თუ შინაური ძაღლების ჩხუბს შესწრებიხართ, გეცოდინებათ, რომ ხანმოკლე ორთაბრძოლაც კი ძალზე საგანგაშოა _ ის შეიძლება მოჩხუბართა სერიოზული დასახიჩრებით დამთავრდეს . ჩხუბს მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში იწყება მაშინ, როცა არც ერთი მონაწილე არ იხევს უკან, მიუხედავად აშკარა გამაფრთხილებელი ნიშნებისა.
მაღალი ძაღლების უპირატესობა
ჩხუბისას მაღალ ძაღლებს აქვთ უპირატესობა – სიმაღლე. შედარებით პატარა ძაღლს კი შეუძლია დაუსხლტეს და გაიქცეს, რითაც სასტიკ დაკბენას გადაურჩება.
შეუპოვრობა
მართალია, ეს ძაღლი გაცილებით პატარაა, მაგრამ არანაკლებ აგრესიას ავლენს.
ბრძოლა ინსტინქტებთან
ძაღლის ზოგიერთი ტიპი, განსაკუთრებით ბულტერიერის ჯგუფი, უფრო მებრძოლი ბუნებისაა, რაც იმის დასტურია, რომ თავდაპირველად ისინი ძაღლების ჩხუბისთვის გამოიყვანეს. ძუები, როგორც წესი, ხვადებზე ნაკლებად ავები არიან. აგრესია არ ახასიათებთ ლეკვებსაც და ამ სტადიაზე საჭიროა მათი სათანადო გაწვრთნა მებრძოლი ძაღლის ინსტინქტების დასათრგუნად.
ხვად ძაღლებში აგრესიული ინსტინქტების შემცირებას ხელს უწყობს კასტრაცია, რის შემდეგაც ორგანიზმში ეცემა მამრობითი სასქესო ჰორმონის _ ტესტოსტერონის – დონე. კასტრირებული ძაღლის გაწვრთნა შედარებით იოლია. თუ შენიშნავთ, რომ თქვენი ძაღლი სხვა ძაღლების მიმართ აგრესიულია, გაუკეთეთ ალიკაპი სეირნობის დროს. მიზანშეწონილია, რჩევისთვის მიმართოთ კინოლოგს ან თქვენს ვეტერინარს, რათა უფრო ადვილად დასძლიოთ ძაღლის აგრესიული ინსტინქტი.
არასწორად აღქმული ნიშნები
ზრდასრული ძაღლები, რომლებიც ერთმანეთს კარგად იცნობენ, თამაშის დროს ხშირად ჩხუბობენ, რითაც ნამდვილი აგრესიის გარეშე ამოწმებენ ერთმანეთის ძალ-ღონეს; ეს საჭიროა უპირატესი ინდივიდის გამოსავლენად და სოციალური იერარქიის შესანარჩუნებლად. აშკარაა, რომ ჯიშები, რომლებიც ექსტერიერით მგლებს ჰგვანან, მაგალითად ციმბირული ჰასკი, გაცილებით უკეთ ახერხებენ ერთმანეთში ვიზუალური ინფორმაციის გაცვლას. ხოლო ზოგიერთი ჯიში, მაგალითად ფრანგული ბულდოგი, რომელიც წინაპრებთან შედარებით უაღრესად შეცვლილია, მუქარის გამოხატვას ძალზე სუსტად ახერხებს. ამიტომ მათი თამაში შეიძლება ნამდვილ ჩხუბში გადაიზარდოს, რადგან მეტოქეები ზოგჯერ არასწორად აღიქვამენ ერთმანეთის განზრახვას.
ჩხუბის შეწყვეტა
შინაურმა ძაღლებმა, რომლებიც ჯგუფურ ცხოვრებას არ არიან მიჩვეული, შეიძლება არასწორად გაიგონ სხვა ძაღლების სხეულის ენა _ ზოგ შემთხვევაში ეჩხუბონ კიდეც იმ ინდივიდს, რომელიც მიანიშნებს, რომ საერთოდ არ აპირებს მათთან ჩხუბს. პარკში სეირნობისას, სადაც თქვენი ძაღლი სხვა ძაღლებს ხვდება, ყურადღებით იყავით და თუ შეატყვეთ, რომ შეიძლება ჩხუბი გაჩაღდეს, მაშინვე მოუხმეთ თქვენკენ. ყოველთვის ფხიზლად ადევნეთ თვალი და ეცადეთ, დასაწყისშივე აღკვეთოთ ნებისმიერი დაპირისპირება. თუ ჩხუბი გაჩაღდა, ძაღლები ხელით არ გააშველოთ, რადგან შეიძლება დაგკბინონ. ამის ნაცვლად ლასოს ტიპის საბელი კისერზე შემოახვიეთ თქვენს ძაღლს და უსაფრთხოდ გამოარიდეთ იქაურობას.
უკარება
ტერიერის ტიპის ძაღლები ნაკლებად არიან სოციალური არსებები და ხშირად ერთმანეთის მიმართაც აგრესიულობას ამჟღავნებენ.
ნაკლი
ჯეკ რასელ ტერიერი, მართალია, თავის მეტოქეზე ასაკით უფროსია, მაგრამ მასზე პატარა და დაბალია, რაც ჩხუბის დროს სერიოზულ ნაკლად ითვლება.
ფრთხილად!
იცოდეთ, რომ ჩხუბის შემდეგ ძაღლი ძალზე დათრგუნვილია და შეიძლება ჭრილობების დათვალიერების ნება არ მოგცეთ.
წყარო: http://zooclub.ge
|