დათვისთვის დაგებულმა ხაფანგმა ფოტოდოკუმენტალისტი დააზიანა
ფოტოდოკუმენტალისტი ნიკა წიკლაური, რომელიც ფოტოებს ტურიზმის დეპარტამენტის დავალებით იღებს, რაჭაში, შაორის წყალსაცავთან ახლოს, დათვისთვის დაგებულმა ხაფანგმა დააზიანა.
როგორც ნიკა წიკლაური ამბობს, ხაფანგი ბილიკზე იყო დაგებული:
"მე ფოტოგრაფი ვარ და ტურიზმის დეპარტამენტის დავალებით მთელ საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული ობიექტების გადასაღებად დავდივარ. შაორის წყალსაცავის თავზე პატარა გორაკია და იქ ავედი, მანქანის გზაა ცუდი, იქიდან ალბათ ნახევარი კილომეტრით გადავედი და ბილიკს გავუყევი. ხაფანგი ბილიკზე იყო და ფეხი ჩამივარდა, ზევიდან ფოთლებით იყო დაფარული, ეს იყო პარასკევი საღამო, ნახევარი საათი დავხარჯე იმისთვის, რომ თავი გამეთავისუფლებინა. საერთოდ ხაფანგი ძნელი გასახსნელია, თითქმის შეუძლებელიც კი, მე გამიმართლა, რომ რაღაც ინსტრუმენტები მქონდა თან”, – აცხადებს ნიკა წიკლაური.
მომხდარის შემდეგ, როგორც იგი ამბობს, პოლიციას მიმართა:
"თავი როგორც კი გავითავისუფლე, წავედი, ხაფანგი წავიღე და ამბროლაურის პოლიციას ჩავაბარე, გავხსენი საქმე სხეულის დაზიანებაზე და ბრაკონიერობაზე. გარდა იმისა, რომ ხაფანგით ნადირობა საერთოდ აკრძალულია, ეს ადამიანისთვისაა სახიფათო, იმ ბილიკზე ნებისმიერს შეუძლია გაიაროს, ხაფანგი კი პირდაპირ ბილიკზე იყო დაგებული. რახან ტყეა იქ, ხალხი ხშირად არ დადის, მაგრამ თუ ვინმემ გაიარა, აუცილებლად დაზიანდება”.
წიკლაური არ არის დარწმუნებული, რომ პოლიცია დამნაშავის დაკავებას შეძლებს:
"მე არ ვიცი, პოლიცია რამდენად გახსნის საქმეს, რადგან იქ, როგორც ვიცი, ბევრი ბრაკონიერია და ბრაკონიერობის ფაქტები ხშირია, გამოძიება დაწყებულია ოფიციალურად, მაგრამ ფაქტობრივად მუშაობენ თუ არა, არ ვიცი, ორშაბათს მე გამომძიებლებს კონკრეტული ადგილი უნდა ვაჩვენო, სადაც ხაფანგში ჩავვარდი”, – აცხადებს ის.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხაფანგით ნადირობა აკრძალულია.