კომპანიონი ცხოველების არასათანადო მოპყრობისათვის როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შესაძლოა გამკაცრდეს.
"ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ" პარლამენტში ინიცირებულ პროექტს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა" და "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები ერთვის თან.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით, კოდექსს კომპანიონ ცხოველთა უფლებებისა და კეთილდღეობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით ახალი მუხლი ემატება.
კერძოდ, პროექტის თანახმად, კომპანიონი ცხოველის ყოლის წესების დარღვევა და მისთვის არაკეთილსაიმედო საარსებო პირობების შექმნა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშისა), საზოგადოებრივ ადგილებში მოკლე საბელის ან საბელითა და ალიკაპის გარეშე გასეირნება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
კომპანიონი ცხოველის პატრონის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაუსუფთავებლობა, ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
კომპანიონი ცხოველის მოკვდინებისათვის დასაშვები წესების დარღვევა -გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
კომპანიონ ცხოველთა საკვებად გამოყენება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
სანახაობებში, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში კომპანიონ ცხოველთა გამოყენებისას, ორგანიზატორთა მხრიდან მათი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
10-ზე მეტი კომპანიონი ცხოველის ყოლისას, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ თავშესაფრის არდარეგისტრირება გაფრთხილების შემდეგ, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან კომპანიონ ცხოველთა ყოლის უფლების შეზღუდვას 5-დან 10 წლამდე ვადით.
უსაფრთხოების ზომების მიღების გარეშე, კომპანიონი ცხოველების მონაწილეობით, მასობრივი ღონისძიებების ჩატარება საბავშვო მოედნებზე, სკოლამდელ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
ისეთი გამოფენების, დემონსტრაციების, რეკლამების, გასართობი შოუებისა და კონკურსების მოწყობა, აგრეთვე ფილმების გადაღება კომპანიონ ცხოველთა მონაწილეობით, რომლებიც ლახავს მათს ღირსებას და შეიცავს ძალადობის ელემენტებს - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
გარეული ცხოველების შეჯვარება კომპანიონ ცხოველებთან გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
გენეტური სნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების მქონე გენეტიკურად არასრულფასოვანი კომპანიონი ცხოველების გამრავლება - გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ ქმედებათა განმეორებითი ჩადენა კი, გამოიწვევს დარღვევისათვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გაორმაგებული ოდენობით დაკისრებას.
რაც შეეხება სისხლის სამარლის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს, პროექტის მიხედვით, "სისხლის სამართლის კოდექსში" ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებულ მუხლს ემატება პასუხისმგებლობის დამატებითი სანქცია - კომპანიონი ცხოველის ყოლის უფლების შეზღუდვა 5-დან 10 წლამდე ვადით.
გარდა ამისა, კოდექსს სამი ახალი მუხლი ემატება, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა კომპანიონი ცხოველის მიმართ ექსპერიმენტებისა და სამედიცინო ოპერაციების ჩატარება აუცილებლობისა და გადაუდებელი საჭიროების გარეშე, ასევე კომპანიონ ცხოველთა გაუმართლებელი მოკვლა, მიმართული კონკრეტული სახეობის წინააღმდეგ ან კომპანიონ ცხოველთა რიტუალური მოკვლა.
პროექტის მიხედვით, პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება ცხოველთა მონაწილეობით ორთაბრძოლების მოწყობისათვის, ორგანიზებისათვის, პროპაგანდისა თუ მასში მონაწილეობისათვის.
კანონპროექტი სახელწოდებით - "ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ" ცხოველთა დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა მოამზადეს, განსახილველად კი პარლამენტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა წარუდგინა.
პროექტი მიზანია ე.წ. კომპანიონი ცხოველის, როგორც ცოცხალი არსების საარსებო გარემოს ხარისხის დამკვიდრება, მათთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა და დაცვა, უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა.