თბილისის ზოოპარკის ბინადარი ბეჰემოტი "ბეგე" რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო. 14 ივნისის წყალდიდობის დროს მისი ზოოპარკის ტერიტორიიდან გასვლის ფაქტი მსოფლიოს თითქმის, ყველა წამყვანმა მედიასაშუალებამ გააშუქა. გავრცელდა არაერთი ფოტო, სადაც ასახულია გმირთა მოედანზე მდგარი ცხოველი, რომელიც მოგვიანებით ზოოპარკის ტერიტორიაზე დააბრუნეს. ამასთან, არაერთი სტატია დაიწერა სტიქიის შედეგად დაზარალებულ თბილისის ზოოპარკზეც, რომლის ბინადართა თითქმის 50% წყალდიდობის დროს განადგურდა. მომხდარის გამო თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციას მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ზოოპარკმა შესთავაზა დახმარება.
თბილისში უკვე ჩამოვიდნენ ჩეხი და ებრაელი სპეციალისტები პრაღისა და იერუსალიმის ზოოპარკებიდან. ისინი თბილისის ზოოპარკის თანამშრომლებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ და საჭირო დახმარებას უწევენ. თბილისის ზოოპარკის აღდგენის პროცესში ჩართვის სურვილი ერევნის ზოოპარკის სპეციალისტებმაც გამოთქვეს. ისინი სტიქიის შემდეგ ცხოველებს რეაბილიტაციაშიც დაეხმარებიან.
"ისინი გაწმენდით სამუშაოებში და ცხოველების გამოტანაში მონაწილეობენ, რომლებიც დატბორილ ვოლიერებში არიან. ვისაც რითი შეუძლია, იმით გვეხმარება. არ ვიცი, რამდენ ხანს დარჩებიან თბილისში, ალბათ რამდენ ხანსაც იქნება საჭირო", - აღნიშნა თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მზია შარაშენიძემ AMBEBI.GE-თან საუბრისას.
გერმანული გამოცემა "ფოკუსის" ცნობით, გერმანიის ზოოლოგიური პარკების კავშირის პრეზიდენტმა, ტეო პაგელმა განაცხადა, რომ დახმარების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ისინი მზად არიან ქართველ კოლეგებს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ.
ამას გარდა, ოდესის ზოოპარკი მზადაა თბილისის ზოოპარკს 20-მდე ცხოველი აჩუქოს. ოდესის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება აქლემის, ირმის, ბუს, ციმბირული თხის და სხვა ჯიშის ცხოველებისა და ფრინველების გაგზავნა. ოდესის ზოოპარკის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ნაჩუქარი ფრინველები და ცხოველები ქართველ კოლეგებს ზოოპარკის ბინადართა კოლექციის აღდგენაში დაეხმარება.
დახმარების სურვილი გამოთქვა რუსეთის არაერთმა ზოოპარკმაც. რუსული მედიის ცნობით, ეკატერინბურგის ზოოლოგიური პარკი ქართველი კოლეგებისათვის დახმარების წინადადებებს ამზადებს. ურალის რეგიონში მდებარე კერძო ფერმა კი მზადაა, თბილისის ზოოპარკს 6 რეპტილია აჩუქოს.
ცხოველების ჩუქების ინიციატივით მოსკოვის ზოოპარკიც გამოვიდა. რუსეთის დედაქალაქის ზოოლოგიური პარკის პრესსპიკერის, ოლგა ვაინშკოტის განცხადებით, ისინი მზად არიან თბილისის ზოოპარკს ცხოველები გადასცენ, თუ ქართული მხარე მათ ამ თხოვნით მიმართავს. მისივე თქმით, მოსკოვის ზოოპარკი მზად არის თბილისის ზოოპარკის ბინადრები დროებით შეიფაროს.
თბილისის ზოოლოგიურ პარკს მსგავს დახმარებას სთავაზობს შვეიცარიის, ლონდონისა და კიევის ზოოპარკების ადმინისტრაციებიც. თუმცა, თბილისის ზოოპარკს ამ ეტაპზე მათთვის უარის თქმა უწევს.
"მსოფლიოს უამრავი ზოოპარკი რეკავს და გვთავაზობს დახმარებას. ამაზე საუბარი ახლა ნაადრევია. ვიდრე არ გვექნება შესაბამისი ტერიტორია, მანამ ცხოველებს ვერ მივიღებთ ფიზიკურად. ევროპის ზოოპარკების და აკვარიუმების ასოციაციაც, რომლის წევრობის კანდიდატებიც ვართ ჩვენ, გვთავაზობს დახმარებას. ასე რომ, თუკი იქნება შესაბამისი ტერიტორია, კოლექციის შეგროვების პრობლემა არ იქნება".
ზოოლოგიური პარკების გარდა, თბილისის ზოოპარკის დახმარებას მოქალაქეებიც ცდილობენ. მსურველები უკვე რამდენიმე დღეა სპეციალურ ანგარიშზე გარკვეულ თანხას რიცხავენ. თანხა გროვდება მსოფლიოს მასშტაბითაც. სპეციალურ ვებგვერდ www.indiegogo.com-ზე ბოლო ორი დღის მანძილზე 104-მა ადამიანმა უკვე 5000 დოლარზე მეტი შეაგროვა. დონაციის გვერდი კიდევ ერთ თვეს იმოქმედებს და ამ ხნის მანძილზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თბილისის ზოოპარკისთვის თანხების გადარიცხვის შესაძლებლობა ექნება.
თამთა ჯიჯავაძე
AMBEBI.GE