მრავალი წელია, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე უფლებებისთვის გერმანულ კომპანია "ადიდასს" ამერიკული "ნაიკი" ებრძვის. ეს ბუნებრივიცაა, ამერიკელებს ძლიერი პოზიციები აქვთ სპორტის სხვა სახეობებში. მაგრამ შეჯიბრებათა დიდი ნაწილი, სადაც "ნაიკი" ლიდერობს, აშშ-შია პოპულარული. გზა ევროპისკენ კი ფეხბურთზე გადის, მაგრამ ის "ადიდასის" საბრძანებელია.
"ადიდასის" დამაარსებელი ადოლფ დასლერი 1900 წლის 3 ნოემბერს დაიბადა გერმანიაში, ბავარიის მხარის ქალაქ ჰერცოგენაურახში, ღარიბ ოჯახში. მამა მცხობელი იყო, დედა კი სამრეცხაოში მუშაობდა. ოჯახს კიდევ უფრო გაუჭირდა, როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და ინფლაცია და უმუშევრობა მძვინვარებდა. ომის დამთავრებამ კი მძიმე ვითარება პირიქით, კიდევ უფრო დაამძიმა - ფრონტიდან დაბრუნებული ათასობით ჯარისკაცი სამუშაოს ეძებდა. სწორედ მაშინ დაიწყო დასლერის ოჯახმა ფეხსაცმლის კერვა. არა იმიტომ, რომ ამ საქმეს დიდი მომავალი ჰქონდა, არამედ არჩევანი არ იყო - ოჯახს როგორმე უნდა გაეტანა თავი. ქალები ტილოს თარგებს ჭრიდნენ, მამაკაცები (ადოლფი, იგივე ადი, მისი ძმა რუდოლფი - რუდი და მათი მამა) - ფეხსაცმლისას. საკმაოდ მალე დასლერების ოჯახმა პოპულარობის მოხვეჭა დაიწყო.
ადი დასლერის "საავტორო" ოთახის ჩუსტები კარგად იყიდებოდა, თუმცა ამაში ლომის წილი რუდოლფს ედო, რომელსაც კარგი გამყიდველისა და შესანიშნავი მარკეტოლოგის უნარი აღმოაჩნდა. ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ დასლერებმა გახსნეს კომპანია, სახელწოდებით "ძმები დასლერების ფეხსაცმლის ფაბრიკა", სადაც, ოჯახის წევრების ჩათვლით, ოცი ადამიანი მუშაობდა.
"ქაცვია ბიზნესმენი"
ბუნებით ძმები სრულიადაც არ ჰგავდნენ ერთმანეთს. ადოლფი თავმდაბალი და მორიდებული იყო, უყვარდა კლასიკური მუსიკა, ლიტერატურა, აგრეთვე ცოდნის გაღრმავება, ფეხბურთზე კი ჭკუა ეკეტებოდა. საკმაოდ ფიცხი და ფეთქებადი რუდი კი ჭარბ ტემპერამენტს საკრივე მსხალზე ბაგაბუგითა და მრავალრიცხოვან მეგობარ გოგონებთან სექსით იოკებდა.
1925 წელს მომხდარმა ამბავმა ძმები დასლერების მომავალი განსაზღვრა. ადიმ მსოფლიოში პირველი წვეტებიანი ბუცები შექმნა. ეს რევოლუციური პროდუქტი იყო. ბუცების შექმნაში მჭედელი ეხმარებოდა, რომელმაც "ქაცვები" გამოჭედა. მალე კომპანიის მთავარი ნაწარმი ბუცები და ტანმოვარჯიშის მაშიები გახდა. ფეხბურთელებმა მაშინვე "იგემეს" ახალი ბუცების უპირატესობა და დასლერების ფაბრიკამაც გაფართოება დაიწყო. ჯერ ერთი, უკვე შეუძლებელი იყო საკუთარ ეზოში მუშაობა, ამიტომ ახალი შენობა იჯარით აიღეს და თანამშრომელთა რიცხვიც 25-მდე გაზარდეს. ფაბრიკა დღეში უკვე 100 წყვილ ფეხსაცმელს უშვებდა.
