15-09-2014
კენიის ეროვნულ ნაკრძალ "მასაი მარაში" 55 წლის ფრანგი ფოტოგრაფი ჟერომ გიიომი მეტად უჩვეული ამბავს შეესწრო. აფრიკული ე.წ. ჭაობის მანგუსტი არ შეეპუა 4 ზრდასრულ ლომს, რომლებიც მის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და მომხდურებს უშიშრად შეებრძოლა. "ასეთი თავგანწირული ბრძოლა ჯერ არ მინახავს. რასაკვირველია, ლომები ამას არ ელოდნენ... მანგუსტი მაგარი მეომარი გამოდგა. როგორც კი სოროდან თავი ამოყო და დაუპატიჟებელი სტუმრები დაინახა, დიდხანს არ უფიქრია და მასთან შედარებით უზარმაზარ მტაცებლებს მაშინვე ეძგერა. მეტად აგრესიულმა მასპინძელმა ხან ერთი "ცხოველთა მეფე" გააქცია, ხან მეორე - მხოლოდ ერთხელ დასჭირდა სოროში თავის შეფარება, როცა ერთ-ერთ ძუ ლომს ცხვირი მწარედ გაუკაწრა და ისიც გააფთრებული გამოეკიდა... თუმცა, აღშფოთებული "გველისმჭამელი" მაშინვე გამოუვარდა შემცბარ "მბრძანებლებს" და სანამ ტერიტორია არ დაატოვებინა, არ მოისვენა. გამიკვირდა, რომ მანგუსტი თავს კბილებითა და ბრჭყალებით იცავდა და ერთხელაც არ გამოუყენებია თავისი "იარაღი" - მოყავისფრო მყრალი სითხე, რომელსაც თავის გადასარჩენად სკუნსის მსგავსად უშვებს ხოლმე კუდის გარშემო არსებული ჯირკვლებიდან", - განმარტავს ფრანგი ფოტოგრაფი.
ცნობისთვის: ჭაობის მანგუსტი, გველების გარდა, მიირთმევს თევზებს, ბაყაყებს, კიბორჩხალებს, თაგვებს, სხვა წვრილ-წვრილ ცხოველებს და იმით გამოირჩევა, რომ საკვების მოძიებისას საკუთარი ტერიტორიის თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრს სწავლობს. ამ დროს უზარმაზარი ლომების გამოჩენამ მის მიწა-წყალზე, ბუნებრივია, "კანონიერად" აღაშფოთა...