თბილისის ირგვლივ არსებულ ტყით დაფარულ ფართობზე, ავიაციის დახმარებით, მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები გატარდება. ამის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ სამინისტროს საქმიანობის სამი თვის ანგარიშის წარდგენამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ტყის მოვლის ღონისძიებები საქართველოში ათეულობით წლების განმავლობაში არ ჩატარებულა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯერ კიდევ შარშან, უწყებამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტყის მოვლის ღონისძიებების გატარება დაიწყო. რაც შეეხება თბილისის შემოგარენს, წელს მაისის თვეში იგეგმება შეწამვლა, რადგან მინისტრის თქმით, დაავადება მზომელა საკმაოდ დიდ რისკს უქმნის თბილისის გარშემო არსებულ ტყეებს.
ხათუნა გოგალაძის თქმით, მაისში ავიაციის საშუალებით ბიოლოგიური პრეპარატებით შესაწამლი ღონისძიებების გატარება მოხდება, რის შესახებაც მოსახლეობა გაფრთხილდება და წინასწარ ინფორმირებული იქნება.
ხათუნა გოგალაძემ ყურადღება გაამახვილა, რომ პრეპარატი, რომელსაც სამინისტრო გამოიყენებს, ბიოლოგიურია და საშიშროებას არ წარმოადგენს.
წყარო: http://www.interpressnews.ge/
|