ბოლო გალობა
კვიპროსში წებოთი დაფარულ ტოტზე სიცოცხლე კიდია. სიცოცხლესთან ერთად კი კითხვა - როგორ შევაჩეროთ ხმელთაშუა ზღვაზე გადამფრენი მგალობელი ფრინველების ჟლეტა?
„ამერიკელებს ფრინველების გამო გული გტკივათ. რატომ მაშინ არ გტკივათ ეგ გული, როცა სხვის სამშობლოში ბომბები ცვივა?“ ეს ეგვიპტელი ფრინველით მოვაჭრის სიტყვებია.
„გულისტკივილი ფრინველების გამოც შეიძლება და სხვისი დაბომბილი სამშობლოს გამოც, მაგრამ ბოროტება ბოროტების წილ, ვერაფერი გამოსავალია“. ეს კი სტატიის ავრტორ ჯონათან ფრენზენის უხმო პასუხი.
აშშ-დან ჩასული ადამიანისთვის (ქვეყნიდან, სადაც ნადირობა კანონით რეგულირდება) ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში შექმნილი მდგომარეობა შემაძრწუნებელია: ყოველწლიურად, ასობით მილიონ მგალობელ და უფრო დიდი ზომის გადამფრენ ფრინველს ხოცავენ საკვებად, გასაყიდად, სპორტული ინტერესისთვის თუ უბრალოდ გასართობად.
ეს მძიმე გავლენას ახდენს იმ სახეობებზე, რომელთა პოპულაციების რიცხოვნობა ისედაც შემცირებულია მათი გამრავლების საარსებო გარემოს განადგურების ან ფრაგმენტაციის გამო.
ხმელთაშუა ზღვის მოსახლეობა წეროებზე, ყარყატებსა და იმ დიდი ზომის მტაცებლებზე ნადირობს, რომელთა კონსერვაციისთვის ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში მრავალმილიონიანი პროექტები ხორციელდება.
მთელ ევროპაში, ფრინველთა პოპულაციების რიცხოვნობა მკვეთრად მცირდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გაჩაღებული ხოცვა-ჟლეტაა.
ევროკავშირის ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების ხოცვა შეზღუდულია. საზოგადოებრივი აზრი კონსერვაციის სასარგებლოდ იხრება. გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას კანონის ამოქმედებაში ეხმარებიან. მაგრამ ევროკავშირის არაწევრ, ხმელთაშუა ზღვის ზოგ ქვეყანაში მდგომარეობა არ უმჯობესდება. მაგალითად ალბანეთსა და ეგვიპტეში სიტუაცია უარესდება.
2012 წლის თებერვალში აღმოსავლეთ ევროპაში ძლიერი ყინვებისგან თავის დასაღწევად ბატები, დუნაის ხეობიდან სამხრეთისკენ გაფრინდნენ. დაახლოებით 50 000 დაუძლურებული ფრინველი ალბანეთის ველებზე დაეშვა. ყველა ამოწყვიტეს.
მაგრამ მაინც, სიტუაცია ალბანეთში უიმედო არ არის. ბევრი ახალგამომცხვარი მონადირე თითქოს აცნობიერებს, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს; უკეთესმა გარემოსდაცვითმა განათლებამ და უცხოური ტურიზმის ზრდამ, შეიძლება, გაზარდოს მოთხოვნა ხელუხლებელ ბუნებრივ ტერიტორიებზე; თუ მთავრობა დაცულ ტერიტორიებზე კანონს აამოქმედებს, ფრინველების პოპულაციები სწრაფად აღდგება.
კირკიტები და სხვა მტაცებელი ფრინველები უფრო მცირე ზომის ფრინველებზე ნადირობენ. შედეგად, ისინი ხშირად ებმებიან მგალობელი ფრინველებისათვის დაგებულ მახეებში.
უფრო სამხრეთით, მდგომარეობა ნაკლებად საიმედოა. ისევე როგორც ალბანეთში, ეგვიპტის ისტორია და პოლიტიკა კონსერვაციასთან წინააღმდეგობაში მოდის. ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის კულტურაში, ბალკანეთისგან განსხვავებით, ყველა ზომის გადამფრენი ფრინველის საკვებად გამოყენება უძველესი, დაფასებული და უკვდავი ტრადიციაა. სანამ ამ საქმიანობას ტრადიციული მეთოდებით მისდევდნენ (ხელნაკეთი ბადეები და ცაცხვის ჯოხები, ლერწმისგან დამზადებული პატარა კაკანათები, აქლემები სატრანსპორტო საშუალებად), გამრავლების პერიოდში მყოფი ევრაზიული ფრინველის პოპულაციებზე ადამიანის ზემოქმედება დამღუპველი არ იყო. პრობლემა ისაა, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა მკვეთრად გაზარდა ფრინველების „მოსავალი“, ტრადიცია კი - ისევ ძალაშია. დღეს ეგვიპტის უდაბნოებში აქლემი საბარგო მანქანამ შეცვალა, შემოდგომით, სეზონის პიკზე ყველა საშუალო ზომის ხის ან ბუჩქის (სადაც სანადირო ფრინველები ეშვებიან) მონახულება შეგიძლია.
ელ-მაღრას ოაზისში თითოეული მონადირე დღეში ორმოცდაათზე მეტ მოლაღურს კლავს.
როგორ შევაჩეროთ ხმელთაშუა ზღვაზე გადამფრენი მგალობელი ფრინველების ჟლეტა?
ავტორი საინტერესოდ გაანალიზებს ამ პრობლემას და ივლისის ნომერში მისი გადაჭრის მცდელობასაც გვთავაზობს. სტატიის ვიზუალური გაფორმების ავტორი ფოტოგრაფი დევიდ გუტენფელდერია.
წყარო: http://nationalgeographic.ge
|