ქალაქ ტოლიატში გერმანული ნაგაზის საპატივცემულოდ დადგეს ძეგლი. ძეგლის დადგმა ძაღლის მიერ გამოჩენილ ერთგულებას უკავშირდება. მისი პატრონი სამხრეთის გზატკეცილზე მომხდარ ავარიაში დაიღუპა. ავარიის დროს ძაღლი მანქანაში იმყოფებოდა, თუმცა სიკვდილს გადაურჩა და მას შემდეგ მთელი ცხოვრება გზატკეცილის ტრაგიკულ მონაკვეთზე, პატრონის მოლოდინში გაატარა. 7 წლის განმავლობაში ძაღლი ამ ადგილს არ მოშორებია – დარში და ავდარში იჯდა და მანქანებს თვალს არ აშორებდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენჯერმე სცადეს ძაღლის საკუთარ სახლში წაყვანა, მაგრამ იგი ყოველ ჯერზე უკან უბრუნდებოდა სამხრეთის გზატკეცილს. ტოლიატის ყოველმა მკვიდრმა იცოდა მის შესახებ, საკვებით ამარაგებდნენ და პატარა ბუდრუგანაც აუშენეს. ძაღლის სიკვდილის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფმა ბრინჯაოს ძეგლი დაუდგა ძაღლს, რომელმაც ადამიანებს „სიყვარულისა და ერთგულების მაგალითი მისცა"!
წყარო: http://news.ge/ge/news/story/11705-dzaglis-memorialuri-dzegli
|