ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტო, რომელზეც Bugatti Veyron დუბაის პოლიციის ავტომობილის რანგშია გამოყვანილი, ყალბი აღმოჩნდა. ფოტო, რომელმაც მთელი მსოფლიოს მედია მოიარა, ფოტოშოპით ისე ოსტატურადაა გაკეთებული, რომ ყველას ნამდვილი ეგონა. დუბაის პოლიციის შეფის რეაქცია სენსაციურია: მან მართლაც შეუკვეთა ხსენებული მანქანა ”სულ რაღაც” 2 მილიონ ევროდ და იმისათვის, რომ ვიღაც ცელქი იუზერის ხუმრობა ტყუილი აღარ იყოს, უძვირფასეს, 1001 ცხენის ძალის მქონე ”ბუგატის” ახლო მომავალში საპატრულო საქმიანობაში ჩართავს. ეს ამბავი 1001 ღამის ზღაპარს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში 1001 ცხენის ძალის ზღაპარია.
რაც შეეხება ამჟამინდელ რეალობას: დუბაიში პოლიციის თანამშრომლები მართლაც ზღაპრული ავტომობილებით მოძრაობენ. მაგალითად, პოლიციის განკარგულებაშია Aston Martin One-77, რომლის სულ 77 ეგზემპლარი არსებობს და აქედან ერთ-ერთი სწორედ დუბაის პოლიციის თანამშრომლებს დაჰყავთ ხოლმე და თანაც, კონკრეტულად ეს მოდელი ძვირფასი Q-ვერსიაა, რომელიც სულ 7 არსებობს! მისი ფასი 1,4 მილიონი ევროა! პოლიციის განკარგულებაშია Lamborghini Aventador, Ferrari FF, Mercedes SLS და Bentley Continental-იც. ამ კომპანიაში BMW M5-ს და Ford Shelby Mustang-ს ლამის ზედაც აღარავინ უყურებს, არადა მათ 500-500 ცხენის ძალა აქვთ. ერთი სიტყვით, დუბაიში თვით დაპატიმრებაც კი სიამოვნება ყოფილა - ასეთი მანქანებით თუნდაც ცოტა ხნით გასეირნებაზე უარს იტყოდით?
ჟურნალისტებს და შესაბამისად ხალსაც ჰგონია, რომ ამ სუპერსპორტული ავტომობილებით დუბაიში პოლიციელები ყოველთვის ვიღაცას მისდევენ და დევნის ისეთი სურათი წარმოუდგენიათ, როგორებიც ჰოლივუდურ ბლოკბასტერებში გვინახავს, მაგრამ ეს ტყუილია. დუბაის პოლიციას ეს ავტომობილები ზუსტად ამისთვის არ შეუძენია! ამ მანქანების მთავარი მიზანი პოზირებაა! დუბაიში მიაჩნიათ, რომ როცა პოლიციელი მძღოლს Lamborghini Aventador-ით გააჩერებს, ეს ქვეყნის პრესტიჟია და რაც მთავარია, დუბაიში მიიჩნევენ, რომ ასეთი ფაქტები დანარჩენ მსოფლიოს აღაფრთოვანებს. ვიღაც მართლა აღფრთოვანდება, ვიღაცას გაეცინება, ფაქტი კი ფაქტად რჩება - დუბაი უსაზღვრო სიმდიდრის ცენტრია. ჟურნალი ”შპიგელი” ამას წინათ წერდა, დუბაიში კაპიტალიზმის პორნოგრაფიის გადაღება მიმდინარეობსო...
ჩვენ მიერ დაქირავებული ავტომობილი ნაკლებად პორნოგრაფიული იყო: ეს გახლდათ დუბაის მასშტაბებისთვის უაღრესად მოკრძალებული Kia Sportage 165 ცხენის ძალით. ვიღაცისთვის 165 ცხენის ძალაც ბევრია, Lamborghini Aventador-ის გვერდით კი ეს სიმძლავრე 50 ცხენის ძალის ტოლფასია. პოლიციის ფერებში მოციმციმე სუპერსპორტული ავტომობილის ნელა დევნა (იქ ყოველ კილომეტრზე სიჩქარის განმსაზღვრელი რადარია დაყენებული) ერთობ ნერვებმომშლელი ყოფილა. დუბაიში სულ 1000-ზე მეტი რადარია და თითოეული გადაადგილდება მკაცრად კონტროლდება. მაგალითად, პოლიციის ავტომობილის დიდხანს დევნისთვის გამაჩერეს და გამაფრთხილეს, გვესმის, რომ ჟურნალისტი ხართ, მაგრამ ეს არ შეიძლებაო.
