გადაწყვიტეთ, ძაღლი იყიდოთ? კარგია, მაგრამ ალბათ მაინც ღირს დაფიქრება, რამდენად სერიოზულია თქვენი განზრახვა – ძაღლი ხომ ნივთი არ არის, რომელსაც, თუ არ მოგეწონათ, უკანვე დააბრუნებთ. უნდა გესმოდეთ, რომ ამ მგრძნობიარე არსების მომავალი თქვენზე, თქვენს ჩვევებსა და განწყობაზე იქნება დამოკიდებული.
ძაღლს მუდმივი მზრუნველობა სჭირდება, ასე რომ, დაფიქრდით, მზად ხართ თუ არა, მისი მოვლა იტვირთოთ. ერთი სიტყვით, ვიდრე ნაცნობებს დაურეკავდეთ ან იმ ორგანიზაციას დაუკავშირდებოდეთ, რომელიც ძაღლის შეძენისას დახმარებას გპირდებათ, კიდევ ერთხელ აწონ-დაწონეთ, გაქვთ თუ არა ამის მორალური უფლება.
ვიდრე არჩევანს ამა თუ იმ ჯიშზე შეაჩერებდეთ, კიდევ ერთხელ გააანალიზეთ ყველა ის ცვლილება, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მოხდება ოჯახის ახალი წევრის შემომატებისას. როგორია თქვენი ცხოვრების წესი? რამდენი საათს ატარებთ შინ? ვინ მოუვლის ძაღლს, როცა შინ არ იქნებით? ვის დაუტოვებთ ოთხფეხა მეგობარს შვებულების დროს? არც ის დაგავიწყდეთ, რომ ძაღლს კვება განსაზღვრულ საათებში სჭირდება, ხოლო თავდაპირველად, მიუხედავად ამინდისა, 4-5-ჯერ უნდა გაიყვანოთ გარეთ.
შეაფასეთ თქვენი ბინის მასშტაბი. თუ პატარა ბინა გაქვთ, არ გირჩევთ, არჩევანი დიდი ზომის ძაღლზე (სენბერნარზე, გერმანულ ნაგაზზე, სეტერზე) შეაჩეროთ. უმჯობესია, მომცრო ჯიშის ცუგა შეიძინოთ (მაგალითად, პუდელი, ტაქსა ან ფოქსტერიერი). ასეთი არჩევანით თქვენც მოიგებთ და ძაღლიც – დიდი ზომის ცხოველებს ხომ გადაადგილებისათვის მეტი ფართობი სჭირდებათ. თუნდაც ქალაქგარეთ ცხოვრობდეთ ან პატარა ბაღი გქონდეთ, პატარა ძაღლის მოვლა მაინც უფრო ადვილია.
არსებობს მოსაზრება, რომ ძაღლი ქალაქში ბედნიერი ვერ იქნება, თუმცა ყოველივე შედარე-ბითია. რა თქმა უნდა, თუ ძაღლი ფართობის სიმცირეს განიცდის, გარკვეული დისკომფორტი აუცილე-ბლად შეექმნება, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოველისთვის პატრონთან ურთიერთობაა. მისთვის აუცილებელია, ეთამაშებოდნენ, ყურადღებას აქცევდნენ, ელაპარაკებოდნენ და აგრძნობინე-ბდნენ, რომ ის ოჯახის სრულფასოვანი წევრია. გერმანული ნაგაზი, რომელიც არცთუ ისე დიდ ბინაში ცხოვრობს და პატრონთან ერთად დიდ დროს ატარებს, გაცილებით ბედნიერია, ვიდრე იმავე ჯიშის ძაღლი, რომელიც გრძელი ჯაჭვით არის დაბმული და ბაღს დარაჯობს. მართალია, ეს უკანასკნელი მეტ სივრცეს ფლობს, მაგრამ პატრონთან კავშირი თითქმის არ აქვს.
ძაღლის შეძენა ყველაზე მეტად ბავშვებს უხარიათ – ისინი ხომ ყველა ცოცხალი არსებისკენ ისწრაფვიან. ძაღლიც, თავის მხრივ, საოცარ კეთილგანწყობასა და მოთმინებას იჩენს ბავშვების მიმართ. თუმცა ოჯახური ჰარმონია რომ არ დაირღვეს, ზოგიერთ დეტალზე წინასწარ უნდა შევთანხმდეთ:
ბავშვმა არ უნდა სცემოს, უხეშად არ უნდა მოექცეს ძაღლს.
მან ძაღლი ცოცხალ არსებად უნდა აღიქვას და არა სათამაშოდ.
პატარა არ უნდა მიუახლოვდეს ძაღლს, როცა ეს უკანასკნელი ჭამს.
ბავშვმა არ უნდა შეაწუხოს მძინარე ძაღლი.
არ მიაჩვიოთ ძაღლი, ბავშვს სახე და ხელები ულოკოს.
პატარა არ უნდა უმასპინძლდებოდეს ძაღლს ტკბილეულით.
თავი არიდეთ სიტუაციებს, რომლებიც ბავშვს ძაღლის მიმართ აეჭვიანებს.