თბილისის მერიის ინიციატივით, ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავა, - ამის შესახებ თბილისი მერმა დავით ნარმანიამ, ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "ბიზნეს კონტაქტში " საუბრისას განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა აღნიშნული ინიციატივის ჩამოყალიბების მიზეზებსა და იმ პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც რეკრეაციული ზონების განვითარებასა და გაფართოებას შეუწყობს ხელს.
"მას შემდეგ, რაც თბილისში გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით ახალი გზის გაჭრა მოხდა, იქ დაირღვა ეკოლოგიური მდგომარეობა. მდინარე ვერე მოექცა ხიდის ქვეშ, გაიჩეხა ხეები და ეკოლოგიური თვალსაზრისით, დამატებითი პრობლემები გაჩნდა. პრობლემები გაუჩნდათ ზოოპარკის მობინადრეებსაც. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მონახაზი, რომ ზოოპარკი გადავიტანოთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხოლო ზოოპარკის ძველ ტერიტორიაზე დამატებითი რეკრეაციული ზონა შევქმნათ და გავაფართოოთ", - აღნიშნა თბილისის მერმა და დასძინა, რომ მერიის სურვილია, ზოოპარკისა და მზიურის ტერიტორიის ერთმანეთთთან დაკავშირება საფეხმავლო ესტაკადით, როგორც ეს ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია.
"დაირგვება დამატებითი ხეები, რათა ერთიანი სივრცე შეიქმნას და გარდა ამისა, გაკეთდება თანამედროვე ხმაურდამცავი მოწყობილობები, რითაც ხელს შევუწყობთ რეკრეაციული ზონების დაცვას, განვითარებასა და გაფართოებას," - განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის ზღვის პირას მშენებარე ახალი ზოოპარკის პროექტის ერთ-ერთი სავარაუდო დიზაინი, როგორც ეს ვებ-გვერდ proctorandmatthews.com-ზეა აღნიშნული, ექვს მსხვილ ცხოველთა კოლექტიურ ზონას მოიცავს, რომლებსაც მშენებლობის ცალკეული სტრუქტურა ექნება. საიტის ინფორაციით, ეს ჯგუფური გარემო გაერთიანებულია საერთო გეოლოგიური მიწის ნიადაგით. თითოეული ზონა აგრეთვე ხასიათდება ოთხი ბუნებრივი ელემენტით: წყალი, ჰაერი, მიწა და ცეცხლი - "მსოფლიოს ნედლი ტყეები" (წყალი), "ველური ევროპა" (ჰაერი), "აფრიკული სავანა და აზიური ნაბიჯები" (მიწა) და საბოლოოდ, "ჩრდილოეთ ამერიკა" (იელოუსტოუნის პარკი) და "ავსტრალიური ბუჩქებით დაფარული მიწა" (ცეცხლი).
აღნიშნული სავარაუდო დიზაინი ეკუთვნის "Proctor and Matthews"-ის თბილისის ზოოპარკისთვის გამართული საერთაშორისო დიზაინის კონკურსში მიწვეულ წევრებს. თუმცა საიტზე არ არის მითითებული, ვისი დაკვეთითაა შესრულებული პროექტი.
"პროექტის დიზაინი შექმნილია ისე, რომ მიმზიდველი იყოს საერთაშორისო პუბლიკისთვის და მოიზიდოს მნახველები,რომლებიც შეძლებენ კვლევის ჩატარებას, საუბრების გამართვას და განათლების მიღებას. როდესაც დასრულდება თბილისის ზოოპარკის მშენებლობა, ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზოოპარკი მსოფლიოში და გახდება წამყვანი ველური ბუნების ატრაქციონი ევრაზიულ კონტინენტზე. ის შეძლებს მოიზიდოს 1.5 მილიონ მნახველზე მეტი წელიწადში.
თბილისის ზოოპარკი გახდება 21-ე საუკუნის ველური ბუნების ატრაქციონი და განუდგება 20-ე საუკუნის დრომორჭმულ ზოოპარკებს. თბილისის ზოოპარკში იქნება უბარიერო გარემო და შეიქმნება უპრეცედენტო თემატური ლანდშაფტები, რომელიც მნახველს მიანიჭებს წარუშლელ შთაბეჭდილებებს და ამასთან შეინარჩუნებს ყველა ჯიშის ბინადრისთვის საჭირო გარემოს.
ეჭვგარეშეა ფაქტი, რომ როდესაც დასრულდება ზოოპარკის მშენებლობა, ის გახდება ევროპული სტანდარტების ადგილი. ოჯახებს შეეძლებათ დარჩენა საშუალოდ ერთი კვირის განმავლობაში. ამისთვის შეიქმნება მრავალი ხის სახლი, თემატური სასტუმროები. სასტუმროები აგრეთვე საჭიროა ზოოლოგიური კონფერენციების დელეგატების მოსაზიდად და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული მეცნიერების ყურადღების მისაპყრობად", - აღნიშნულია საიტზე.