ჩვენი მასპინძელი და თანამგზავრი დუბაის პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ავტომობილების ვიცე-დიერქტორი ანას ალ მატროოში გახლდათ - კაცი, რომელიც გერმანიაში სწავლობდა და ვერტმფრენის პროფესიონალი პილოტია. ჩვენ მას "მისტერ No Problem” შევარქვით, რადგან ნებისმიერ იდეასა და სურვილზე No Problem-ით გვპასუხობდა და მართლა ყველაფერს ახერხებდა. ავტობანის სპეციალურად ჩვენს გამო გადაკეტვა მოგვინდა? No Problem. ვერტმფრენი და თვითმფრინავი ფოტოსესიისთვის? No Problem. ”ასტონ მარტინისთვის” ისეთი ადგილი მოგვეწონა, სადაც ხალხი ფეხით დადის? No Problem. ჩვენი Kia Sportage ერთხელ აკრძალულ ადგილზე გავაჩერე და საქარე მინაზე ჯარიმაც დამხვდა, მაგრამ ალ მატროოშმა ჩვეული თავდაჯერებით გვითხრა No Problem და ქაღალდი დახია. მერე პატარა ექსტრა-ტური მოვისურვეთ და ”ბურჯ ხალიფას” მსოფლიოში ყველაზე მაღალი სახლის (828 მეტრი) მონახულება მოგვინდა, რაზეც ჩვენს გმირს ასევე ადეკვატური პასუხი ჰქონდა: No Problem.
მაინც რა მისია აკისრიათ აქ ამ ავტომობილებს და ვისი იდეა იყო პოლიციის თანამშრომლებისთვის ასეთი მოდელების ჩამორიგება? Aston Martin One-77 ხომ 1,4 მილიონი ევრო ღირს, ამ ფასად კი გერმანიაში პოლიციელისთვის სრულყოფილად აღჭურვილი 40 ცალი VW Passat Variant მოგივა, რომელიც ”ასტონ მარტინივით” არ დაგღლის?
იდეა, რა თქმა უნდა, ზემოდან წამოვიდა. სულ ზემოდან! სულ ზემოთ კი აქ ემირია, უფრო კონკრეტულად, შეიხი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი. მას ცხენები ძალიან უყვარს და თანაც, ნებისმიერი სახით - იქნება ეს ნამდვილი რაში თუ ტექნიკური საავტომობილო ტერმინი. მისი ავტოფარეხი ფრანკფურტის, პარიზის ან ჟენევის ავტოშოუ გეგონებათ - ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ემირის ფარეხში იაფფასიან ავტომობილებს ვერ ნახავთ, სამაგიეროდ, უძვირფასეს ახალ მოდელებთან ერთად ზღაპრულ ანტიკვარულ ეგზემპლარებსაც შეხვდებით. პოლიციელებისთვის უმძაფრესი ავტომობილების ჩამორიგებით მისი მიზანი ის იყო, რომ დუბაიზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ დადებით კონტექსტში ისაუბრონ - ეს ხომ მართლაც შეუზღუდავი შესაძლებლობების ქვეყანაა. ავტომობილებმა კი უბრალოდ ყურადღება უნდა მიიპყრონ და, რა საკვირველია, იპყრობენ კიდეც.
მაგალითად, როგორც კი Lamborghini Aventador ჩვენს გასაფრთხილებლად გაჩერდა, მის გარშემო მაშინვე ხალხი შეიკრიბა, ბავშვებმა და ახალგაზრდებმა სმარტფონები დააძრეს და ფოტოებსა და ვიდეოებს უღებდნენ. ეს და ამგვარი ავტომობილები ხალხს ისე იზიდავს, როგორც ნარჩენი ტკბილეული ჭიანჭველებს, პოლიციელებს კი ლაქ-ლაქი არ ეზარებათ და მანქანასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე გულმოდგინედ პასუხობენ. ”ასტონ მარტინით” ხალხმრავალ ადგილზე რომ გავრჩერდით, ჩვენს ”მისტერ No Problem-ს” არაბულ დიშდაშაში გამოწყობილი მოხუცი მამაკაცი მიუახლოვდა და მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ პოლიცია მის უსაფრთხოებაზე მსოფლიოში უსწრაფესი ავტომობილებით ზრუნავს.
