თბილისში ძაღლების სიკვდილიანობის შემთხვევები გახშირდა. ვეტერინარები რამდენიმე მკვდარი ძაღლის გაკვეთის შემდეგ გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლოა, სიკვდილის მიზეზი ვირთხის საწინააღმდეგო წამალი იყოს. ძაღლების მეპატრონეების თქმით კი, ოთხფეხა მეგობრები, შესაძლოა, მოიწამლნენ სეირნობისას პარკებსა და სკვერებში, რომელსაც სხვადასხვა მღრნელების საწინააღმდეგო პრეპარატებით ზოგჯერ ამუშავებენ ხოლმე.
როგორც ,,მედიანიუსს“ ერთ–ერთი ძაღლის პატრონმა განუცხადა, მისი ექვსი თვის ლაბრადორი მოულოდნელად ცუდად გახდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გაკვეთის შემდეგ გაირკვა, რომ ძაღლს ყველა ორგანო გადიდებული ჰქონდა. ვეტერინარის ვარაუდით, ლაბრადორი ვირთხის წამალმა იმსხვერპლა.
,,ვეტერინარმა მითხრა, რომ არსებობს ვირთხის საწინააღმდეგო წამალი, რომელიც ლაბორატორიულად არის დამზადებული და კუჭში მოხვედრიდან 10 დღის შემდეგ მოქმედებს. ასევე მითხრა, რომ აღნიშნულ წამალს სადარბაზოებში და პარკებში ყრიან. ძაღლს ძირითადად მოსკოვის გამზრიზე ვასეირნებდი, მყავდა დედა ენის ბაღში და კიკვიძის პარკშიც. დაახლოებით ორი კვირის წინ სწორედ, კიკვიძის პარკში მყავდა. შესაძლოა, აღნიშნული წამალი იქაც შეეჭამა, ზუსტად ვერ ვიტყვი,“– აცხადებს ძაღლის მეპატრინე.
აღსანიშნავია, რომ კიკვიძის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლების სიკვდილიანობის სხვა ფაქტებიც დაფიქსირდა.
რამდენიმე დღის წინ ორ წლამდე სამოედის ჯიშის ძაღლი ანლოგიური სიმპტომებით მოკვდა.
,,მეც კიკვიძის პარკში ვასეირნებდი ძაღლს დილას და საღამოს. ჩემს ძაღლსაც ანალოგიური სიმპტომები აღენიშნებოდა. არ ჭამდა. ვეტერინართან არაერთხელ მყავდა. მკითხეს, რაიმე სახის შხამთან ხომ არ ჰქონია კონტაქტიო. ვირთხის წამალზე არც მიფიქრია და ბოლოს მისი ავადმყოფობა ლეიშმანიოზს დავაბრალეთ და რამდენიმე დღეში დავაძინეთ. ახლა ვფიქრობ, რომ შესაძლოა სწორედ მაგ წამლის ბრალი ყოფილიყო. კიკვიძის პარკში სისტემატიურად ვასეირნებდი. იქ ისეთი სიბინძურეა, რაც არ უნდა ვირთხის წამალი დაყარონ, ვერაფერი უშველის,“ – აცხადებს ,,სამოედის“ პატრონი ლიკა ბერაძე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,მედიანიუსი“ თბილისის მერიასაც დაუკავშირდა და დაინტერესდა, ყრის თუ არა თბილისის მერიის რომელიმე შესაბამისი სამსახური თბილისის სადარბაზოებსა თუ სკვერებში ვირთხის საწინააღმდეგო წამალს, ან სხვა რაიმე მსგავს საშუალებას.
თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ქალაქის სადარბაზოების და სკვერების შეწამვლას თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახური აწარმოებს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობამ გამოიძახებს და აღნიშნულ მომსახურებას ითხოვს.
,,იმისათვის, რომ შეწამვლა განხორციელდეს შესაბამისი შეტყობინება უნდა შევიდეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში,“ – აცხადებენ თბილისის მერიაში.
,,მედიანიუსი” თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურსაც დაუკავშირდა და დაინტერესდა, იყო თუ არა დაყრილი რაიმე მსგავსი სახის წამალი კიკვიძის პარკში.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტეს, რომ შეწამვლით სამუშაოებს კერძო კომპანია ახორციელებს და მომსახურება ფასიანია.
აღნიშნული პროფილის კერძო კომპანიაში აცხადებენ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინათ მათ გამწვანების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და კიკვიძის პარკის შეწამვლა სთხოვეს, თუმცა მოგვიანებით აცნობეს, რომ ამ საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო მოაგვარებდა.
,,მედიანიუსი” ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ პარკებისა და სკვერების საკითხი მათ არ ეხებათ.
ნინო სვანიძე
წყარო: http://medianews.ge/ge/tbilisshidzaghlebissikvdilianobismizezishesadzloaparkebsadaskverebshidakrilivirtkhistsamaliikos/80310?fb_action_ids=5
|