ჭეშმარიტად ცნობილი ბრენდი Dassler-ი 1928 წელს გახდა, ამსტერდამის ოლიმპიადის შემდეგ, სადაც მრავალ სპორტსმენს დასლერების ფეხსაცმელი ეცვა. 1932 წელს გერმანელმა მორბენალმა ართურ იონატმა აშშ-ში ოლიმპიურ თამაშებში 100 მეტრზე სირბილში მესამე ადგილი დაიკავა. ოთხი წლის შემდეგ ცნობილმა ამერიკელმა მორბენალმა ჯესი ოუენმა "დასლერის" ფეხსაცმლის წყალობით ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა და ხუთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა ბერლინის ოლიმპიადაზე. ეს ფირმისთვის საკვანძო წარმატება იყო: ბერლინის ოლიმპიადამ ბრენდს მსოფლიოში გაუთქვა სახელი. იმ წელს დასლერებმა 400 ათასი მარკის ღირებულების ფეხსაცმელი გაყიდეს და მეორე ფაბრიკა გახსნეს მშობლიურ ქალაქში.
კაცობრიობას კი მეორე მსოფლიო ომი უახლოვდებოდა. ძმები დასლერები ნაცისტური პარტიის წევრები იყვნენ და საერთო ჯამში, იზიარებდნენ ჰიტლერის აზრს არიული სისხლის სიწმინდეზეც. ფრონტზე ორივე საკუთარი სურვილით წავიდა, მათი საწარმო კი გერმანელი ჯარისკაცებისთვის სამხედრო ფეხსაცმლის კერვაზე გადავიდა, მაგრამ ფაბრიკებს გამოუცდელი ადამიანები ხელმძღვანელობდნენ და ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ადი დასლერი ფრონტიდან დაბრუნდა, რათა საქმისთვის მიეხედა. გერმანია დამარცხდა და დასლერების ორივე ფაბრიკა ამერიკელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს. რამდენიმე წლის განმავლობაში "დასლერი" აშშ-ში საექსპორტოდ ციგურებს ამზადებდა, რასაკვირველია, მოგების გარეშე. დასლერების სახლიც ამერიკელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს.
გაყრა სამუდამოდ
ოკუპაციიდან ერთი წლის თავზე ამერიკელებმა ფაბრიკები დატოვეს, რუდი დასლერიც გათავისუფლდა ტყვეობიდან. ფაბრიკა ნელ-ნელა დაუბრუნდა ფეხსაცმლის წარმოებას. კომპანიას მუშებისთვის გადასახდელი თანხა არ გააჩნდა და შრომას საკვებით, შეშითა და სხვა საჭირო ნივთებით უნაზღაურებდა. თუმცა "დასლერს" ფერფლისგან აღდგენა არ ეწერა - ძმებს ერთად მუშაობა აღარ შეეძლოთ. ამბობენ, მათი უთანხმოების მიზეზი ის გახდა, რომ ადიმ არ გამოიყენა კარგი ურთიერთობა ამერიკელებთან, რათა ძმა ტყვეობიდან უფრო ადრე გამოეშვათ. ამასთან, დასლერების მამა გარდაიცვალა და, როგორც ჩანს, ძმებს მემკვიდრეობის გაყოფის გამოც მოუვიდათ უთანხმოება.
ფირმა გაიყო, თითოეულს მშობლიურ ქალაქში თითო ფაბრიკა ერგო. შეთანხმების მიხედვით, თავისი კომპანიის სახელწოდებაში ოჯახის გვარს არც ერთი მათგანი არ გამოიყენებდა. ასე გაჩნდა 1948 წელს ორი ახალი ფირმა, რომლებიც სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს. ეს მსოფლიოში სახელგანთქმული ფირმებია: Adidas-ი (ადი დასლერი) და Puma (რუდი დასლერი). ძმები სიცოცხლის ბოლომდე უმძრახად იყვნენ, კომპანიები კი ყველა ფრონტზე ებრძოდნენ ერთმანეთს. ისინი ასპონსორებდენ სხვადასხვა გუნდებს, რომლებიც ერთმანეთთან ერთ ქალაქში მეტოქეობდნენ. ერთი ფირმის თანამშრომლებს შვილები არ შეჰყავდათ იმ სკოლაში, სადაც მეორის თანამშრომელთა შვილები სწავლობდნენ და რასაკვირველია, ლუდსაც სხვადასხვას სვამდნენ. ურთიერთდაპირისპირება კომპანიებს შორის დღემდეა, თუმცა ცივილური ფორმით, რადგან დამფუძნებლები ცოცხალი აღარ არიან და ვნებებიც დამცხრალია. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ვთქვათ, "პუმის" თანამშრომელი როდისმე "ადიდასის" ფეხსაცმელს ჩაიცვამს... 1949 წლიდან "ადიდასმა" გადაუსწრო "პუმას" ადის გამოგონების წყალობით - მან შექმნა პირველი ბუცები გამოსაცვლელი "ქაცვებით". ამას მალვე მოჰყვა ბუცები სხვადასხვა ზედაპირებზე სათამაშოდ. 1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიადა "ადიდასის" გამარჯვებად იქცა - სპორტსმენთა უმრავლესობამ სწორედ ეს მარკა არჩია. ოლიმპიადის შემდეგ "ადიდასმა" ასორტიმენტის გაფართოება დაიწყო და ჩანთები და სპორტული ქურთუკები გამოუშვა.
გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა 1954 წელს მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა. "ადიდასისთვის" ეს ტრიუმფი იყო - ნაკრები მისი ბუცებით თამაშობდა. ამ ტურნირის შემდეგ მოისაზრა ადი დასლერმა, რეკლამისთვის ფეხბურთის მოედნის ირგვლივ შემოვლებულ კედელზე ადგილი ეყიდა - რეკლამას არა მარტო სტადიონზე მოსული მაყურებელი მიაქცევდა ყურადღებას, არამედ უამრავი ადამიანი ნახავდა ტელევიზიით(!) ორი წლის შემდეგ "ადიდასმა" მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტთან გააფორმა ხელშეკრულება და ოლიმპიური თამაშების მთავარი სპონსორი გახდა. 1960 წლის რომის, 1964 წლის ტოკიოს, 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადები ძალიან წარმატებული იყო. მისი ნაწარმით შემოსილი სპორტსმენები ბრწყინვალე წარმატებებს აღწევდნენ, მეხიკოში "ადიდასის" ფორმიანთა ნადავლმა 37 ოქროს, 35 ვერცხლის და 35 ბრინჯაოს მედალი შეადგინა.
გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმაც დიდწილად განაპირობა ფირმის წარმატება, როცა ევროპის ჩემპიონატი მოიგეს და მსოფლიო თასიც დაისაკუთრეს. "ადიდასი" საფეხბურთო სამყაროში სტანდარტად იქცა. ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ ფირმის დამფუძნებელი აღმერთებდა სპორტის ამ სახეობას.
ხელიდან ხელში
ადი დასლერი 1978 წელს გარდაიცვალა. ერთ ხანს კომპანიას მისი მეუღლე უძღვებოდა, შემდეგ კი მთელი ძალაუფლება მათ ვაჟზე, ჰორსტზე გადავიდა. მან ოლიმპიურ კომიტეტსა და ფიფასთან ურთიერთობები კიდევ უფრო გააუმჯობესა, თუმცა ბევრი რამ ვეღარ დაასრულა - ტრაგიკულად დაიღუპა 51 წლის ასაკში, 1989 წელს. კომპანიას მძიმე დღეები დაუდგა, ჰორსტის დებმა ხელმძღვანელობას თავი ვერ გაართვეს და აქციების 80% საფეხბურთო კლუბ "მარსელის" მფლობელ ბერნარ ტაპის მიჰყიდეს.
მაგრამ 1990 წელს "ადიდასის" ზარალმა $100 მილიონს მიაღწია. ახალგაზრდები "ნაიკსა" და "რიბოკს" ამჯობინებდნენ. "ადიდასის" ნაწარმი მხოლოდ გერმანიაში მზადდებოდა, რაც უფრო ძვირი ჯდებოდა, კონკურენტები კი პროდუქციას ტაილანდისა და ჩინეთის ქარხნებში კერავდნენ. საჭირო იყო მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორება. 1993 წელს ფრანგ ინვესტორთა ჯგუფმა რობერტ ლუი დრეიფუსის თავკაცობით, საკონტროლო პაკეტი შეიძინა და ცნობილი ფრაზაც წარმოთქვა: "შეუძლებელია ისეთი ცნობილი სავაჭრო მარკის დამარხვა, როგორიც "ადიდასია"! მას უბრალოდ გაღვიძება სჭირდება". დრეიფუსი 2009 წელს გარდაიცვალა, ხოლო მანამდე ფირმის ისტორიაში დიდი როლი ითამაშა.
