ძაღლები, როგორც სოციალური არსებები, ზოგჯერ საოცრად ეჩვევიან სახლში მათთან ერთად მცხოვრებ სხვა ცხოველებს (მათ შორის ძაღლებსაც) .
თუ ერთდროულად შეიძენთ ლეკვსა და კატას და მათ ერთად გაზრდით, ისინი უსათუოდ დამეგობრდებიან.
თავისებური იერარქია
ლეკვები, ჩვეულებრივ, ძალზე ადვილად ეჩვევიან კნუტებს და ისინიც, მიუხედავად მათ სიანჩხლეზე გავრცელებული აზრისა, ესწრაფვიან ლეკვთან დამეგობრებას. თავიდან ამის მიზეზი შეიძლება ის გარემოება იყოს, რომ დასაძინებლად ორივე თბილ კუთხეს ეძებს, ამიტომაც ბუხრის ან გამათბობლის ახლოს მოკალათდებიან და ერთმანეთს ჩაეხუტებიან. გარეთ ყოფნის დროს ლეკვი სხვა კატებს ეზოში არ უშვებს და დევნის, რითაც თავის მეგობარ ფისუნიას სავარაუდო თავდასხმისგან იცავს. ამ შემთხვევაში ძაღლი დომინანტი ხდება და ხროვის ბელადის როლს ასრულებს, ხოლო კატას, როგორც ჩანს, ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
ურთიერთობის აწყობა
კნუტები ფაქტობრივად უფრო სოციალური არსებები არიან, ვიდრე ხალხს ჰგონია. თუ შეიძენთ ერთი ნაყარის ორ კნუტს, ისინი, როგორც წესი, მთელი სიცოცხლის განმავლობაში იმეგობრებენ. თუ კნუტი მარტოა, შესანიშნავად ეწყობა ლეკვს.
დამცველი ძაღლი
კატისა და ძაღლის ურთიერთობაში ძირითადად დომინანტია კატა. ძაღლი მეტ გაბედულებას იჩენს გარეთ, ზოგჯერ საჩქაროდ გარბის სახლიდან, რათა ჩხუბის დროს თავისი მეგობარი დაიცვას.
კატის საყვედურები
თუ გინდათ კატისა და ისეთი ძაღლის დამეგობრება, რომელსაც გამობურცული თვალები აქვს (მაგალითად მოპსი ან პეკინესი), ფრთხილად იყავით, რადგან ისინი ძალზე დაუცველები არიან. თუ კატა გაანჩხლდა, ადვილად შეიძლება თვალები დაუკაწროს. თუმცა ის, როგორც წესი, გაფრთხილების ნიშნად ძაღლს ცხვირის წვერს უკაწრავს. კატები ზოგჯერ საოცარ სინაზეს ავლენენ _ შესაჩერებლად ძაღლს ცხვირში მსუბუქად წაჰკრავენ თათს. ამ დროს ბრჭყალები შეკეცილი აქვთ და არ იკაწრებიან.
ზრდა
მართალია, ლეკვიც და კატაც, რაც უფრო იზრდებიან, მით მეტად განსხვავდებიან სხეულის ზომით, მაგრამ მათი მეგობრობა მთელი სიცოცხლე გრძელდება. კვლავაც ერთმანეთთან ჩახუტებულები იძინებენ. კატა დროდადრო ძაღლს ენით ასუფთავებს, ზოგჯერ ეზოში ძაღლისა და პატრონის თამაშში ჩართვას ცდილობს. ძაღლი ერთნაირი შეფერილობის ორი კატიდან მაშინვე ცნობს თავის მეგობარ ფისუნიას.
განუყრელი მეგობრობა
ერთად გაზრდილი ლეკვები მთელი სიცოცხლე განუყრელ მეგობრებად რჩებიან. როცა ერთი ჯიშის ორი ძაღლი გყავთ, თავადაც დაინახავთ, რამდენად განსხვავდებიან ხასიათით, მიუხედავად იმისა, რომ ერთად იზრდებიან.
რჩევა
ნუ შეეცდებით, კნუტი და ლეკვი იძულებით დაამეგობროთ _ ეს თავისთავად მოხდება დროთა განმავლობაში.
წყარო: http://zooclub.ge
|