ზოოპარკის ადმინისტრაციამ 17 წლის გორილა ჰარამბეს მოკლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 4 წლის ბავშვი მის გალიაში ჩავარდა. ინციდენტი მოხდა ცინცინატში (აშშ).
"ცინცინატის ზოოპარკისთვის სამწუხარო ამბავი მოხდა, თუმცა, ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან საქმე 4 წლის ბავშვის უსაფთხოებას ეხებოდა."- ამბობს ცინცინატის ზოოპარკის დირექტორი.
გორილა გალიაში ჩავარდნილ ბავშვს მიუახლოვდა, თუმცა, თვითმხილველების თქმით, პატარასთვის ცხოველს ზიანი არ მიუყენებია.
დირექტორის თქმით, დამაძინებელი ტრანკვილიზატორი გამიზნულად არ გამოიყენეს, რადგან მის მოქმედებას გარკვეული დრო სჭირდება, ამასთანავე, შესაძლოა, წამლის მოქმედებისას ცხოველს გაღიზიანება დაწყებოდა, ამიტომ 17 წლის ჰარამბეს ლიკვიდაცია მოახდინეს.
ინციდენტის შემდეგ, ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, შემოწმებისას მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
ცინცინატის ზოოპარკმა სულ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა გორილა ჰარამბეს 17 წლისთავი.