დათვებზე ნადირობის ფაქტთან დაკავშირებით
აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს თელავის პოლიცია იძიებს. "ამ ეტაპზე გამოვლენილია დანაშაულში მონაწილე რამდენიმე პირი, რომელთაც ბრალი უახლოეს დღეებში წარედგინებათ. მიმდინარეობს მუშაობა დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად", - აცხადებენ შს სამინისტროში.
საქართველოში დათვზე უკანონოდ ნადირობა სისხლის სამართლის წესით ისჯება. ერთი დათვის მოკვლით გარემოსათვის მიყენებული ზიანი 50 ათასი ლარით არის განსაზღვრული. ფშაველის ტყის გარდა, დათვებზე უკანონოდ ნადირობენ ყვარლის რაიონშიც. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, ახალსოფლის და მთისძირის მაცხოვრებლებმა წელს, უკვე 7 დათვი მოკლეს.