მთავარი » 2013»მარტი»10 » "ჩემი ბიჭუნას ცხედარი ძაღლმა დაიტირა, გამოეთხოვა და გადაიკარგა" :(
20:40:06
"ჩემი ბიჭუნას ცხედარი ძაღლმა დაიტირა, გამოეთხოვა და გადაიკარგა" :(
ცხოვრება მშვენიერია, როდესაც გარს ერთგული ადამიანები გახვევია და შენს სიხარულს იზიარებენ. ზოგჯერ ისეთივე ემოციას იწვევს ცხოველების ერთგულება... ძალიან მიყვარს ძაღლები, ამიტომ ჩემმა მეუღლემ ერთ დღეს როტვეილერის ორი თვის ლეკვი მომიყვანა, სახელად ბალუ დავარქვი. ისეთი უსუსური იყო, რომ ჩემს კალთაში ეძინა, ბავშვივით ვუვლიდი. ერთი წლის შემდეგ შვილი შეგვეძინა. ბალუს იმდენად უყვარდა ჩვენი პატარა, რომ მის საწოლს არ შორდებოდა, იქვე იძინებდა. ჩემ გარდა ბავშვთან ახლოს არავის უშვებდა, თვითონვე ეთამაშებოდა. ასე გავიდა ბედნიერების ორი წელი, მაგრამ ეს ყველაფერი ერთმა დღემ თავდაყირა დააყენა. ნოემბრის თვე იყო, გიორგობის აღსანიშნავად რაიონში ნათესავთან გავემგზავრეთ. იქ კარგად ვიმხიარულეთ. ვერც კი წარმოვიდგენდით, მეორე დღეს რა უბედურება გველოდებოდა. იქიდან რომ ვბრუნდებოდით, ავტოავარია შეგვემთხვა. მე უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადამიყვანეს, ჩვენი შვილი, ჩვენი ბიჭუნა კი ადგილზე გარდაიცვალა. გონზე რომ მოვედი, ბავშვი მოვიკითხე, მითხრეს, კარგად არისო. საერთოდ, ცუდი ამბის დაჯერება ადამიანებს ყოველთვის გვიჭირს და მეც დავიჯერე, რომ ყველაფერი კარგად იყო. ათი დღის შემდეგ შემთხვევით მოვისმინე საუბარი, ყურებს არ ვუჯერებდი, რომ შვილი ცოცხალი აღარ მყავდა. თითქოს რაღაც ჩამწყდა, გული ორად გაიყო, იმ წუთიდან ჩემმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა, სიცოცხლე აღარ მინდოდა, სიკვდილს ვნატრობდი. ჩემს შვილთან ყოფნა, მასთან წასვლა მინდოდა, მაგრამ ვერაფერს გავაკეთებდი, საწოლიდან ვერ ვდგებოდი, თავზემოთ ძალა არ მქონდა. ახალი წელი ახლოდვებოდა. ხალხი სიხარულით ელოდა ამ დღესასწულს. მე კი ვიწექი და ცრემლებად ვიღვრებოდი. ვტიროდი, რომ ჩემი შვილი ვერ შეიგრძნობდა იმ სიხარულს, რაც ახალი წლის დადგომას ახლავს თან. ასე ჯოჯოხეთურად გავიდა ოთხი თვე. სახლში რომ დავბრუნდი, ჩემი შვილის გარეშე ყველაფერი დაცარიელებული მომეჩვენა, ყველაფერი მის თავს მახსენებდა და მაშინ უფრო მწარედ შევიგრძენი ის საშინელება, რასაც შვილის დაკარგვა ჰქვია. რამდენიმე დღის შემდეგ ძაღლი მოვიკითხე და მაშინ მიამბეს, თუ როგორ განიცდიდა ჩვენი ბიჭის დაღუპვას და ჩემს იქ არყოფნას. თურმე სამი დღის განმავლობაში საჭმელს არ ჭამდა, არავის უყეფდა. არადა ადრე ეზოში არავის უშვებდა, მაგრამ ამ ტრაგედიის შემდეგ აღარავის ერჩოდა. თურმე ბავშვის გასვენების დღეს ოთახში შევიდა. ხალხი გაოცებით უყურებდა ძაღლს. ბავშვის ცხედარს მიუახლოვდა, ცრემლები ჩამოსდიოდა, ხელები და სახე გაულოკა, თითქოს დაიტირა, გამოეთხოვა და ოთახიდან გავიდა. მას შემდეგ ბალუ აღარავის უნახავს, გადაიკარგა. მარტო მესაფლავემ შეამჩნია, ორი დღის შემდეგ ბავშვის საფლავზე როგორ იდგა შავი ძაღლი და საფლავს დასცქეროდა. მას შემდეგ რვა წელი გავიდა. როდესაც საფლავზე მივდივარ, ჩამოვჯდები და ჩემი შვილის სურათს დავცქერი, ასე მგონია, იქვე ახლოს ჩემი ძაღლიც დგას და ჩემი ბიჭის საფლავს დაჰყურებს. ყოველთვის, როცა როტვეილერის ძაღლს დავინახავ, მასში ჩემს ბალუს ვხედავ და თითქოს მის სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ასე არ არის. შვილის დაკარგვის ტკივილს ვერანაირი დრო ვერ კურნავს, უბრალოდ, ადამიანები ამ ყველაფერს ვეგუებით და მეც შევეგუ ჩემი პატარას გარეშე ცხოვრებას. თუმცა რამდენი წელიც უნდა გავიდეს, ჩემი ბიჭი ჩემი სულის მარადიული ტკივილი იქნება. ანგელოზი იყო და ანგელოზად წავიდა... სული მტკივა და უსაშველოდ მენატრება ჩემი პატარა ლუკა.
