მთავრობამ ახალი ზოოპარკის მშენებლობის დაწყებაზე თანხმობა გასცა. ამასთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ნარმანიას თქმით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის პირველი ეტაპი ზოოპარკის ტერიტორიის შემოღობვას ითვალისწინებს, რისთვისაც ხუთდღიანი ვადით გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება. ნარმანიამ დაინტერესებულ კომპანიებს მასში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებ, განსაკუთრებით ძლიერ და გამოცდილ კომპანიებს, მიიღონ მონაწილეობა. საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტია და ორ მილიონ ლარამდე სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურსა და დენდროლოგიურ პარკს შორის განთავსდება. ამისთვის განსაზღვრულია 47 ჰექტარი ფართობის შემოღობვა.
დავით ნარმანიას თქმით ახალი ზოოპარკის აშენებამდე, ძველი ზოოპარკი იფუნქციონირებს და ის უახლოეს ათ დღეში გაიხსნება.