"ისინი ჟღალი ფერისანი და ძალიან აგრესიულები არიან, მგლებს ჰგვანან, მაგრამ მგლები არ არიან"
ტყეში ხროვებად გასული გაველურებული ძაღლების რაოდენობის სწრაფი ზრდა სოფლების გარდა დედაქალაქის შემოგარენშიც შეინიშნება. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას ეკოლოგი ნინო ჩხობაძე ამბობს, გაველურებული ძაღლი მოსახლეობას ხშირად მგელი ჰგონია, თუმცა მისი თქმით, გარეული ძაღლები მგლებზე არანაკლებ საშიშები არიან.
"ეს არის მაწანწალა ძაღლების ტყეში გასვლა და ხროვებად ჩამოყალიბება. ფიზიოლოგიურად ისინი არიან ჟღალი ფერისანი და ძალიან აგრესიულები, მგლებს ჰგვანან, მაგრამ მგლები არ არიან. თუ სადმე მგელი შენიშნეს, ჯერ უნდა დადგინდეს, იყო თუ არა ნამდვილად მგელი და ხომ არ იყო მაწანწალა, გარეული ძაღლი, რომელიც ასევე საშიშია.
"მაგალითად, მარნეულში როდესაც ეგონათ, რომ მგელი მოკლეს, მას ჰქონდა ნიშანი, რომელიც აქვს ძაღლს და არა მგელს. შეიძლება ცხოველი ფიზიოლოგიურად მგელს ჰგავდეს, მაგრამ იყოს ძაღლი.
"მაწანწალა ძაღლები თბილისის გარშემოც ძალიან მომრავლებულია, ხალხს ისინი მგელი ჰგონია, თუმცა ეს არის ჩვეულებრივი ძაღლი, ოღონდ გაველურებული და ძალიან საშიში. ბუნებაში ეკოლოგიური ბალანსია დარღვეული, საკვები შემოაკლდათ და სოფლებში შემოდიან, თუმცა მგელს ადამიანის ეშინია, ძაღლს კი არა", - ამბობს ნინო ჩხობაძე.
ეკოლოგის თქმით, გაველურებული ძაღლების გარდა, სოფლებში მგლების რაოდენობაც იზრდება, რაც ტყეში საკვების შემცირებამ გამოიწვია.ორი დღის წინ, ქარელის რაიონის სოფლებში მგელმა ერთ-ერთ მოსახლეს ხუთი ცხვარი, მეორე სოფელში კი დაბმული ვირი შეუჭამა. გასულ კვირას გორში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მგელი იპოვეს. ადგილობრივების თქმით, გარეული ცხოველი ერთ-ერთი ბინის კარის გაღებას ბრჭყალებით ცდილობდა, პოლიციამ ცხოველი ხუთი გასროლის შემდეგ მოკლა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ნონა ხელაიას თქმით, გარეული ცხოველის მხრიდან მოსახლეობასა და მათ ქონებაზე თავდასხმა - იქნება ეს შინაური ცხოველი თუ სხვა სახის ქონება, კანონმდებლობით რეგულირდება.
"ასეთ დროს მოქმედებს "ცხოველთა სამყაროს შესახებ" კანონი და მისგან გამომდინარე, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული "გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ" დებულება. როდესაც ცხოველი ადამიანს ან მის ქონებას თავს ესხმის, უნდა მოხდეს მისი გარემოდან ამოღება, ანუ მოკვლა. თავდასხმის მომენტში სამინისტროს ნებართვა საჭირო არ არის და არც მოქალაქე ჯარიმდება.
"უბრალოდ ასეთ შემთხვევაში მოკლული ცხოველის შესახებ სამინისტროს ან ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა ეცნობოს. მოკლული ცხოველი უნდა განადგურდეს დადგენილი წესის შესაბამისად, რომლის მიხედვით, დაცული უნდა იყოს სანიტარიული ნორმები, უნდა მოხდეს ცხოველის დამარხვა ან დაწვა", - ამბობს ნონა ხელაია.
მისი თქმით, თუ თავდასხმის მომენტში მოსახლეობა ცხოველს ვერ კლავს, კანონმდებლობით გათვალისწინებულია, გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების უფლების ადგილობრივ ორგანოზე დელეგირება: "ანუ გამგეობამ ამის შესახებ სამინისტროს უნდა მიმართოს, შემდეგ დგება ხელშეკრულების პროექტი და სამინისტროსა და გამგეობას შორის ხდება შეთანხმება.
"საკითხი მთავრობის სხდომაზე გადის და დელეგირებაზე გადაწყვეტილებას მთავრობა ღებულობს, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამგეობას უფლება აქვს, ცხოველს ჩაუსაფრდეს, გააჩნია, ხელშეკრულებით განსაზღვრული როგორ იქნება და ისე მოიქცეს", - ამბობს ხელაია.
მისივე თქმით, კანონმდებლობაში ცვლილება შევა, რომელიც აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების პროცესს გაამარტივებს და დროში არ გაწელავს.
"მნიშვნელოვანია, რომ გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება საჭირო არ გახდეს და პრევენციული ქმედებები გატარდეს. სპეციალისტების აზრით, საჭიროა გარეულ ცხოველთან, ამ შემთხვევაში მგელთან დაკავშირებული წესების ცოდნა. ეს იმას გულისხმობს, რომ შინაური ცხოველები საძოვარზე მწყემსებისა და ძაღლების გარეშე არ გაუშვან.
"ხშირია შემთხვევები, როდესაც საქონელი საძოვარზეა და არც ძაღლი ახლავს თან და არც მწყემსი, ამ დროს, რასაკვირველია, გარეული ცხოველისთვის ნადავლი ადვილი მოსანადირებელია. იმის გარდა, რომ მათ თავს დაესხმება, ის შეეჩვევა ასე შემოსვლას და ხალხთან ახლოს უფრო ადვილად იპოვის საკვებს, შესაბამისად, თავდასხმებიც გაგრძელდება.
"მეორეა უნებართვო ნაგავსაყრელების პრობლემა. ხევები, სადაც ცხოველურ ნარჩენებს ყრიან. გარეულ ცხოველს ძალიან კარგი ყნოსვა აქვს და ამით ადამიანთან უფრო ახლოს იქნება. ჩვენ მოსახლეობას ხშირად ვაძლევთ რეკომენდაციებს, რომ არც ნარჩენები დაყარონ ხევებში და მითუმეტეს, საქონელი უპატრონოდ არ გაუშვან. ამას გარდა, კარგი იქნება თუ შინაური ცხოველები შემოღობილ ადგილას ეყოლებათ, რომ მტაცებელი მათთან ვერ შევიდეს", - ამბობს ნონა ხელაია.
წყარო: http://newpost.ge/
|