ამ სტატისს ავტორს ველაპარაკე პირადად დამიკავშირდა ტელეფონზე და ძალიან მოხარულია რომ ასე გულთან ახლოს მივიტანეთ ეს ნამდვილი ამბავი და გავიზიარეთ... ის სრულიად შემთხევით წააწყდა სტატიას მისი თქმის სარკეში გამოაქვეყნა და ვერც კი წარმოიდგენდა რომ მასალა ინტერნეტში გავრცელდებოდა.. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა წყაროს საიდანაც ეს ინფორმაცია ავიღე.. www.ganwyoba.com
გულის მომკვლელი ამბავია!! მეც გადამხდა ესეთი ამბავი. დედა რომ გარდამეცვალა იმ პერიოდში მყავდა ლავერაკის ლეკვი,( დედაჩემის არჩეული იყო)გარდაცვალებიდან დასაფლავებამდე ლუკმა არ უჭამია! დასაფლავების დღეს სახლში დაბრუნებულზე გარდაცვლილი დამხვდა!!! ასეა, ეს ცხოველი უერთგულესი არსებაა... შევხედოთ როგორც ჩვენს ტოლს დამეტიც.
ცუდად გავხდი.ერთ ამბავს დავამატებ,ბავშვობაში გლდანში ხშირად დავდიოდი ბიძაჩემთან,მას ყავდა დობერმანი რომელსაც ვერავინ ვერეკარებოდა მისი ბიჭის გარდა,შემდეგ ბიძაჩემი დაიღუპა და წეროვანში დაასაფლავეს(საკმაოდ შორსაა დაჩებიდან)ეს ძაღლი წავიდა და საფლავზე გულძე დააწვა,საახლობლო გაოცებულები ვიყავით.მერე ერთი ღამის შემდეგ ძAღლი წამოიყვანა შვილმა და დააბა,მაგრამ არაფერს არჭამდა,მეორე დღეს აუშვა და ისევ სასაფლაოზე წავიდა და იქამდე იწვა სანამ მის გულზე არ გარდაიცვალა
ღმერთმა პაწუა ლუკა ანგელოზად მოიყვანა და ისევ ანგელოზად წაიყვანა თავის წმინდა სამეფოში. ხოლო რაც შეეხება ძაღლის ასეთ საქციელს, აქ რაიმე კომენტარის გაკეთება ძნელია. თუმცა ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვახსენებს თუ როგორი ერთგული და მგრძნობიარეა უმშვენირესი ოთხფეხა არსებები. უანგაროდ შეუძლიათ დიდი სიყვარული და თავგანწირვაც. სულის შემძვრელი ფაქტია და ვისურვებდი რომ არასოდეს მომესმინა მზგავსი ისტორია...
ესეთი ფაქტები რეალურად ხდება ჩვენს ცხოვრებაში.. ასე რომ ყველას ვთხოვ სათანადოდ დავაფასოთ ჩვენი ოთხფექა მეგობრები .... ცნობილი ფრაზაა "რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანებს მით უფრო მეტად ვაფასებ ჩემს ძაღლსო"
როდესაც ბიძაჩემი გარდაიცვალა პატარა ვიყავი მაგრამ თითქოს გუშინ მოხდაო ისე მახსოვს. როდესაც ცხედარი დაასვენეს და ხალხი ცხედარს დასტიროდა უეცრად ჩემმა "მეცხვარმ" აიწყვიტა, სახლში შემოვიდა, სურათს უყურებდა და თითქოს აწვიმსო ისე მოდიოდა ცრემლები თვალებიდან და ამის შემდეგ მე მჯერა რომ ძაღლს შეუძლია ძალიან დიდი სიყვარულით შეიყვაროს ადამიანი
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!