ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ქრობის პროცესში, დაცული ტერიტორიების ბორჯომი-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დაიღუპა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბორჯომი-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ივანე კუპრაძე ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.
„ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა. გამორჩეული და თავდადებული შრომისთვის არაერთხელ აქვს მიღებული მადლობის სიგელი. იგი გამოირჩეოდა ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და ხშირად ჩაუგდია თავი საფრთხეში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი მოქალაქეების დაუდევრობის შედეგად გაჩნდა.
წყარო: http://new.ipn.ge
|