მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში თითქმის არ ყოფილა არც ერთი ეროვნული წამოწყება, რომელიც დიდ ქართველ ქველმოქმედს, დავით სარაჯიშვილს არ დაეფინანსებინა. მათ შორის არის ქაშუეთის ტაძარიც, რომლის მშენებლობა 1910 წელს - სარაჯიშვილის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე - დასრულდა. ფულის გარდა, იდეაც, რომ ახალი ეკლესიის არქიტექტურა რომელიმე უძველესი ქართული ტაძრის მსგავსი ყოფილიყო, მას ეკუთვნოდა. რასაკვირველია, ქართული ტაძრის მშენებლობას რუსი ეგზარქოსი არ დაუშვებდა. სარაჯიშვილმა ეს პრობლემაც მისთვის ჩვეული პრაგმატულობით მოაგვარა - პეტერბურგში ნებართვის მისაღებად გაგზავნილ დელეგაციას წმინდა სინოდის წევრთა გულის მოსაგებად საჭირო თანხა გაატანა და საქმეც წარმატებით დაგვირგვინდა. დღეს დავით სარაჯიშვილის ნეშტი მის მიერ აგებული ეკლესიის ეზოში განისვენებს, თუმცა ის აქ მოგვიანებით გადმოასვენეს.