18-06-2012
მთელ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მობინადრე ეს მომცრო, ერთი შეხედვით მოუქნელი და ბაჯაჯგუნა ცხოველი - "რატელი" ერთდროულად კვერნას, მაჩვსა და სამურავს წააგავს. სხვადასხვა ქვეყანაში მას "ძაღლის დათვს", "მელოტ მაჩვს", უფრო ხშირად "მეთაფლე მაჩვს", ან უბრალოდ, "თაფლიჭამიას" უწოდებენ. მაგრამ მისმა სახელწოდებამ არავინ უნდა შეაცდინოს, რადგან ეს უცნაური არსება ოფიციალურად დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე მძვინვარე და უშიშარი მხეცია, რომლის გულსაც აფრიკულ ტომებში "ვაჟკაცობის მოსამატებლად" მიირთმევდნენ!დიდი ხანია ცნობილია, რომ ამ მსუნაგ ცხოველს თაფლის მოძებნაში კოდალასებრთა წარმომადგენელი "თაფლის მაჩვენებელი ჩიტი", ე.წ. ინდიკატორი ეხმარება. ფიჭის აღმოჩენის შემდეგ ინდიკატორი რატელის წინ დაფრინავს, ხმოვან სიგნალს აძლევს, ფრენა-ფრენით წინ მიუძღვის, დროდადრო ტოტზე ჯდება, რომ "კლიენტი" დაეწიოს. გზადაგზა ცხოველიც ერთგვარი ღრუტუნით ეხმაურება. ფუტკრის ბუდესთან მისული თაფლიჭამია კი ანალური ჯირკვლებიდან სკუნსის მსგავსად მეტად მყრალ სითხეს უშვებს მწერების გასაყრელად (არცთუ იშვიათად ამ ჩიტს აფრიკელი თაფლის შემგროვებლებიც ჩუმად მიჰყვებიან - მოკლედ, თაფლიც დასწრებაზეა!).
რატელის ბანჯგვლიანი სხეულის სიგრძე 65-80 სმ-ია, კუდისა 18-25 სმ, წონა 12-13 კგ, ცოცხლობს 20-24 წელი. კისერსა და ზურგზე აქვს მკვრივი და სქელი კანი, რომლის გახვრეტა არც ერთ მტაცებელს პრაქტიკულად არ შეუძლია. აქვს ძალიან მაგარი, 5 სმ სიგრძის ბრჭყალებით დაბოლოებული მოკლე და ძლიერი, დაკუნთული თათები, მძლავრი ყბები. შესანიშნავი ყნოსვით მღრღნელს სოროშივე, მიწის ქვეშ გრძნობს და მის მოსანადირებლად მკვრივ მიწაში ათიოდ წუთში შეუძლია გათხაროს 2-3 მ სიგრძის გვირაბი.
რატელი ჭამს ყველაფერს, რასაც მოიხელთებს, თავისზე გაცილებით დიდ ცხოველებსაც და მწერებსაც, მათ შორის კუებს, ნებისმიერ შხამიან გველს, დიდ ხვლიკებს თუ მორიელებს. ის არ ეპუება არავის, არც უზარმაზარ აფრიკულ კამეჩს და არც ლომს. ყოფილა შემთხვევა, რომ ცხოველთა მეფისთვის ნანადირევიც კი წაურთმევია.
სხვათა შორის, მის "დელიკატესებში", რასაკვირველია, თაფლის შემდეგ მეორე ადგილზე გველია. ყველაზე საოცარი ისაა, რომ მასზე არ მოქმედებს არანაირი შხამი! თვით კობრამ ორთაბრძოლისას თუ მოასწრო და სახის არეში ან მუცელზე უკბინა (სხვაგან კბენა შეუძლებელია), რატელი მაინც ასწრებს მის მოკვლას. შემდეგ 30-40 წუთით კომაში ვარდება, მაგრამ აუცილებლად ცოცხლდება და ვითომ არაფერიაო, ტრაპეზს განაგრძობს!
საქათმეში შეპარული რატელი ფრინველს სრულიად ანადგურებს. ამიტომ მოსახლეობა მას ყველა ქვეყანაში ებრძვის, მაგრამ ტყვიის გარდა, ვერც შუბი და ვერც შხამი ბევრს ვერაფერს აკლებს. თანაც ეშმაკმა ცხოველმა ისწავლა თოფიანი კაცის გარჩევა და მაშინვე სახელდახელოდ გათხრილ გვირაბში უჩინარდება!
საინტერესოა, რომ მაჩვისგან განსხვავებით, ეს უშიშარი ცხოველი ადვილად შინაურდება - როგორც ამბობენ, დათვის ბელის ჭკუისაა და ძალიან მხიარულია - მერე რა, რომ საქათმეების ნაცვლად მხოლოდ სანაგვეების "დატერორება" უწევს.