ტანზანიაში ლომების პრაიდი 3 წელი კვებავდა ახალგაზრდა თანამოძმეს, რომელიც ხაფანგში მოყვა და ნელი სიკვდილი ელოდა.
ეს ამაღელვებელი ისტორია მოხდა ლომების ოჯახში, რომელიც ცხოვრობდა მიკუმის ნაციონალურ პარკში. ველური ცხოველები გაცილებით უფრო ლმობიერად მოექცნენ გაჭირვებაში ჩავარდნილ თანამოძმეს, ვიდრე ზოგიერთი ადამიანი ექცევა სხვა ადამიანებს.
პრაიდი სამი წელი კვებავდა ახალგაზრდა ლომს, რომელიც რკინის საყელურს იყო მიჯაჭვული.
ლომი ბრაკონიერების ხაფანგში ზამბიის ტერიტორიაზე მოჰყვა. დაჭრილი ლომის ბოკვერი ჯერ კიდევ 2009 წელს შენიშნეს ტურისტებმა: მას ყელზე მოჭერილი ჰქონდა ხაფანგის რკინის მარწუხი, რომელიც ლითონის მავთულხლართებით იყო დაფარული.
როგორც ჩანს, ლომის ბოკვერი მოყვა ხაფანგში, რომელსაც ბრაკონიერები წვრილ ცხოველებს, მაგალითად ანტილოპებს უდგამენ. სავარაუდოა, რომ ცხოველთა მეფის შვილმა იქ ცნობისმოყვარეობის გამო შეჰყო თავი და უკან ყელზე რკინის მარყუჟით გამოძვრა.
დროთა განმავლობაში ახლაგაზრდა ლომი უკვე თავისი საყელურის ტყვე გახდა. ყოველწლიურად მავთული სულ უფრო და უფრო ღრმად უჭერდა ყელზე ლომს და მალე ის გაიგუდებოდა კიდეც.
“პირველი სიგნალისთანავე, როგორც კი გავიგეთ, რომ ჩვენი ნაკრძალის მობინადრე გაჭირვებაში ჩავარდა, ვეცადეთ მოგვეძებნა და გადაგვერჩინა ის, მაგრამ ეს არც თუ ისე იოლი აღმოჩნდა. ნაკრძალის ტერიტორია ძალიან დიდია და არ მოგვეცა საშუალება მისი პოვნისა, “-ყვება ნაკრძალის მეთვალყურე.
ნაკრძალის თანამშრომლების თქმით, ყველა ისინი განაცვიფრა იმ ფაქტმა, რომ დაჭრილ ლომს მეგობრები ერთი დღითაც კი არ ტოვებდნენ მარტო და მისთვის რეგულარულად მოჰქონდათ საჭმელი .
” მათ არ მოკლეს ის, როგორც საერთოდ იქცევიან სუსტი მამრების მიმართ, არამედ ეხმარებოდნენ მას გადარჩენაში, “-ყვება ნაკრძალის მეთვალყურე.
რეინჯერებისა, ტურისტების და ნაკრძალის მეთვალყურეების ერთობლივი ძალებით შესაძლებელი გახდა ლომის მოძებნა. ადგილზე გამოიძახეს ვეტერინარი, რომელმაც დროებით დააძინა დატანჯული ცხოველი, რომ მარყუჟისაგან გაეთავისუფლებინათ იგი.
“-ეს ძალიან საშიში პროცედურა იყო, ხუთი თანამოძმე იცავდა მას და მოგვიხდა სროლით დაგვეფრთხო ისინი, რომ ხელი არ შეეშალათ ჩვენთვის, -ამბობს ვეტერინარი, – მარყუჟი იმდენად ღრმად იყო ჩასული კისერში, რომ დიდ ძალისხმევა დაგვჭირდა მის მოსახსნელად. რომ არა ჩვენი დახმარება, ლომი ორიოდე თვეში დაიღუპებოდა”.
ადამიანებმა ლომს ჭრილობები დაუმუშავეს და გამოსაჯანმრთელებლად მის ერთგულ ოჯახთან დატოვეს.
სამაშველო ოპერაციიდან რამოდენიმე თვის შემდეგ ტურისტებმა ლომი კვლავ შენიშნეს, მას ჭრილობები უკვე შეხორცებოდა, კისერზე და თავზე კი ფაფარს დაეწყო ამოსვლა და ძველ განსაცდელზე მხოლოდ ღრმა ნაიარევებიღა მეტყველებდნენ.
გადარჩენილი ლომი ისევ მეგობრულად ცხოვრობს თავის დიდ ოჯახში.
წყარო: http://ucnauri.com/
|