შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უცნობი კიბოსნაირი აღმოაჩინეს, რომელიც შავ ზღვაში აქამდე არ დაფიქსირებულა და ფიჯის კუნძულებიდან მოზამბიკის სანაპიროებამდე, ინდოეთის ოკეანეშია გავრცელებული.
ბიოლოგები მას გარნერის კრევეტს ეძახიან და იგი ძვირფას სარეწეო ობიექტად არის ცნობილი.
აღმოჩენა ბათუმის სანაპიროსთან იახტკლუბის მიმდებარე წყლებში, თევზმახის მეშვეობით მოხდა, რომელშიც კრევეტი გაება.
თუ რა გზებით შემოაღწია ინდოეთის ოკეანეში გავრცელებულმა არსებამ შავ ზღვაში, ჯერჯერობით უცნობია.
როგორც იხტიოლოგი არჩილ გუჩმანიძე ამბობს, ყველაზე ლოგიკური იქნება თუ ვივარაუდებთ, რომ კრევეტი გემების ბალასტურ წყლებს შემოყვა. თუმცა, მოპოვებული ეგზამპლარი სიგრძით 19 სანტიმეტრია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბალასტურ წყლებს (რომელიც ბადეში იფილტრება) ამ სახეობის ლარვა შემოყვა და ბათუმის სანაპირო წყლებს შეეგუა.
შავი ზღვისთვის აქამდე უცნობი სახეობა, გასულ წელს, სუფსის პორტის აკვატორიაშიც მოიპოვეს და იგი მოლუსკი ლუდი ბრახია აღმოჩნდა.
ქობულეთის გარეუბანში კი ფიჭვნარელი მეთევზეების ბადეს წითელ ზღვასა და სუეცის არხში გავრცელებული თევზი, ლითოგნათუსი ამოჰყვა. ამ სახეობის თევზი შავ ზღვაში ადრე არასოდეს დაფიქსირებულა.
ზურა ბაუჟაძე
წყარო: http://www.gurianews.com/
|