29-04-2013
დათვი ეძახე და თავისუფლების ყადრიც იცოდა და მოძმის გამო დარდიც... ეს ამბავი 1968 წელს მოხდა. მერაბ ელიოზიშვილს შეატყობინეს, რომ ჯავისკენ ბრაკონიერებს დედა დათვი მოეკლათ და მისი სამი ბელი სოფელში ჩაეყვანათ. გულზე მოხვდა მწერალს... იცოდა, სოფელში ბელებს გასართობად მოინდომებდნენ, ვინმეს შეიძლება გალიაშიც ჩაესვა და სასადილოს, ან რესტორნის წინ გამოედგა (ასეთი პრაქტიკა ხომ არსებობდა). ისედაც ობლობით გაწამებული ბელები არაფრით ემეტებოდა ადამიანების საჯიჯგნად. მერაბ ელიოზიშვილს ვილისი ("კოლხოზნიკსაც" ეძახდნენ), მთასა და უგზოში კარგად მავალი მანქანა ჰყავდა, სწორედ ამ მანქანით გაჰყოლია ტყისმცველებს ბრაკონიერის სახლისკენ.
სამწუხაროდ, სამიდან ერთი გასხვისებული დახვდათ... ის ორი კი წამოიყვანეს... თავსატეხი ის იყო, ასეთ პატარებს ტყეში ჰაიჰარად ვერ გაუშვებდნენ, ჯერ უნდა გამოეზარდათ. ვეტერინარის რჩევით, პირუტყვის საწოვარა უყიდეს ორივეს და რძითა და თაფლიანი წყლით დაუწყეს გამოკვება...
როგორც ბატონი მერაბის შვილები - დავითი და ეთერი იხსენებენ, ბელების შინ მოყვანა დიდი ზეიმი იყო. ასე დაბინავდნენ ცხინვალის, უწინ სოფელ დგვრისად წოდებულ ელიოზიანთ სამკვიდრო მამულში ობოლი ბელები... ერთს იმის გამო, რომ დათვი იყო, დათო დაარქვეს, მეორეს - ბაჩო.
ელიოზიანთ კარში, ძველთაძველი ფიცრულ-კრამიტით გადახურულ სათონეში საუკუნის წინანდელი წინაპართა მიერ მონადირებული დათვის ტყავი ეკიდა. ფოტოზე სწორედ ამ სათონის წინ დგას მერაბ ელიოზიშვილი და ხელში ქეჩოთი ბელი უჭირავს - ბაჩო... საინტერესო ის იყო, მას მერე, რაც ბელები ეზოში გაუშვიათ, სათონის კარს მიმდგარან და გულსაკლავად აბღავლებულან. ეტყობა, გუმანით ტყავი უცნიათ, თავისი დედის ბეწვს თუ შეადარეს, ალბათ...
- ხედავ, ამათაც იციან თავისი ჯიშის ცნობა, - კიდევ უფრო გულში ჩასწვდომია ალალ და მგრძნობიარე მასპინძელს... იქნებ პარალელებიც გაავლო და კონტრასტიც იპოვა ადამიანების ქცევასა და ბელების ქცევას შორის... ადამიანები ხშირად გაურბიან წინაპართა ადგილებს, უცხონი კი, ასევე თავის ალაგს გამოქცეულები, ემკვიდრებიან და გულდაგულ შლიან ნამასპინძლარების ნაკვალევს... დრომ ხომ აჩვენა, ასე რომ იყო... თუმცა საბოლოო დარტყმამდე ჯერ კიდევ რჩებოდა ათეული წლები, ჯერ კიდევ თავის ცხინვალში ცხოვრობდა და ბედნიერი იყო - ამაყი, თავის წინაპრებთან ახლოს მდგომი, იმათი საფლავების ჭირისუფალი...
