ეჰეიდა მოვიდააა.. ეჰეიდა აქ არის...
ეჰეიდა ბიჭებო გვეძახის ჩვენი მრავალჯერ ფეხქვეშ ამოდებული სანადირო სანახები და სავარგულები,
გველიან შემოდგომის ყვითელ ხელებშემოხვეული მინდვრები, გველიან მშვილდივით წელში მოხრილი თავთავდაცვარული ბალახები.. რომელიც ჰა და ჰა მიწას მიაბარებს დამწიფებულ თესლს რათა ეგ სილამაზე მრავალჯერ და მრავალჯერ შეგვაგრძნებინოს მრავალჟამიერ, იწყება მონადირეთა შეკრებები ნელნელა, სკვერებში მეზობლებში, ორღობეებში სადაც კი ამისი დრო და ადგილი მოიძებნება, მიდის გადაძახებები, ტელეფონის ზარები, აბა საით აბა როგორ... როდის??– მაგ კითხვას არავინ სვამს იმიტომ რომ მონადირეს უკვე წამზომი აქვს ჩართული და ელოდება ამ მთელი წლის ნაოცნებარ ნალოლიავებ ნადირობის სეზონის გახსნას... მიდის ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების გაგება, დამტვერილი სანადირო ტანსაცმლის გაწმენდვა, სანადრო აბგის მოწესრიგება, რომელსაც აქა იქ ფრინველის ბუმბული ჩარჩენია კუთხეებში, რო გადმოაბრუნებ და დასცხებ ხელს, დააყენებ მტვრის კორიანტელს და მზის შუქზე აბრჭყვიალებულ მტვრის უმწირეს ნაწილაკებზე რო გაგახსენდება, ის ადგილები საიდანაც ეგ მტვერი წამოიღე თავის წილ მონადირულ ბედნიერებებთან ერთად . აბგაში ნანადირევის მაგივრად შენი სასიამოვნო მოგონებები , რომ ჩადევი ..მტვრიან პატრონტაშს რო გადაუსვამ ხელს და სიშავემდე გალურჯებული ალადასტურის მტევანი რო გაგახსენდება.
არაფერია იმაზე სასიამოვნო ვიდრე შენი ორფეხა და ოთხფეხა გრძნობების მოზიარე მეგობრებთან ერთად პირველი შესვლა სეზონის გახსნის დღეს ცვრიან ბალახში–– მართლაც რო რაა მამული მაგის გარეშე?!
სეზონს მაინც მწყერზე ნადირობით ხსნის მონადირე, ეს უწყინარი ფრინველი მართლაც რო ყველასათვის საყვარელი სანადირო ობიექტია, მონადირეები მწყერზე აგეშებენ ძაღლებს, თავიანთ პატარა მეგობრებს, შვილებს, ძმებს და ყველას ვისაც კი იმ სიყვარულის ნაპერწკალს დაუნახავენ, რომლის გაღვივებით კიდევ ერთი კარგი მონადირე, კეთილი ადამიანი და მამულის თავგადაკლული პატრიოტი შეემატება სამშობლოს.
რა გვიან თენდება ხოლმე ამ დროს, და რა უსაშველო ღამეა, ძალაუნებურად გეღვიძება კაცს ამ ბოლო ხანს 3, 4 საათისკენ და ითვლი საათის წიკ წიკს, საათი კი მიწიკწიკებს და მიწიკწიკებს, მირაკრაკებს და მირაკრაკებს , შენც წაგიღებს ისევ მოგონებები და გახსენდება მწყერზე ცხელი ხვატისგან შეწუხებულებს როგორ გაგხარებიათ პატარა მორაკრაკე რუ ან წყარო გზად რო შემოგფეთებია ლამაზი ქალის გამოხედვასავით...
ფანჯრის შიგნით შენ ხარ შეპყრობილი უცნაური გრძნობით და ფანჯრის გარეთ შენი ძაღლის წკმუტუნი გესმის, ადგები მოიცმევ და გახვალ გარეთ, სხვა დროს ალბათ გაუჯავრდებოდი შენს უერთგულესს, მაგრამ ეხლა არა, ორივე ხელით გადაუსვამ თავზე ხელს, ყურის ძირებს დაუსრისავ და გაგეცინება, ვის რაზე ეცინება ამ დროს ვერავინ ვერ ამიხსნის, მაგრამ რომ გაგეცინებათ ეგ ნამდვილად ვიცი, .. ცოტაც მოითმინე... სუ ცოტაც ; ეტყვი და წახვალ ძილის გასაგრძელებლათ, უკნიდან კი გრძნობ როგორ არის დაქაჩული შენი მურადას ყელზე მომბული თოკი, რომელიც რო გაწყდეს ალბათ სულ გაგიტანდა და თავზე გადაგახტებოდა სიხარულით. რათქმაუნდა ძილი ისევ არ მოვა საღამომდე, შენ კი ადგები და ღამით რახარუხს ატეხავ , ჩაძვრები შენს ნაკაწრებიან გაცრეცილ სანადირო ყუთში და ალაგებ იქეთ აქეთ ვაზნებს და ასე გრძელდება, მაგრამ ცოტაც მოითმინე , სულ ცოტაც....
იტყვის ეხლა მავანი ამ კრიმანჭულმა ცოტა ხო არ შებერა, ახალ ამბებში ეგ რა დასაწერი იყოო, მაგრამ ამასაც თავისი მიზეზი აქვს და მინდა ბაზიერელებს ავუხსნა, ჩვენ ამ ყველაფერს რაზეც ზემოთ ვწერდი ყოველთვის განვიცდით და ალბათ სააქაოდან რო წავალთ , საიქიოს გავაგრძელებთ იგივეს, რადგანაც აქა ვდგევარ და სხვაგვარად არ ძალმიძს...
გილოცავთ ყველას სეზონის მოახლოებას და გთხოვთ ამ გრძნობებს რაზეც მე ზემოთ ვწერდი ბრაკონიერულ ღორმუცელობაში ნუ გაცვლით.
ბრაკონიერი ამ ნაწერს ვერასოდეს გაიგებს.
ცოტაც მოითმინეთ, სულ ცოტაც.
წყარო: http://www.bazieri.ge
|