მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში თითქმის არ ყოფილა არც ერთი ეროვნული წამოწყება, რომელიც დიდ ქართველ ქველმოქმედს, დავით სარაჯიშვილს არ დაეფინანსებინა. მათ შორის არის ქაშუეთის ტაძარიც, რომლის მშენებლობა 1910 წელს - სარაჯიშვილის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე - დასრულდა. ფულის გარდა, იდეაც, რომ ახალი ეკლესიის არქიტექტურა რომელიმე უძველესი ქართული ტაძრის მსგავსი ყოფილიყო, მას ეკუთვნოდა. რასაკვირველია, ქართული ტაძრის მშენებლობას რუსი ეგზარქოსი არ დაუშვებდა. სარაჯიშვილმა ეს პრობლემაც მისთვის ჩვეული პრაგმატულობით მოაგვარა - პეტერბურგში ნებართვის მისაღებად გაგზავნილ დელეგაციას წმინდა სინოდის წევრთა გულის მოსაგებად საჭირო თანხა გაატანა და საქმეც წარმატებით დაგვირგვინდა. დღეს დავით სარაჯიშვილის ნეშტი მის მიერ აგებული ეკლესიის ეზოში განისვენებს, თუმცა ის აქ მოგვიანებით გადმოასვენეს.
1911 წელს, როცა გარდაიცვალა, მადლიერმა ქართველმა საზოგადოებამ იგი დიდი პატივით დაკრძალა დიდუბის პანთეონში, გარდაცვლილის სურვილი კი იყო, რომ ყველაფერი უბრალოდ, ზედმეტი პომპეზურობის გარეშე ჩაეტარებინათ და მისი ქონება ისევ საქვეყნო საქმისათვის გამოეყენებინათ. სარაჯიშვილის ქვრივი ასეც მოიქცა. მან მეუღლის ანდერძის მხოლოდ ერთი პუნქტი დაარღვია - საფლავში უძვირფასესი ბრილიანტის ბეჭედი ჩააყოლა, რომელიც განსვენებულს ძალიან უყვარდა და არასოდეს იშორებდა.
გავიდა დრო. საქართველოში "წითელი ჭირი" გაბატონდა. კომუნისტებმა მიიჩნიეს, რომ მშრომელთა მჩაგვრელი "კაპიტალისტის" ადგილი პანთეონში არ იყო და ახლობლებს მისი გადასვენება მოსთხოვეს, მათ კი ამის სახსრები არ გააჩნდათ. ბოლოს ვიღაცას ის ძვირფასი ბეჭედი გაახსენდა. ნეშტი ვაკის სასაფლაოზე გადაასვენეს და ხარჯი სწორედ იმ ბეჭდის გაყიდვით დაფარეს. თუმცა, სანთელ-საკმეველმა თავისი გზა მაინც არ დაკარგა - 1995 წელს ქართველმა ერმა თავის ღირსეულ შვილს დამსახურებული პატივი მიაგო.