ელიოზიანთ სახლში ბელებს მწყერზე მონადირე ძაღლი - პოინტერი ჩარლიც დახვდა. სუნი იკრეს და ორივე ბელი უკანა თათებზე დადგა, წინა თათებით ჩარლის მიეტანა. შეშინებული პოინტერი ეზოში ძველი ტახტის ქვეშ შევარდა და მოიკუნტა. ერთი ბელი თავით დაუდგა, მეორე - ფერხთით. თათების ქნევითა და ბღავილით მოიმწყვდიეს შუაში... რაკი სხვა გზით ვერ გამოიყვანა, მერაბ ელიოზიშვილმა ტახტი გადააყირავა და ძაღლი ბელებისგან "გაათავისუფლა".
მხიარული და ღონიერი ბელები თანდათან გალაღდნენ.
დათოს და ბაჩოს ელიოზიშვილები გულუხვად აპურებდნენ, ვრცელი სარდაფი მათ სამყოფლად აქციეს... მაგრამ ბელებს დათვური ბუნება ჰქონდათ და გარეთ მიიწევდნენ. მოგეხსენებათ, იმას, რაც სისხლშია გამჯდარი, ვერაფერი მოერეოდა. მასპინძელმაც ეზოში გაუშვა, ბელები ხეზე ადიოდნენ, კიბეს საფეხურებით კი არა, ცოცვით მიჰყვებოდნენ, საგანგებოდ მათ გასართობად აგებულ ძველი ფიცრების ფარდულს ხან თავზე მოექცეოდნენ, ხან - ქვეშ...
გაზაფხული იდგა. ცოტა კიდევ უნდა გაეძლოთ, მერე, ზაფხულში, ლაგოდეხის ნაკრძალში უპირებდა გაშვებას გადამრჩენელი. დრო კი გაჭიანურდა... ბელები რძისა და თაფლიანი წყლის მეტს არაფერს აკარებდნენ პირს... ცოტა გაუჭირდა ოჯახს მათი შენახვა... ბავშვებისთვის აღარ რჩებოდათ რძე და თაფლი... იქნებ ერთი ბელის შენახვაში მეგობარი დამეხმაროსო, - იფიქრა ელიოზიშვილმა და დათო დროებით თავის მეგობართან გადაიყვანა.
ბაჩო მთლად გადაირია, კიდევ უფრო მოუსვენარი გახდა. პატარა გალია გაუკეთეს. აღრიალდა, არ იგუა... ცხაურებს შორის თავი გამოყო და გაიჭედა. მაშინ დიდი ცხაური აუგეს - ოთახის ხელა. შუაში იყო გამხმარი ხე. იარა ბაჩომ თავის ახალ "აპარტამენტში", თავი თავისუფლებაწართმეულად იგრძნო. აღარც დედა, აღარც ძმა... ეგეთი რძე და თაფლიანი წყალიც აღარაფრად უღირდა და თავის მოკვლა გადაწყვიტა. აძვრებოდა ხმელ ხეზე და თავით ვარდებოდა ძირს, ისევ აძვრებოდა და ვარდებოდა... თან გულსაკლავად ბღაოდა. რომ დაიღალა, უკანა თათი ჩაიდო და სისხლის გამოსვლამდე წოვდა.
დათვი ეძახე და თავისუფლების ყადრიც იცოდა და მოძმის გამო დარდიც...
ზაფხულში ორივე ბელი ლაგოდეხში წაიყვანა... ალბათ "კოლხოზნიკიდან" დგაფუნით გადმოცვივდნენ და უსიერი ტყისკენ გაბაჯბაჯდნენ. არ ვიცი, მოხედეს თუ არა უკანასკნელად მასპინძელს, რომელმაც სიცოცხლე გადაურჩინა... დათვებმა რა იცოდნენ, რომ მათი გადამრჩენელი ქართველი მწერალი იყო, რა იცოდნენ, რომ საოცარ მოთხრობებს, სცენარებსა და პიესებს წერდა... არც ის გაეგებოდათ, რომ ათეული წლების შემდეგ მასაც გამოაძევებდნენ სახლიდან, გადაკარგავდნენ იმ ეზო-კარიდან, რომელიც ასე უყვარდა... იმასაც დააობლებდნენ, რადგან მამა-პაპის, მშობლების საფლავს დააკარგვინებდნენ...