მადაგასკარის კუნძულზე არსებობენ ისეთი ცხოველები, რომლებიც არა თუ აფრიკაში, არამედ მსგავსი სახეობა დედამიწის არც ერთ კუთხეში არ მოიპოვება. მათ შორის ყველაზე იშვიათი სახეობის ცხოველია მტაცებელი ძუძუმწოვარი ფოსა.
მას ძალიან უცნაური გარეგნობა აქვს. მისი ვიზუალი დაახლოებით ცივეტასა და საშუალო ზომის პუმას წააგავს. ზოგჯერ ამ ცხოველს მადაგასკარის ლომსაც უწოდებენ, რადგან მისი წინაპრები დღევანდელ ფოსაზე ბევრად მოზრდილები იყვნენ.
ამ ცხოველს უკანა კიდურები წინა თათებზე გრძელი აქვს, ხოლო თათები საკმაოდ დიდი და ძლიერი. ზრდასრული ფოსას ტანის სიგრძე 80 სმ-მდე აღწევს (საშუალო 65-70 სმ), ხოლო კუდის სიგრძე დაახლოებით 65 სმ-ია.
მისი სხეული დაფარულია ხშირი, მოკლე ბეწვით, ამასთანავე ბეწვი თავზე შედარებით ჟღალი ფერის აქვს, ხოლო ხერხემალი მუქი ფერის ბეწვით აქვს დაფარული (მუქი ყავისფერი).
ეს მტაცებელი ძირითადად ცხოვრობს მიწაზე, თუმცა, ხშირად დაძვრება ხეებზე, სადაც ნადირობს ლამურზე, რომელიც მისი საყვარელი საკვებია. ფოსა თავის მსხვერპლს კისერზე კბენითა და წინა თათების დახმარებით კლავს. ეს ცხოველი მცირე ზომის ძუძუმწოვრების გარდა, იკვებება ფრინველებით, რეპტილიებითა და მწერებით. ფოსა ნადირობს მთელი ღამის განმავლობაში, ხოლო დღე ბუნაგში იმალება. ხეზე ასვლისას იყენებს არა მარტო თათებს, არამედ კუდსაც. ცხოველს საკმაოდ თავისუფლად შეუძლია ერთი ხის ტოტიდან მეორეზე ხტომა.
ფოსას ხმა შეიძლება მივამსგავსოთ გაღიზიანებული კატის კნავილს, ხოლო ახალშობილი ცხოველის ხმა კატის კრუტუნს მოგაგონებთ.
ისინი მარტოხელა ცხოვრების წესით გამოირჩევიან. გამრავლების პერიოდი უწევს სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში, ამ დროს ძუ ფოსა 3-4 ხვადის ყურადღებას იპყრობს. შეჯვარების პერიოდში ეს მტაცებელი კარგავს სიფრთხილის განცდას და ხდება მეტად აგრესიული. ფოსას ფეხმძიმობა გრძელდება 3 თვე, ის შობს 2-4 ნაშიერს. ძუ ფოსა მარტო უვლის თავის ახალშობილებს, ის 4 თვემდე კვებავს მათ რძით, იმისდა მიუხედავად, რომ პატარები ამ ასაკში უკვე ხორცითაც იკვებებიან. 20 თვის შემდეგ ფოსა ტოვებს თავისი მშობლის სამყოფელს და განაგრძობს მარტო ცხოვრებას, თუმცა, ეს ცხოველი 4 წლიდან ითვლება ზრდასრულად.
ფოსას სიცოცხლის ხანგრძლივობა 15-20 წელია. ამ ცხოველს მადაგასკარის კუნძულზე ადამიანის გარდა, სხვა მტერი არ ჰყავს. ადამიანები ნადირობენ მასზე, ამიტომ ფოსას რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია.
ფოსა წითელ წიგნშია შეყვანილი, როგორც გადაშენების პირას მყოფი ცხოველი. ბოლო მონაცემებით, შემორჩენილია ფოსას 2500 ინდივიდი, ამიტომ მასზე ნადირობა და მისი მოკვლა სასტიკად აკრძალულია.
წყარო: http://zooclub.ge
|