ბათუმი ფრინველების მეორე საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმს აჭარაში დიდი პოტენციალი გააჩნია. მათივე ინფორმაციით, ბათუმის შემოგარენი, კერძოდ კი, სოფლები ჩაისუბანი და სახალვაშო, წარმოადგენს ფრინველთა მიგრაციის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ვიწრო დერეფანს, სადაც შემოდგომის პერიოდში მილიონზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი ფიქსირდება.
"ტურიზმის ამ სახეობის განვითარებისთვის აქტიურად ზრუნავს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, რომელიც 2013 წლის ფრინველთა ფესტივალის ორგანიზატორია. ფრინველების ფესტივალი პირველად გასულ წელს ჩატარდა და იგი ჩვენი რეგიონის ერთ-ერთ საინტერესო სანახაობად იქცა. წელს ფესტივალი გაიმართება კრაზანაჭამიას მიგრაციის კულმინაციის პერიოდში, როცა დღიურად 170 000-ზე მეტი კრაზანაჭამიას დაფიქსირებაა შესაძლებელი. აღნიშნული ღონისძიებით მოხდება ბათუმის, როგორც ახალი და მზარდი ფრინველებზე დაკვირვების დანიშნულების ადგილის მნიშვნელობის ხაზგასმა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ბათუმის მეორე საერთაშორისო ფრინველების ფესტივალის პროგრამა ითვალისწინებს ფრინველებზე დაკვირვებას სათვალთვალო ადგილებიდან, ექსკურსიებს ჭოროხის, მტირალასა და ისპანის ტერიტორიებზე, საერთაშორისო კონფერენციას რეგიონის ფრინველთა მიგრაციის კორიდორის თავისებურებებსა და იშვიათობაზე, თემატურ სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს ექსპერტებთან ერთად.