”ჩვენი პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, ხომ ხალხის მეგობრები ვიყოთ. ხალხს ჩვენი კი არ უნდა ეშინოდეს, ეს არც არაფერში სჭირდებათ, არამედ უნდა ვუყვარდეთ! ჩვენ ყველას მეგობრულად ვესაუბრებით, ყველა კითხვაზე ვპასუხობთ და ყოველთვის და ყველგან ვეხმარებით ისე, როგორც შეგვიძლია,” - მეუბნება ალ მატროოში.
ჩვენი შთაბეჭდილებით, პოლიციასა და ხალხს შორის მართლაც კარგი ურთიერთობაა. კრიმინალი უკიდურესად შემცირებულია, რაც მართლა საოცარია იმის გათვალისწინებით, რომ აქ 200 სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს და უდიდესი სიმდიდრე ყოველთვის იზიდავს დამნაშავეებს.
ეს იმის დამსახურებაა, რომ უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა. ჩვენ დუბაის პოლიციის ყველაზე ძვირფასი სისტემის მუშაობას დავაკვირდით და პოლიციის მთავარ ოფისში სტუმრობისას თავი ჯეიმს ბონდის ფილმის ერთ-ერთ სცენაში გვეგონა. უდიდეს ეკრანებზე მთელი ქალაქი სამ განზომილებაში ჩანს და ნებისმიერი უბანი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით მთლიანად დაიკეტება. თუკი რომელიმე უბნის დაკეტვა გინდა, დააჭერ ღილაკს და მაშინვე ყველა შუქნიშანი შესაბამისად ამოქმედდება, პოლიციის თანამშრომლები კი გზებს გადაკეტავენ. შესაბამისად, დუბაიში პოლიცია არასდროს არავის მისდევს - თითქმის ყველაფერი ამ შენობიდან, ასეთი ღილაკებით რეგულირდება.
უახლოეს მომავალში დუბაის პოლიციის ავტოპარკს კიდევ რამდენიმე სუპერსპორტული ავტომობილი შეემატება: Audi R8 V10 (ორი ცალი), Bugatti Veyron, Toyota LFA, Chevrolet Corvette, McLaren MP-4. ”ალ მატროოში: ”პრაის-ლისტზე საერთოდ არ ვფიქრობთ ხოლმე, თანაც, ჩვენ ავტომწარმოებლებს ხომ რეკლამასაც ვუკეთებთ.” სწორედ ამიტომ არაა დუბაის პოლიციის ავტოპარკში არცერთი ”პორშე”! თუმცა რამდენიმე მაღალჩინოსანი პოლიციელი ”კაიენით” დადის.
”ფერარი”, ”ლამბო” და ”ასტონი” მათთვის განსაზღვრული მარშრუტებით პატრულირებენ, ნახევარ-ნახევარი საათი კი სადღაც დგანან, რათა დაათვალიერონ და ფოტოები გადაიღონ. უმეტესად იქ ჩერდებიან, სადაც ყველაზე მეტი ტურისტია. ასეთი ადგილებია: ბურჯ ალ არაბი, ბურჯ ხალიფა, დუბაი მოლი, The Palm (ხელოვნური კუნძულები), ჯუმეირა ბიჩი (ყველაზე პოპულარული პლაჟი) და ა.შ. ამ მანქანებით პატრულირების დრო დღეში 4 საათია, კვირის ბოლოს კი 6 საათი მაქსიმუმ 80-კილომეტრიანი გარბენით. აი, სწორედ ესაა მათი მისია - მშვიდად გადაადგილება, კონდიციონერით და ფაქტობრივად არანაირი დატვირთვა. პოლიციელები კი, რა თქმა უნდა, ამბობენ, რომ მათთვის ეს დიდი სიამოვნებაა, რადგან შესანიშნავი ავტომობილების მართვის საშუალება ეძლევათ. მე კი ვიტყოდი, რომ იქ, სადაც სწრაფად სიარული აკრძალულია, ყველა კილომეტრზე რადარი გაკონტროლებს და გარეთ 40 გრადუსი სიცხეა, Lamborghini Aventador-ს და Aston Martin One-77-ს ნაღდად მოკრძალებული Kia Sportage მირჩევნია. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმძლავრე ”ლამბოს” სიმძლავრის გვერდით 50 ცხენის ძალად მეჩვენება.
ბერნჰარდ შმიდტი
ავტორი: შალვა ბუაჩიძე