ძაღლებს საკუთარი პატრონები ხუთჯერ უფრო მეტად უყვართ, ვიდრე კატებს
ამერიკელმა ნეირობიოლოგმა პოლ ზაკმა ადამიანის მიმართ ცხოველის სიყვარულის დონე გაზომა, - ამის შესახებ Times of India იუწყება.
მისი დასკვნები BBC-ის დოკუმენტურ ფილმში "კატები ძაღლების წინააღმდეგ" (Cats vs Dogs) გამოიყენეს.
ექსპერიმენტში 10 კატა და 10 ძაღლი მონაწილეობდა.
10 წუთის განმავლობაში ისინი საკუთარ პატრონებს ეთამაშებოდნენ, რის შემდეგაც ცხოველებს ნერწყვის ანალიზის მიხედვით ოქსიტოცინის დონე გაუზომეს.
ოქსიტოცინი ჰიპოტალამუსის ჰორმონია, რომელიც ჰიპოფიზის უკანა წილში ტრანსპორტირდება, სადაც გროვდება და მოგვიანებით, სისხლში ხვდება.
მეცნიერები მას "სიყვარულის ჰორმონს" ეძახიან.
იგი უხვად უყალიბდება ორსულ ქალებს და მათ ე.წ. "დედობის ინსტინქტს" უღვივებს.
როგორც ცნობილია, რაც უფრო მშვიდი და ბედნიერია ადამიანი, მით მეტი ოქსიტოცინი აქვს.
კვლევის მიხედვით, პატრონებთან თამაშის დროს ძაღლების ორგანიზმში ჰორმონის ზრდამ 57,2%, ხოლო კატებში - მხოლოდ 12% შეადგინა.
"შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ძაღლებს საკუთარი პატრონები ხუთჯერ უფრო მეტად უყვართ, ვიდრე კატებს", - ასკვნის ნეირობიოლოგი პოლ ზაკი.
წყარო: http://www.allnews.ge/
|