ბათუმის ვიწრო დერეფანს წელს 1 200 000 მტაცებელმა ფრინველმა გადაუფრინა. ევრაზიიდან აფრიკის მიმართულებით ფრინველების მიგრაციის პერიოდში ბათუმის ე.წ. ძაბრს სხვადასხვა მტაცებელი ფრინველი მათ შორის, ირაო, ქორი და არწივი გაივლის. ფრინველების მიგრაციის პერიოდში წელს აჭარას სხვადასხვა ქვეყნიდან 120 ორნიტოლოგი სტუმრობდა, რომლებიც შესაბამისი აპარატურით ითვლიდნენ მტაცებლების რაოდენობასა და სახეობებს.
ფრინველების გადაფრენის ფესტივალის მხარდამჭერი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია.
როგორც დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა განაცხადა, ფრინველების მიგრაციის ფესტივალი ეკო-ტურიზმის მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ტურიზმის დეპარტამენტი ფესტივალის მხარდამჭერი მომავალ წელსაც იქნება.
"აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უკვე მეოთხე წელია, რაც მხარდამჭერია ფრინველების გადაფრენის ფესტივალის. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ეკო-ტურზმისა. აჭარა უკვე მსოფლიო მასშტაბით არის ცნობილი ფრინველების გადაფრენის ფესტივალით. რამდენიმე რეკორდიც დაფიქსირდა ამ მხრივ. ყოველწლიურად იმატებს ორნიტოლოგების და იმ ტურისტების რიცხვი, რომელებიც დაინტერესებული არიან ამ მიმართულებით. სამომავლოდ ისევ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ ამ ფესტივალს", - აღნიშნა თამარ კაიკაციშვილმა.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა გასვლითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვების ადგილებიდან. ასევე მოეწყო თემატური კონფერენციები, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები.
ფრინველებზე დაკვირვებისათვის გამოირჩევა ისეთი ადგილები, როგორებიცაა სოფელი სახალვაშო, ქობულეთის დაცული ტერიტორია - ისპანის ჭაობი, ჭოროხის დელტა, მტირალას ეროვნული პარკი და სოფელი შუამთა. ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით გასულ წლებში შუამთის სათვალთვალო პლტაფორმისა და თავშესაფრის ინფრასტრუქტურა მოეწყო.
ფრინველების გადაფრენის ფესტივალის ჩატარებას ორგანიზაცია "საბუკო" უზრუნველყოფს.
მაგას დაუმატე 100 მდე მიმინო და 1 შავარდენი 1 ალალი რომელიც ბათუმამდე მე დავიჭირე და ჩემსავით კიდე ბევრი ბაზიერი იჭერს, საბოოლოოდ კი ვუშვებთ მარა არა ბათუმის გზაზე ;დ
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!