ძაღლი, სახელად ჩაკი ინტერნეტში ყველაზე პოპულარული ცხოველია. ვიდეო-პორტალ YouTube-ზე ჩანაწერი გავრცელდა, რომელზეც ჩანს, ჩაკი ავღანეთიდან დაბრუნებულ პატრონს როგორ ეგებება. პატრონისა და საყვარელი შინაური ცხოველის შეხვედრა იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ YouTube-ზე ვიდეოჩანაწერი უკვე 2 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.
ნანატრი შეხვედრა გერმანიის ქალაქ ბებლინგენში მოხდა, რომლის სიახლოვესაც აშშ-ის საზღვაო ქვეითი ჯარის შტაბ-ბინა მდებარეობს.
"მამიკო სახლშია", - მხოლოდ ამის თქმა მოასწრო ჯარისკაცის მეუღლე ქეითმა, როდესაც ჩაკი ავტომობილის საბარგულიდან ამოხტა და საკუთარ პატრონთან, ნიკთან შესახვედრად გაიქცა. ნიკსა და ჩაკს ერთმანეთი რვა თვე არ ენახათ. ვიდეოჩანაწერში ქეითი ხუმრობს, რომ ნიკის დაბრუნება მასზე მეტად ძაღლს გაუხარდა.