გულშემატკივრების ერთობლივი ძალისხმევით მოვიპოვეთ. ამ პროექტში გამარჯვებისთვის უდიდესი სამუშაო ჩაატარა მრავალმა ადამიანმა, ასევე ძალიან დიდი როლი ითამაშა მონადირეების საიტის: www. Bazieri.ge-ს ერთგული მომხმარებლების აქტიურობამ.
აღნიშნულ ფესტივალს უდიდესი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიეს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა, ფოთის ტურიზმის განვითარების ცენტრმა, ფოთის "კოლხეთის" სტადიონის ადმინისტრაციამ, გადამზიდავმა კომპანია „კავტრექსმა“, მეცენატებმა“ ბატონმა თენგიზ სარიშვილმა და ბატონმა კახა ლატარიამ, ქ. ქუთაისში მდებარე სამონადირეო მაღაზია "გორდამ", ტელეკომპანია „მეცხრე ტალღამ“, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბატონი ვახტანგ ალანია და მისი კომპანია SOFMAR-ი, რომელიც უკვე მეორე წელია უანგაროდ უწევს ქართველ ბაზიერებს ფინანსურ დახმარებას სხვადასხვა პროექტებში.
ფესტივალზე მეტად მეგობრული გარემო სუფევდა. სანახაობრივათაც ძალიან დატვირთული იყო. ყველა ბაზიერს მიეცა საშუალება თავიანთი ფრინველის გამართულობა სრულფასოვნად წარმოეჩინა. უნდა აღინიშნოს რომ ფესტივალი კარგად მომზადებული ფრინველებით გამოირჩეოდა.
დაჯილდოების ცერემონიალი საზეიმო ვითარებაში გაიმართა. ფესტივალის ყველა მონაწილეს ბაზიერობისთვის საჭირო ინვენტარი და საჩუქრები გადაეცა. გათამაშდა კომპანია SOFMAR-ის მიერ დაწესებული სამი მთავარი პრიზი: პნევმატური იარაღები, რომელიც მიმინოებში ჯაბა ბერიძეს (მახინჯაური), შავარდნებში დავით ჯღამაძეს (ფოთი), ქორებში ლუკა ტატიშვილს (თბილისი) საუკეთესო სანახაობისთვის გადაეცათ.
ასევე დაჯილდოვდნენ უხუცესი ბაზიერები. საჩუქარი შეხვდა ასევე ფესტივალის ყველაზე მცირეწლოვან ბაზიერს.
საქართველოს ყველა ბაზიერის სახელით დიდ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც თუნდაც მცირედით შეიტანა წვლილი ბაზიერთა ფესტივალი ფოთი 2015-ის ღირსეულად ჩატარებაში. იმედია ეს ღონისძიება ყოველწლიური გახდება. ეს ამ უძველესი ქართული ტრადიციის აღორძინების საწინდარია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!