დიღმის ბაზარში ბევრნაირი ცხოველისა და ფრინველის ნახვა შეიძლება. იქ წააწყდებით ზღარბს, ზაზუნას, იხვს, კატას და, რა თქმა უნდა, ძაღლს. თუმცა სათუოა, მათგან რამდენია სუფთა ჯიშის. გამყიდველებმა და ვეტერინარებმა "ყველა სიახლეს" რამდენიმე კითხვაზე უპასუხეს.
გია ჩიტინაშვილი, გამყიდველი:
- აქ ბევრი ცხოველი იყიდება: თევზებით დაწყებული, ზაზუნებით და ზღარბებით დამთავრებული. არა მარტო ცხოველი, არამედ ფრინველი -იხვიც გვყავს ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა, მაგრამ მაინც იყიდება. ვისაც საკუთარი სახლი, აგარაკი აქვს, ძირითადად, იმათ მიჰყავთ.
დათო იორდანაშვილი, გამყიდველი:
- გვყავს სუფთა ჯიშის ძაღლებიც და შერეულიც, მაგალითად, ერთ-ერთი ნახევრად კოკერ-სპანიელია, ნახევრად - სეტერი. ძაღლების საშუალო ფასი 180-200 ლარია. რა თქმა უნდა, ჯიშს გააჩნია. ნორმალურად იყიდება, მაგრამ ეს პერიოდი მძიმეა, რადგან შუა ზაფხულია და ხალხი დასასვენებლადაა წასული. ამ ბოლო დროს ციმბირული ლაიკაა მოდაში. ჩვენ ლაიკას და მგლის ნაჯვარი გვყავს.
- ერთ-ერთი კინოლოგისგან გავიგე, რომ დიღმის ბაზარზე გასაყიდად ძაღლებს ზედმეტი რაოდენობით ამრავლებენ, ბევრს ჯიში უფუჭდება...ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ უჯიშო ცხოველებს ჯიშიანებად ასაღებენ.
ლალი ვაშაკიძე, ვეტერინარი:
- კინოლოგმა, რომელსაც ბაზართან შეხება არა აქვს, ეს საიდან უნდა იცოდეს? საერთოდ, როცა მეპატრონეს სუფთა ჯიში ჰყავს, თვითონაა დაინტერესებული, რომ სუფთა ჯიშთან შეაჯვაროს და ლეკვებიც კარგი ჰყავდეს, რადგან წმინდა ჯიშის ლეკვები უფრო კარგად იყიდება. შერეული ჯიშის ძაღლს ეზოსთვის, დაბალ ფასად ყიდულობენ. ამიტომ ადამიანს თუ კარგი შემოსავალი უნდა, ჩვეულებრივ და უბრალო ჯიშს არ გამოიყვანს. ჩვენთან არც ერთი ძაღლი არაა უპატრონო. ისე, თავის ძაღლს ვისთან შეაჯვარებს, პატრონის პრეროგატივაა! ზოგადად ლაპარაკს, აჯობებს, ყველამ კონკრეტული ფაქტები დაასახელოს.
- როგორც ვიცი, კოკერ-სპანიელებს კუდი დაბადებიდან რამდენიმე დღეში უნდა მოაჭრან. ამ ჯიშის ძაღლებს თქვენთან კუდი მოჭრილი არა აქვთ, არადა, უკვე დიდები არიან... რატომ?
- კუდის ამპუტაცია მალევე უნდა მოხდეს, მაგრამ თქვენ რომელ ძაღლებზეც მეკითხებით, ისინი რუსული ჯიშის არიან და მათ პატრონს კუდის მოჭრის სურვილი არ ჰქონდა. ამას გარდა, რუსული კოკერ-სპანიელისთვის კუდის ქონა აუცილებელია, განსაკუთრებით, თუ მას მონადირედ ვზრდით. კუდი არა მარტო ხერხემლის მალების გაგრძელებაა, არამედ თავისი ფუნქცია, დანიშნულება აქვს. მონადირეები ჟარგონულად ამბობენ, "სტოიკას იჭერსო". ძაღლს ფრინველის მეთვალყურეობის დროს კუდი ორიენტაციის დაცვაში ეხმარება.
ეკა აბაშიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"