28-12-2013
ერთი ქართული გამოთქმა, ალბათ, ყველას გაგონილი გექნებათ - ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო. ცოტა ხანში აღნიშნული გამოთქმა აზრს დაკარგავს, რადგან... ცოტა ხანში ურემს მუხრუჭები ექნება. ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, ბუსუსებიანი პრეზერვატივისთვის, ჩოხა-ახალუხიანი სიარულისთვის და ურემზე მუხრუჭებისთვის კი, ჩვენი ძვირფასი პარლამენტი არსებობს. ხუმრობა იქით იყოს და თურმე, ევროკავშირის მოთხოვნა ყოფილა ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ამიტომ აღნიშნულ კანონპროექტს ღებულობენ. თანაც, წარმოიდგინეთ, რაოდენ რთულია, ღამით მოსიარულე მძღოლს უმუხრუჭოდ თავის ნებაზე მიშვებული "ფაფარაყრილი" ურემი რომ გადაეყრება.
"ნაცების" წევრმა გიორგი კანდელაკმა ერთი ამბავი ატეხა, პროკურორი ყაჩაღია და თქვენ რა კანონპროექტს ღებულობთ, ასი საწარმო ხომ გახსენით, ბენზინიც გააიაფეთ და ურემზე მუხრუჭი გვაკლდა, ხომ სრული ბედნიერებისთვისო! ბატონო გიორგი, ბენზინი გაძვირდა და დროა, ხალხი ეკოლოგიურად სუფთა ურემზე გადავიდეს. ასეთი საცობების მქონე დედაქალაქში უმუხრუჭოდ ჩემმა მტერმა იარა. წარმოიდგინეთ, პატრული, ურემზე შემოსკუპებული რომ გაყვირის რუპორში - ვირი, "ტაჩკა" გადააყენე!!! ცხენი, იმოძრავე, ნუ აფერხებ მოძრაობას!!! გარდა ამისა, ელიავაზე გაიხსნება სპეციალური განყოფილება, სადაც გაიყიდება "ურმის დაშლილები".
ისე, გლეხს რა ცხოვრება დაუდგა, ურემი ვერ დაუყენებია თავის გემოზე! კანონში ისიც წერია, რომ ურმის მართვა 16 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი ანუ ურმის "პრავა" 16 წლის ასაკიდან გაიცემა. ახლა ის წარმოიდგინეთ, მანქანები ნაცვლად ქალაქში ურმები რომ მომრავლდნენ, შემოსკუპებული ტუჩებდაპრუწული " გოგჩოებით", რომელთაც ცალ ხელში "აიფონ 5"-ი ეჭირებათ, მეორეში კი სახრე. ვერაფერშვილ ამბავს გვიკეთებს ეს ევროკავშირი და ევროინტეგრაცია.
მოდი, აქვე ევროკავშირის სხვა ვალდებულებებიც გავიხსენოთ, რაც ჩვენ ქვეყანას აქვს აღებული ევროინტეგრაციის სანაცვლოდ - ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა, შრომითი ხელშეკრულების გაუმჯობესება, რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფა, შიდა კონფლიქტების მოგვარება და კიდევ არაერთი საკითხია ჩამონათვალში. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - როდესაც ასეთი საკითხებია მოსაგვარებელი, რატომ მუშაობენ ურმის მუხრუჭების კანონპროექტზე? თუმცა, ჩვენ რა ვუწყით, უცოდინრებმა. დაე, ამა ქვეყნისა ძლიერთა გადაწყვიტონ.
ურმის მუხრუჭების რა მოგახსენოთ და ძალიან გამიხარდება ევროკავშირი თუ საქართველოს ხელისუფლებას დაავალდებულებს და აქანდაზი, ცოცხი და ცელოფნის პარკი ყველა ძაღლს ექნება მიბმული, და პატრონის სახელიც ეწეროს. წაბილწულია თბილისის ქუჩები...