ძირითადი მოთხოვნები პროცესი იწყება ძაღლების შერჩევით. მათი გაწვრთნა ძვირი ჯდება და ამიტომ უპირატესობას ანიჭებენ 1-3 წლის ასაკის ინდივიდებს, რათა სამომავლოდ დიდხანს შრომა შეძლონ. შემდეგ იკვლევენ მათ ჯანმრთელობას, ითვალისწინებენ ნებისმიერ პრობლემას, რამაც შეიძლება მათი მუშაობა დააბრკოლოს; ბოლოს ამოწმებენ ხასიათის თავისებურებებს. ნარკოტიკების აღმომჩენი ძაღლები ზეწოლის ქვეშ მუშაობენ და მოეთხოვებათ ყურადღების კონცენტრაციის კარგი უნარი, რათა საბარგო განყოფილებაში ტვირთის ან აეროპორტის კონვეიერზე დაწყობილი ბარგის ყნოსვის დროს ადვილად არ გაეფანტოთ ყურადღება.
თანამშრომლობა ძაღლიც და მისი ჰენდლერიც თავიდანვე ძლიერ ეთვისებიან ერთმანეთს. საუკეთესო შედეგების მისაღწევად ჰენდლერები არ იცვლიან ძაღლებს და ერთ შეკრულ გუნდად მუშაობენ.
შესაფერისი ჯიშები ნარკოტიკების მისაგნებად სხვადასხვა ჯიშის ძაღლებს წვრთნიან. ამ როლს ძალზე წარმატებით ასრულებენ რეტრივერები და სპანიელები, რომელთაც ტრადიციულ მდევრებთან შედარებით, ხშირად უპირატესობას ანიჭებენ იმიტომ, რომ ინსტინქტურად უკეთ ეგუებიან ადამიანის გვერდით მუშაობას. როგორც წესი, ირჩევენ წმინდა ჯიშის ძაღლებს, რადგან უჯიშო ძაღლებთან შედარებით, მათ სუნის დადგენის უკეთესი უნარი აქვთ, თუმცა ამ სამუშაოსთვის მეტისებიც გამოიყენება.
საწყისი წვრთნა იმის დასადგენად, აქვს თუ არა ძაღლს მონაცემები, რომ მისგან ნარკოტიკების კარგი აღმომჩენი დადგეს, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტესტია დაკვირვება მის რეაქციაზე, როდესაც ვიღაც მასთან ახლოს ბურთს ახტუნავებს. შერჩეული იქნება ძაღლი, რომელიც ყურადღებას გადაიტანს ბურთზე და არა ადამიანზე, რადგან კონცენტრირების კარგ უნარს ავლენს. მათი წვრთნა ხშირად იწყება კანაფის ამოცნობის უნარის გამომუშავებით, რასაც დაახლოებით ექვსი კვირა სჭირდება. სავარჯიშოდ იყენებენ ნარკოტიკის მცირე დოზას, რომელსაც პირსახოცში მალავენ.
დაოსტატება როგორც კი ძაღლი მკაცრ შემოწმებას გაივლის და თავის შესაძლებლობებს გამოავლენს, სწავლობს სხვადასხვა ნარკოტიკის, მაგალითად ჰეროინის, ამოცნობასაც. ყველა ძაღლი ვერ აღწევს წვრთნით უმაღლეს დონეს. ასეთები ტოვებენ პროგრამას და სახლებში ნაწილდებიან. ყოველი ჰენდლერი ორ ძაღლთან იწყებს მუშაობას, რომელთაგან ერთი სათადარიგოა, რადგან ბევრი მათგანი ვერ ახერხებს წვრთნის კურსის წარმატებით დამთავრებას.
ფარული პასუხი მნიშვნელოვანია, ძაღლმა მხოლოდ ჰენდლერს გააგებინოს, რომ ნარკოტიკების პარტიას მიაგნო, რათა არ დააფრთხონ კონტრაბანდისტები. დამნაშავეთა დასაჭერად გამოიყენებიან ე.წ. `პასიური ძაღლები~, რომლებიც ეჭვმიტანილს კი არ დაედევნებიან, არამედ სხვებისთვის შეუმჩნევლად აცნობებენ ჰენდლერს ნარკოტიკების შესახებ.
უნივერსალური მუშაკი ნარკოტიკების მისაგნებად ძაღლების გამოყენების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მათ მუშაობა შეუძლიათ მრავალ ადგილას და სხადასხვა პირობებში – ეს კი თავისთავად დამაბრკოლებლად მოქმედებს დამნაშავეებზე. ძაღლების საშუალებით მოწმდება არა მხოლოდ აეროპორტები, არამედ ნავსადგურებში შემოსული სატვირთო კონტეინერებიც, რომლებიც ნარკოტიკების მსხვილი პარტიის კონტრაბანდისთვის ძალზე ხელსაყრელია.
დაწუნებული კანდიდატები ბლადჰაუნდები, მიუხედავად მათი უდავო შესაძლებლობებისა, ნარკოტიკების აღმომჩენებად არ გამოიყენებიან. საქმე ის არის, რომ ნარკოტიკის ადგილის პირდაპირ ჩვენებაზე მეტად მოსწონთ, როცა მის სუნს მიჰყვებიან და აქეთ-იქით დადიან.
ფრთხილად! ძაღლები ცუდად ხდებიან კანაფის (მარიხუანას და ჰაშიშის) გასინჯვით: თავიდან აღიგზნებიან, შემდეგ კარგავენ კოორდინაციას და დუნდებიან.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!