ინფორმაცია მძღოლებისთვის: მართვის მოწმობას ქულები მიენიჭება, რომლის ამოწურვის შემთხვევაში გამოცდის ჩატარება მოგიწევთ
შინაგან საქმეთა სამინსიტროს გადაწყვეტილებით, 2016 წლის პირველი იანვრიდან მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა შემოდის.
როგორც შსს-ს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა სამინისტროში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, მძღოლები რამდენჯერაც დაარღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს ქულებიც შესაბამისად დააკლდებათ. როდესაც ქულა ნულზე ჩამოვა მათ მართვის მოწმობა გააუქმდებათ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ასეთ მძღოლებს ორი თვის შემდეგ გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევთ.
როგორც შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, ქულები მძღოლებს დარღვევის სირთულიდან გამომდინარე შესაბამისი რაოდენობით გამოაკლდებათ.
„1 იანვრიდან ყველა მართვის მოწმობას, განურჩევლად კატეგორიისა, წელიწადში ერთხელ 100 ქულა მიენიჭება. რამდენჯერაც მოქალაქე მოძრაობის წესს დარღვევს, პატრული გააჩერებს და დააჯარიმებს, მაგალითად ტელეფონზე საუბრისთვის, ეს შესაბამისი ქულის გამოკლებას ნიშნავს. დაჯარიმებისას კომპიუტერული პროგრამა ავტომატურად აკლებს ქულებს ამ 100 ქულიდან“- თქვა შს მაღალჩინოსანმა.
ახალი წესის თანახმად, ვიდრე მართვის მოწმობისთვის მინიჭებული 100 ქულა ნულზე ჩამოვა, მძღოლს მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებენ, რომ ქულები უმცირდება, მართვის მოწმობის გაუქმების საშიშროების შესახებ ცნობასაც SMS - ით მიიღებს.
შს სამინისტროში დღეს არ დაუკონკრეტებიათ რომელი დარღვევა რამდენ ქულას შეადგენს.