კვლავ მწვერვალზე
დრეიფუსმა 90-იანების დასაწყისში "ნაიკიდან" "ადიდასში" ბევრი ნიჭიერი მენეჯერი და დიზაინერი გადაიბირა. წარმოება ნელ-ნელა გადავიდა იმ ქვეყნებში, სადაც მუშახელი ევროპაზე იაფი ჯდებოდა. ამან პროდუქცია ფასით კვლავ კონკურენტული გახადა. ფირმის ნაწარმი საცალო ვაჭრობის ქსელში თითქმის გაქრა და გაიხსნა კომპანიის საფირმო მაღაზიები.
1996 წელს "ადიდასი" ოლიმპიური თამაშების მთავარი სპონსორი გახდა, რამაც მისი გაყიდვა 50%-ით გაიზარდა. ბრენდის ძირითადი მომხმარებლები ევროპელები იყვნენ, ოლიმპიადის შემდეგ კი კომპანიის წილი აშშ-ის სპორტული ფეხსაცმლის ბაზარზეც გაიზარდა 12%-მდე. ახალგაზრდების მისაზიდად "ადიდასი" სპორტის ახალ სახეობებში "შეიჭრა" - ქუჩის კალათბურთში, სნოუბორდში, მრავალრიცხოვან ექსტრემალურ სახეობებში. მომდევნო წელს "ადიდასმა" ზამთრის სპორტის პროდუქციის მწარმოებელი ფრანგული "სალომონ სპორტსი" შეიძინა და მსოფლიოში მეორე გახდა გაყიდვის მოცულობით "ნაიკის" შემდეგ.
"ადიდასი" ასპონსორებდა ყველა მნიშვნელოვან საფეხბურთო ღონისძიებას, ევროპის ჩემპიონატის ჩათვლით. ბევრს ეცადა "ნაიკი" შეცილებას, მაგრამ ამაოდ. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე საბერძნეთის სენსაციურმა გამარჯვებამაც მისი გენერალური სპონსორის, "ადიდასის" ნაწარმს ამ ქვეყანაში დიდი პოპულარობა მოუტანა.
კომპანიამ წამოიწყო ლეგენდური სარეკლამო კომპანია, სლოგანით Impossible is nothing (შეუძლებელი არაფერია): "შეუძლებელი - ფაქტი არ არის. ეს გამოწვევაა... შეუძლებელი შესაძლებელია". ამგვარი მოწოდება ბევრს მოეწონა, კამპანიაშიც სპორტის ნამდვილი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ - მუჰამედ ალი, დევიდ ბექჰემი და სხვ. სარეკლამო რგოლები ბექჰემის მონაწილეობით საკულტოდ იქცა. "ადიდასის" ეს კამპანია ემოციური რეკლამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. 2005 წელს "ადიდასმა" "სალომონი" გაყიდა და ფირმა "რიბოკი" შეიძინა $3,8 მილიარდად.... დღეს "ადიდასი" სამოსისა და აქსესუარების ბაზარზე მსოფლიოში მესამე მწარმოებელია "კრისტიან დიორისა" და "ნაიკის" შემდეგ.
"ფორბსის" უმსხვილესი საჯარო კომპანიების (ანუ, რომელთა აქციებიც საფონდო ბირჟებზე ბრუნავს) ჯერჯერობით ბოლო რეიტინგი 2011 წლის აპრილში გამოქვეყნდა. იქ, დღეს უკვე სააქციო საზოგადოების, "ადიდას გრუპის" საბაზრო კაპიტალიზაცია $13,35 მილიარდად არის შეფასებული. მას შტაბ-ბინა გერმანიაში აქვს, დასაქმებული ჰყავს 42,5 ათასი ადამიანი და რეიტინგში 578-ე ადგილზეა.
"პუმას" დღეს ფრანსუა პინოს კომპანია PPR-ი ფლობს, რომელიც კიდევ არაერთი ბრენდის მესაკუთრეა, მათ შორის "გუჩის", "ივ სენ ლორანის", "როსის", "სტელა მაკარტნისა" და სხვ. კომპანიების მსოფლიო რეიტინგში PPღ-ი 336-ე ადგილზეა $19,08-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, ხოლო უმდიდრეს ადამიანთა უკვე 2012 წლის რეიტინგში, "ფორბსმა" ფრანსუა პინოსა და მის ოჯახს ქონება $13 მილიარდად შეუფასა და 59-ე ადგილი არგუნა.
მოამზადა ნატა ენუქიძემ